სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლის „გეგმა–2“: ფოთისა და ბათუმის აღება, „აჯანყება“ ჯავახეთში და თბილისის იზოლაცია (ვიდეო)

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი მონარქის დროს არსებობს ერთი მასხარა, რომელსაც ერთადერთს, აქვს მინიჭებული უფლება, ხუმრობით თქვას სიმართლე და ამაზე მხოლოდ იცინიან – მას არავინ სჯის, რადგან ნებისმიერ დროს, სიმართლეზე თვალების დასახუჭავად, შეიძლება დაყრდნობა იმ ფაქტზე, რომ ის, უბრალოდ, მასხარაა.

რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, კარგა ხანია, ამგვარი მასხარას როლს თამაშობს ალექსანდრე დუგინი, რომელიც ფუნდამენტური ნაშრომის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ ავტორი გახლავთ. ვისაც ჰქონია პატივი, ეს ნაშრომი წაეკითხა ან მისი თეზისებისთვის გადაევლო თვალი, მაშინვე მიხვდებოდა, რომ მთელი რუსული საგარეო პოლიტიკური ცხოვრება სწორედ დუგინის მიერ გამოწერილი რეცეპტის მიხედვითაა აგებული.

მთლიანად კონცეფციაზე დიდი ყურადღების გამახვილება არ ღირს, რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, აქ დუგინი ფრიად ორაზროვან პოზიციას ამჟღავნებს: ერთი მხრივ, საუბრობს საქართველოზე, როგორც რუსეთის მოკავშირე, „ძმური ურთიერთობების მქონე“ ქვეყანაზე და მეორე მხრივ, აყალიბებს კონცეფციას, თუ როგორ უნდა დაიშალოს ეს „ძმური“ ქვეყანა ცალკეულ ნაწილებად – გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ ეს გეგმა–კონცეფცია ჯერ კიდევ 1996 წელსაა შედგენილი, როცა საქართველოში არ იყო არც სააკაშვილი და ქვეყანას არც ნატოსკენ სწრაფვის სურვილი ჰქონდა გამოხატული.

დუგინისეული გეგმის პირველი ნაწილი 2008 წლის აგვისტოში შესრულდა, როცა მოვლენები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციითა და ამ ორი რეგიონის „აღიარებით“ დასრულდა. მაშინ დუგინმა კრემლის გეგმის მეორე ნაწილი გააჟღერა: საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის კონტროლი, „აჯანყება“ ჯავახეთში და თბილისის იზოლაცია.

მოუსმინეთ და გაიხსენეთ, რომ ოსეთში ომის დაწყების წინ კრემლის მთავარი იდეოლოგი ზუსტად პროგნოზირებდა იმას, რაც შემდეგ მოხდა, საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე თვეში კი უკვე გეგმის მეორე ნაწილის ამოქმედებას ითხოვდა, რომელიც მაშინ, გასაგები მიზეზების გამო, გადაიდო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100