სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯეონიუსის" ექსკლუზივი: იაკობ გოგებაშვილის ანდერძი

საქართველოს თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცულ დოკუმენტს, იაკობ გოგებაშვილის ანდერძს ქართველი ხალხისადმი, საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი" ექსკლუზიურად სთავაზობს მკითხველს. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ამისათვის მუზეუმის დირექტორს, ბატონ გიორგი კალანდიას, რომლის ყოველდღიური მუშაობისა და და რუდუნების შედეგად აღნიშნული მუზეუმი გაცოცხლდა და თანამედროვე სახე მიიღო. თქვენს წინაშეა იაკობ გოგებაშვილის ანდერძი მცირედი შემოკლებით.

"ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებდნენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

სიკვდილის წინ, 1912 წელს, იაკობ გოგებაშვილმა, ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.

იაკობ გოგებაშვილის ანდერძი

„მე, ქვემორე ხელის მომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, მყოფი საღ გონებასა და მეხსიერებაზე, ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ვაქვეყნებ ჩემს შემდეგ სურვილს. ყველაფერი უკლებლივ ჩემი ნაშრომები და წიგნები დაწერილი ქართულ და რუსულ ენებზე, ასევე მრავალი ნახატებიანი და გამოწერილი წიგნები, ლიტოგრაფიული ქვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რუკა, საზოგადოების განათლების სამსახურში მდგომი წიგნი „ბუნების კარი“, რომელიც მესხიევის ლიტოგრაფიაში ინახება, არსებული სახით, ყველა ჩემი სტატია ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული, დაუსრულებელი ხელნაწერები, გამოუცემელ წიგნებსა და სტატიებს, მთელს ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ თბილისში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ამავე საზოგადოებას ანდერძით ვუტოვებ მიწის ნაკვეთს 264 კვადრატული საჟენის ფართობის, რომელიც შევიძინე 1901 წელს ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარის, გერასიმე დიმიტრის ძე პოლიშინისა და ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ოსიპოვისგან. ამავე წელს, გაფორმებული აქტის შესაბამისად, რომელიც ქალაქ თბილისის მთავარ ნოტარიუსთან გაფორმდა ნომრით-208. ამასთან, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვუტოვებ შემდეგს ანდერძად: პირველი- ჩემი ყოველ წლიური შემოსავლებით, ხელმძღვანელობა ვალდებულია შეინახოს დაწყებით საგანმანათლებლო სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორის მახლობლად. მეორე-ვალდებულია გასცეს ყოველწლიურად ას ოცი რუბლის ოდენობით ერემია სიმონის ძე ინაურის ქვრივზე, ათი წლის განმავლობაში თავისი შვილის გიორგის აღსაზრდელად. მესამე-ჩემს სტიპენდიანტებს, ჩემს ძმიშვილი შალვა გოგებაშვილი, რომელიც კიევის კომერციული უნივერსიტეტის სტუდენტია, ასევე ჩემი ნათესავი კონსტანტინე კასრაძე ვერ მიიღებენ სრულ სტიპენდიას საზოგადოების გადაწყვეტილების გარეშე“.

სამოცდათორმეტი წლის იაკობ გოგებაშვილი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს 1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშვილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100