ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი წერილი
„ეს არის ჯონის სიტყვები“ – ჯონ მაკკეინის თანაშემწემ რიკ დევისმა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც CNN ავრცელებს.
"ჩემო თანამოქალაქეებო, ამერიკელებო, ვისაც მადლიერებით გემსახურებოდით სამოცი წლის მანძილზე, განსაკუთრებით ჩემო არიზონელო თანამოქალაქეებო:
მადლობას გიხდით პატივისთვის, მემსახურა თქვენთვის, ასევე იმ მრავლისმომცემი ცხოვრებისათვის, რაც მუნდირმა და საჯარო სამსახურმა მომცა. მე ვცდილობდი, ღირსეულად მემსახურა ჩვენი ქვეყნისათვის. მე შეცდომები დავუშვი, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული გადაწონის.
ხშირად შემიმჩნევია, რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე. ეს შეგრძნება მაქვს ახლაც კი, როდესაც ცხოვრების დასასრულისთვის ვემზადები. მე მიყვარდა ჩემი ცხოვრება, მისი ყველა ნაწილი. ჩემი გამოცდილებები, თავგადასავლები და მეგობრობა ათ სასიამოვნო სიცოცხლეს ეყოფოდა. ამისთვის მადლიერი ვარ. ყველა ადამიანის მსგავსად, მეც მაქვს სინანული, მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ დღესაც - კარგს თუ ცუდს - არ გავცვლიდი სხვისი ცხოვრების საუკეთესო დღეზე.
ამ ბედნიერებას ჩემი ოჯახის სიყვარულს უნდა ვუმადლოდე. არავის ჰყოლია უფრო მოსიყვარულე ცოლი და შვილები, რომლითაც იმაზე მეტად უამაყია, ვიდრე მე ვამაყობ მათით. ამისათვის ამერიკის მადლიერი ვარ. იყო დაკავშირებული ამერიკის საფუძვლებთან - თავისუფლებასთან, თანასწორ სამართლიანობასთან, ყველა ხალხის ღირსების პატივისცემასთან - ამას მოაქვს ცხოვრების წარმავალ სიტკბოებაზე უფრო ამაღლებული ბედნიერება. საკუთარ თავზე დიდი მიზნების სამსახური არათუ ამცირებს ჩვენს იდენტობებსა და ფასეულობის განცდას, არამედ აფართოებს მათ.
თანამოქალაქე ამერიკელები - ეს ასოციაცია ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე რომელიმე სხვა. მე ვიცხოვრე და მოვკვდი როგორც ამაყი ამერიკელი. ჩვენ სამყაროს ყველაზე შესანიშნავი რესპუბლიკის მოქალაქეები ვართ, არა სისხლის და მიწის, არამედ იდეალების სახელმწიფოსი. ჩვენ დალოცვილი ვართ და კაცობრიობა დალოცვილია ჩვენით, როდესაც ვიცავთ და განვავრცობთ ამ იდეალებს, სახლში თუ გარეთ. ჩვენ უფრო მეტ ხალხს დავეხმარეთ ტირანიისა და სიღატაკისგან თავის დახსნაში, ვიდრე ისტორიას ეს ოდესმე უნახავს. ამ პროცესში ჩვენ დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება მოვიპოვეთ.
ჩვენ ვაკნინებთ ჩვენს სიდიადეს, როდესაც ვერ ვასხვავებთ პატრიოტიზმსა და ტომურ დაპირისპირებებს, რამაც დედამიწის ყველა კუთხეში სიძულვილი, ძალადობა და ზიზღი დათესა. ჩვენ ვასუსტებთ მას, როდესაც კედლების დანგრევის ნაცვლად, მათ უკან ვიმალებით, როდესაც ეჭვი გვეპარება ჩვენს იდეალებში, იმის ნაცვლად, რომ მათ ვენდოთ და ვიყოთ ცვლილებების მამოძრავებელი, ის, რაც ყოველთვის ვიყავით.
ჩვენ ვართ 325 მილიონი თავდაჯერებული, მაღალი ხმის მქონე ინდივიდი. ჩვენ ვკამათობთ და ვეჯიბრებით, ხანდახან ვაძაგებთ კიდეც ერთმანეთს საჯარო დებატებში. მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ყოველთვის მეტი გვქონდა, ვიდრე უთანხმოება. თუ ეს გვემახსოვრება და ვივარაუდებთ, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ამ გამოწვევებით სავსე პერიოდს დავძლევთ. აქედან უფრო ძლიერები გამოვალთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ამას ყოველთვის ვახერხებთ.
ათი წლის წინ, მქონდა პატივი, მეღიარებინა დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში. მსურს, გამომშვიდობების ბოლოს, გამოვხატო გულითადი რწმენა ამერიკელების მიმართ, რწმენა, რომელსაც იმ საღამოს ასე ძლიერად ვგრძნობდი.
ეს გრძნობა კვლავ ძლიერია.
იმედს ნუ დაგაკარგვინებთ ამჟამინდელი სირთულეები. ყოველთვის გჯეროდეთ ამერიკის აღთქმისა და სიდიადის, რადგან არაფერია გარდაუვალი. ამერიკა არასოდეს ყრის ფარ-ხმალს. ჩვენ არასოდეს ვნებდებით. ჩვენ არასოდეს ვემალებით ისტორიას. ჩვენ ვქმნით ისტორიას.
გემშვიდობებით, თანამოქალაქე ამერიკელებო. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა."
კომენტარი