სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ჯარები, აფხაზეთში, ყოველდღიური მზადების რეჟიმში გადაიყვანეს

რუსმა სამხედრო მაღლჩინოსნებმა ცხინვალში და განსაკუთრებით აფხაზეთში ვიზიტებს მოუხშირეს. ცოტა ხნის წინ თუ სოხუმს საჰაერო–სადესანტო ჯარების სარდალი, გენერალი ვლადიმერ შამანოვი სტუმრობდა, 13 ივლისს სამუშაო ვიზიტით იქ უკვე რუსეთის ქვეითი ჯარის სარდალი, გენერალ–პოლკოვნიკი, ვლადიმერ ჩირკინი ჩავიდა, რომელიც ჯერ ადგილობრივ „თავდაცვის მინისტრ“ მერაბ ქიშმარიას, ხოლო შემდეგ უკვე „პრეზიდენტ“ ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდა.

კრემლის მარიონეტთა საინფორმაციო წყაროების ცნობით, მერაბ ქიშმარიასთან საუბრისას ჩირკინმა რუსების აფხაზეთში დისლოცირებული სამხადრო ბაზისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივად ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. ამასთან ისაუბრეს აფხაზეთში განთავსებული რუსების მე–7 ბაზის დაკომპლექტების პროცესზეც. ქიშმარიას ჩირკინთან აღუნიშნავს, რომ სამხედროებთან ურთიერთქმედების საკითხებში პრობლემა არ არსებობს და ყველა წამოჭრილი საკითხები სამუშაო წესით წყდება.

ქიშმარიასვე თქმით, მას ამაზე რუსეთის საჰაერო–სადესანტო ჯარების სარდალთან, გენრალ ვლადიმერ შამანოვთანაც უსაუბრია. თუ ეს ასეა, შესაძლოა, შამანოვი ქიშმარიას სამხედრო სტრატეგობამ ვერ დააკმაყოფილა და, გამორიცხული არ არის, ჩირკინიც სოხუმში სწორედ ამიტომაც გამოეგზავნათ.

მარიონეტული მასმედიის ინფორმაციით, რუსეთის ქვეითი ჯარის სარდალმა თავის მხვრივ აღნიშნა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული სამხედროების მთავარ ამოცანას წარმოადგენს უსაფრთოების უზრუნველყოფა და განსაკუთრებით, კარმომდგარი სოჭის ოლიმპიადის წინ სხვადასხვა სახის დივერსიებისა და პროვოკაციების თავიდან აცილება. ამიტომაც, მისივე თქმით, სამხედრო ბაზა ყოველდღიური მზადყოფნის რეჟიმში გადადის.

ქიშმარიასთან გაბაასების შემდეგ ჩირკინი მთავარ სოხუმელ მარიონეტს, ვლადიმერ ანქვაბს უკვე დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჩირკინმა აფხაზ და რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც „მინისტრთან“, ასევე „პრეზიდენტთან“ შეხვედრისას საუბარი შეეხო სამხედრო თანამშრონლობის საკითხებს.

„აქ იმყოფება ჩვენი მე–7 ბაზა, რომელიც აფხაზეთში მდგომარეობის კარგ მასტაბილიზირებელ ფაქტორს წარმოადგენს...“ ამის შემდეგ თურმე ჩირკინს აფხაზეთის მიმართ „სიყვარულის ბუშტი“ ბოლომდე გაუსკდა და უკვე მოძველებურრუსულად ამღერებულა – პირველად ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთიანობა და დღესაც იგივე აზრზე ვართ. პრეზიდენტთან ერთად მომავალს იმედის თვალით შევსცქერით, რადგანაც აქ დაგეგმილი სამხედრო სამუშაოების 70% უკვე ჩაბარებულია და გვაქვს საშუალება მომზადების ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდეთო. ამის თქმა რომ ჩირკინს არ გაუჭირდებოდა ნათელია, მაგრამ რაც შემდეგ თქვა, არც ესაა ნაკლებ მნიშვნელოვანი:

„გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. ჩვენ ვიქნებით ძლიერნი, ვერავინ გაგვიბედავს თავს დაგვესხას. რაოდენობრივად სტაბილიზირებულნი ვართ, საშტაბო სტრუქტურაც სრულიად შევსებულია... ბაზა ყოველდღიურ რეჟიმში იარსებებს: საბრძოლო მომზადებაზე იმუშავებს და ყოველთვის მზად ვიქნებით ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად“, – დაასკვნა ჩირკინმა.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ნათელია – რუსეთი საომრად ემზადება, ხოლო ვის წინააღმდეგ, არც ესაა ძნელი გამოსაცნობი.

შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ეს საქართველოა, რადგანაც სომხეთი რომ მისი მოკავშირეა, ცნობილია. არც ისაა დამალული, რომ მოსკოვს აზერბაიჯანთანაც არ სურს სიტუაციის გართულება, რადგანაც მათ ყოველ შემთხევაში ამ ეტაპზე მაინც გარკვეულწილად ნავთობიც აკავშირებთ და ამის გამო იგი ბაქოსთან ავანტიურაზე არ წავა.

გამოდის, რომ რუს მაღალჩინოსანთა სოხუმში და ასევე ცხინვალში ასე გახშირებული ვიზიტები საქართველოსთან საომრად მზადებითაა გამოწვეული.

მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რაც ჩირკინმა 16 ივლისს განაცხადა, რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებას არ დაუშვებენო, ამით საითკენაც მიჰყავთ რუსებს საქმე, ადვილი მისახვედრია.

ისე, მათივე განმარტებით, ცხინვალის რეგიონშიც ომი თურმე რუსებს არ დაუწყიათ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინც დაიწყო და თანაც არა 8 აგვისტოს კი არა მანამდე დაიწყეს, რადგანაც 5 აგვისტოს რუს სამხედროებს ბრძანება მიღებული ჰქონდათ, რასაც უკვე თავადაც არ მალავენ.

წყარო: http://presa.ge/new/?m=military&AID=17740

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100