ექთნის დღიურები თანამედროვე "ბრენდ" კლინიკებში არსებულ დარღვევებზე
რა დარღვევებია თანამედროვე "ბრენდ" კლინიკებში და რა ემუქრება ასეთ პირობებში "ნამკურნალევ" პაციენტებს
ამ ფაქტების პუბლიკაციის მიზანი სულაც არ არის სასამართლოების მოწყობა, ჰოსპიტალების დახურვა და პიროვნებების სამსახურებიდან გათავისუფლება. ეს მხოლოდ სიტუაციის გამოსწორების მცდელობაა. ვიდრე კლინიკებში მკაცრი კონტროლი და ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო სტანდარტები დაწესდება (შემუშავებულია ევროსტანდარტები და ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა) მიგვაჩნია, რომ პიროვნებაზე ორიენტირებულმა პროფესიამ, ზედამხედველების გარეშეც უნდა განიცადოს ფორმირება და ის აუცილებელი ნორმები მაინც უნდა იქნას დაცული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება, მით უმეტეს, რომ ყველაფერი შიდა სტანდარტებშიც ფორმალურად გაწერილია.
სიტუაციის უფრო ცხადად ასახვისთვის ექსკლუზიურად გთავაზობთ ამონარიდებს ექთნის დღიურებიდან.
ექთნის დღიურები
მე ვარ ერთი რიგითი საოპერაციო ექთანი. დღესდღეობით უმუშევარი. უმუშევარი, რადგან ყველა ჩემი ყოფილი სამსახურიდან განთავისუფლებული ვარ პირადი განცხადების საფუძველზე. რატომ? იმიტომ, რომ ძნელად ვეგუები უპასუხისმგებლობას... მე ვიცი ის, რაც არ იცით რიგითმა ადამიანებმა, ვისაც სამედიცინო სფეროსთან მხოლოდ პაციენტის სტატუსით გქონიათ შეხება.
განა რა ხდება ულტრათანამედროვე, გამჭვირვალე, კომპორტულ კლინიკებში? ხდება! ადამიანის გონების ფანტაზიას გასცდა ზოგიერთის ფულის შოვნის სურვილები და შესაძლებლობები. შეეჩვია მათი სინდისი მთვლემარე მდგომარეობაში ყოფნას, უზრუნველ და კმაყოფილ ცხოვრებას კლინიკებს გარეთ. ჩუმდებიან ერთმანეთის ცოდვებზეც.
ამის გამოა, რომ C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამ ვირუსით დაახლოებით, 200 000 ადამიანი, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. გვყავს გადაუმზადებელი "დენიკინის" დროში ჩარჩენილი სამედიცინო პერსონალი. საბჭოთა კავშირის დროის სამედიცინო ლიტერატურას რომ არ გასცდენია მათი განათლება და განვითარება, არც აინტერესებთ სიახლეები. ამიტომაა, რომ სპირტით ცივი "სტერილიზაცია" მსოფლიომ რომ უარყო, - აქ ისევ "მოდაშია".( სპირტი არ ასტერილებს! სპირტი არის დეზინფექციის საშუალება.)
ამიტომაა მშრალ ფორმალინში ინსტრუმენტების სტერილიზაციას ერთი საათი ჰყოფნის მხოლოდ საქართველოში! ( მშრალ ფორმალინში ინსტრუმენტების სტერილიზაციას 24 საათი ესაჭიროება!)
ამიტომაა, ცივი სტერილიზაციისთვის გამოსაყენებელ ხსნარებს, რომლებიც ყველა პაციენტისთვი ინდივიდუალურად უნდა მზადდებოდეს და განმეორებით აღარ უნდა გამოიყენებოდეს,საქართველოში 2-3 კვირის განმავლობაში იყენებენ, ვიდრე სხნარი ფერს არ შეიცვლის! და ეს პრობლემების მხოლოდ ნაწილია.
არ ვიცით?! არც გვინდა ვიცოდეთ! ესაა მთავარი.
და ამის შემდეგ გვიკვირს საიდან გვყავს ამდენი C და B ჰეპატიტით ან შიდსით დაავადებული ადამიანები? მხოლოდ სილამაზის სალონის "მანიკურშებს" და სტომატოლოგიურ კაბინეტებს ნუ შეაწმენდენ ხელს. შედით თანამედროვე კლინიკების საოპერაციო ბლოკებში და ნახეთ რა ხდება! რამდენ საოპერაციო ექთანს აქვს სერთიფიკატები და გადამზადება გავლილი. რა პირობებში სტერილდება საოპერაციო თეთრეული და ინსტრუმენტები. სად იყრება ოპერაციის შემდგომ ნარჩენები, სისხლიანი ტამპონები ( ჩვენ შემთხვევაში, ჩვენივე ქალაქის ქუჩებში მდგარ ღია ურნებში, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.)
ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლინიკის შესახებ მოგიყვებით. მეგობარმა ექთანმა მიმიყვანა იქ სამუშაოდ. გარედან ერთი შეხედვით თანამედროვე, კომფორტული და სუფთა კლინიკაა... შიგნითაც სისუფთავეა, ყოველ შემთხვევაში თვალში არ გეცემათ ნაგვის გროვები და ჩამოწუწული კედლები. ფორმა ჩავიცვი რომ დამეთვალიერებინა საოპერაციო ბლოკი და ზოგადად კლინიკა. ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა დავრჩებოდი თუ არა სამუშაოდ. მაჩვენეს სასტერილიზაციო დანდგარები და საოპერაციო ბლოკები. ერთ- ერთ საოპერაციოში შემიძღვნენ, სადაც აპენდიქტომია ( ჭიანაწლავის, ანუ ბრმანაწლავის დანამატის ამოკვეთის ოპერაცია) იწყებოდა. უფროსმა ექთანმა - მე დაგტოვებთ და მოიფიქრეთ დარჩებით თუ არა ჩვენთან სამუშაოდო და - წავიდა. დაქალს წავჩურჩულე: "არ მგონია აქ ვიმუშაო-მეთქი" საოპერაციოდან გამივედით და წინასაოპერაციოში განვაგრძეთ საუბარი.
- რატომ არ გინდა აქ მუშაობა? მკითხა მეგობარმა,- აი ნატაც აქაა, ჩვენი საერთო ნაცნობი მოგეხმარება.
- რატომ და ამ შპალერგაკრულ საოპერაციოში რა სტანდარტებზეა საუბარი?! ( სტანდარტებით მიუღებლია საოპერაციოში იყოს შეკიდული ჭერი და კედლებზე გაკრული შპალერი)
- ვიცი, მაგრამ სულ უმუშევრობას ხომ სჯობია, თუ არ მოგეწონება წახვალ.
უცებ საოპერაციოს კარი გაიღო, ქირურგმა გამოყო თავი და იკითხა- ჩემთან საოპერაციო ექთანი ვინ დგება?
- არ ვიცი-მეთქი, - ვუპასუხე
- თქვენ ვინ ხართ?
- მე აქ არ ვმუშაობ, მხოლოდ დასათვალიერებლად ვარ დღეს მოსული.
- და საოპერაციო ექთანი ხომ ხართ?
- კი ვარ მეთქი, - დავეთანხმე.
- ჰოდა, დაიბანეთ ხელი და შემოდითო.
გაოგნებული და დაბნეული დავრჩი. მეგობარმა წამჩურჩულა დაიბანე ხელი და შედიო. ვფიქრობდი - არ ვაპირებ აქ მუშაობას და ხელი რატომ დავიბანო- მეთქი. ისევ გამოყო თავი ქირურგმა,
- რას უდგახართ, შემოდით,- პაციენტს უკვე სძინავს.
- აქ არ ვმუშაობ -მეთქი,- გავუმეორე.
- არაუშავს! გაგაფორმებენ, დროზე შემოდით და კარი მოიხურა.
მეგობარს გადავულაპარაკე, მე რომ არ მოვსულიყავი, ვინ დადგებოდა ამ ოპერაციაზე- მეთქი?
- დღეს ექთანი გაექცათ და მეორე საოპერაციოში ნატა დგება, შენ მანდ შედი,- დამემშვიდობა და წავიდა.
ამ დროს, ნატამ გამომხედა საიპერაციოდან და შემომღიმა:
- მიდი,მიდი დაიბანე ხელი, ძალიან გამიხარდა შენ რომ მოხვედი ჩვენთან.
ასე დავიწყე მოღვაწეობა ამ ცნობილ კლინიკაში, ყოველგვარი საბუთების გაფორმების გარეშე. პირდაპირ ქუჩიდან მისულმა ექთანმა, სადაც ჩემი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ არაფერი იცოდნენ. მხოლოდ მეგობრის ზეპირი რეკომენდაცია მქონდა. საოპერაციოში გაარკვიეს ჩემი სახელიც.
ოპერაციამ ჩემთვის ცოტა დაძაბულად ჩაიარა, რადგან უცნობ ქირურგებთან ვიდექი და მათი ჩვევები და მოთხოვნები არ ვიცოდი. ქირურგებს, ზოგადად, აქვთ საყვარელი, ამოჩემებული ინსტრუმენტები. ზოგჯერ ინსტრუმენტს თავიანთ გამოგონილ სახელსაც ეძახიან.დროა საჭირო, რომ შეეჩვიო მათ უცნაურობებს.
ოპერაციის მსვლელობაში აღმოვაჩინე, რომ ორ საოპერაციოს ერთი დამხმარე მედდის ასისტენტი "სანიტარი" ემსახურებოდა და რეტდასხმული დარბოდა წინ და უკან. მე არ ვიცოდი ამ უცხო საოპერაციოში სად ინახებოდა ძაფები, დრენაჟები, ხსნარები, - ამიტომ ყოველ წუთს ვეძახდი დამხმარეს. არადა მეორე საოპერაციოშიც ოპერაცია მიმდინარეობდა და იქაც სჭირდებოდათ ის. კარი ყოველ ორ წუთში ერთხელ იღებოდა და შედიოდა და გადიოდა პერსონალი.(დაუშვებელია დერეფნისა და საოპერაციოს ჰაერი ერთმანეთში ირეოდეს.)
- ნუ ნერვიულობთ, მე მოგეხმარებით, ძაფებს მე გაგიხსნით,- მითხრა ანესთეზიოლოგის ექთანმა, რადგან შემატყო დაძაბული ვიყავი.
როგორ იქნა ჩავამთავრეთ ოპერაცია. ამოკვეთილი ორგანო, როგორც წესი, გამოსაკვლევად მიაქვთ. დამხმარემ "კოკა-კოლას" ნახევარლიტრიანი პლასტმასის გადაჭრილი ბოთლი მომირბენინა და მასალა ჩავაგდე. გაოგნებული მზერა გავაყოლე ამ უცნაურ "კონტეინერს". როგორც ჩანს, ამ ცნობილ კლინიკას სპეციალური კონტეინერებიც არ ჰქონდა.
დასრულდა ოპერაცია, - ცოტა მოვდუნდი ამდენი დაძაბულობის შემდეგ. ექთნების სამორიგეო ოთახში შევედი. იქ მხოლოდ ერთი სავარძელი და ერთი სკამი იდგა მაგიდის გვერდით, რომლებზეც, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი იჯდა. მივიხედ-მოვიხედე, მინდოდა დავმჯდარიყავი, უცებ რამდენიმესართულიანი წამლების თაროს ქვედა ნაწილში "შეჭეჭყილი" გოგო წამოდგა - დაბრძანდითო. დავბრძანდი, თუ ამას დაჯდომა ერქვა. წელში ვერ გასწორდებოდი, რადგან შემდეგი თაროს ტიხარი ამის საშუალებას არ იძლეოდა. სრული ქაოსი იყო ოთახში. ვის მასალები გაჰქონდა, ვინ ავადმყოფის ისტორიას წერდა, ვინ ნარკოტიკის სარეგისტრაციო ჟურნალს ეძებდა. ფურცელი შემაჩეჩეს ხელში, ოპერაციის დროს რაც დახარჯე, ძაფები, ხსნარები და დრენაჟები, აღრიცხეო. ყველაზე მეტი ნერვები დავხარჯე, მაგრამ ხარჯთაღრიცხვის ფურცელზე ეს არ იყო მითითებული.
- აბა რას იტყვით, დარჩებით ხომ? - მკითხა უფროსმა ექთანმა.
- არ ვიცი ჯერ...
ამ ქაოსში ძლივს ჩამოვწერე ხარჯი. მერე საოპერაციოში დავბრუნდი. მეორე საოპერაციოშიც დამთავრებული იყო ოპერაცია. ჩემი ნაცნობი ექთანი, ნატა გამოვიდა.
- დაიღალე?
მხრები ავიჩეჩე.
- ხვალ ხომ მოხვალ? მორიგე შენ იქნები.
- არა, არ ვაპირებ აქ მოსვლას, აქ ისეთი ქაოსია, - ასე ვერ ვიმუშვაებ - მეთქი.
- რას ამბობ დავლაგდებით, უბრალოდ, ახლა ექთნები გვაკლია. მერე ცვლა მოწესრიგდება და ხელფასებსაც კარგს შეგვპირდნენ.
- აქ რომ კარგი სიტუაცია ყოფილიყო, ექთნები არ წავიდოდნენ - ცივად ჩავილაპარაკე.
- რაღაც გაუგებრობა მომხდარა და სხვაგან გადავიდნენ , ამ საღამოს მოვა ერთი ექთანი და ის იმორიგევებს,- ხვალ შენ იქნები. ჩემი ხათრით ერთი კვირა მაინც სცადე, იქნებ მოგეწონოს არ დამაღალატო, ხვალ 14 ოპერაცია გვაქვს დაგეგმილი.
- სად? აქ? ორ საოპერაციოში? თვალები გამიფართოვდა გაოგნებულს.
- ხო, აქ ყოველდღე ათ ოპერაციაზე ნაკლები არა აქვთ.
- და დალაგებასა და გასტერილებას როგორ ასწრებთ?
- ვასწრებთ რა. მეც მესამე დღეა აქ ვმუშაობ.
- არა, ასეთ გიჟურ ტემპში წესიერად ვერაფერს გავაკეთებ. თან ეს შპალერგაკრული კედლები...
- ნუ, მაგას ვერ შევცვლით, სამაგიეროდ, ირეცხება მაინც - "დამამშვიდა", თუმცა თავადაც კარგად იცოდა, რამხელა დარღვევა იყო ასეთი შპალერი საოპერაციოში...
- ნატა, ასეთი რაღაც არ გამიგია, არა თუ მინახავს. შპალერი საოპერაციოში, პლუს ეს შეკიდული ჭერი და ვენტილაციის სისტემა, რომელიც საოპერაციო მაგიდის ზემოთაა დამონტაჟებული და პირდაპირ ჭრილობაში უბერავს პაციენტს (მოგვიანებით, გაზაფხულზე აღმოვაჩინე, რომ ამ ვენტილაციის სისტემას საოპერაციოში ჰაერთან ერთად მტვერი და ბაბუაწვერებიც შემოჰქონდა, რომელ გაფილტვრაზე იყო საუბარი და ლამინირებულ ჰაერზე? ან ამ ვენტილაციას ფილტრებს არ უცვლიდნენ, ან საერთოდ არ ჰქონდა)
კარგა ხნის ხვეწნის შემდეგ დავთანხმდი, საცდელად რამდენიმე დღე მაინც მევლო ოპერაციებზე. საღამოს მორიგე ექთანი,როგორც გამაცნეს - თაკოც მოვიდა, მორიგეობა გადაიბარა და მეც სახლში წამოვედი.
მეორე დილით ჩემი არაქართული პუნქტუალობით გამოვცხადდი კლინიკაში. ჯერ ნატაც არ იყო მოსული, სამაგიეროდ, მორიგე ექთანმა მომახსენა, მეორე სამსახურში მეჩქარება და საოპერაციოებს შენ გადმოგაბარებო. შევედით საოპერეციოში. ერთ კუთხეში რკინის დიდი მაგიდა იდგა და ზედ ეწყო თეთრეულის, ინსტრუმენტებისა და მასალის ბიქსები.
- აი, ამ ბიქსში ზეწრებია, ამაში ხალათები... - ხუთივე ბიქსის თავსაფარი რიგრიგობით გადახადა და ჩამახედა.- ამაში გასტერილებული მასალებია, დიდი ტამპონები,- ოთხ ბიქსს ისევ გადახადა თავსახური ნაწილობრივ და გააგრძელა,- ამ სამ ბიქსში კი ინსტრუმენტებია და...
- არ ახადოთ ერთი წუთით, - შევაჩერე მკვეთრი მოძრაობით, - რას აკეთებთ?...
- მორიგეობას გაბარებთ და ბიქსები ხომ უნდა ჩაგაბაროთ, სად რა აწყვია,- შემომხედა გაკვირვებულმა.
- დიდი ხანია რაც საოპერაციო ექთნად მუშაობთ?
- კი,- შემომღიმა. - აქამდე ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ვმუშაობდი, მერე გინეკოლოგიაში, მერე ...
- იქ ასე აბარებდით მორიგეობას?
- აბა როგორ უნდა გადმოგაბაროთ?
- აგიხსნით, სტერილობა პირდაპირ კავშირშია დროსთან. რაც უფრო დიდი ხნითაა გახსნილი ბიქსი , მით უფრო ირღვევა სტერილობა. ჰაერი შეიცავს მტვრის ნაწილაკებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, რომლებიც ბიქსში მოხვედრის შემდეგ იწყებენ გამრავლებას. თქვენ ახლა ყველა ბიქსი რომ ამიხადეთ, რამდენიმე საათში ეგ აღარ გამოდგება სამუშაოდ ხელმეორე გასტერილების გარეშე და სხვა დროს იცოდეთ, რომ მორიგეობის გადაბარება ასე არ ხდება.
მხრები აიჩეჩა და საოპერაციოდან ცხვირაბზუებული გავიდა. ვიდექი და ვფიქრობდი, რომელ კლინიკაში შეიძლება ამუშაონ ასეთი ელემენტარული შეცდომების შემდეგ ექთანი, ან როგორ იმუშავა იქ, რითაც ცოტა ხნის წინ მეტრაბახებოდა. ამასთან მუშაობა ბევრ სირთულეს მოგვიტანდა მეც და პაციენტებსაც, რადგან პაციენტების ჭრილობის დაჩირქება გარდაუვალი იქნებოდა.
როგორც იქნა, მოვიდა ჩემი ნაცნობი- საოპერაციოს უფროსი ექთანი ნატა. რა თქმა უნდა, მორიგეობის ახლებური გადმობარების შესახებ მოვახსენე.
- ექთნები გვიჭირს, ამიტომ ვერ გავუშვებთ მაგ გოგოს. მერე თუ კარგი კადრები გვეყოლება, შეიძლება გავათავისუფლოთ.
- და მანამდე თუ "დალპება" ავადმყოფები არაუშავს? - ვკითხე უკმეხად.
- უნდა ვასწავლოთ, სხვა გზა არ გვაქვს.
- რა უნდა ვასწავლოთ, ნატა, გოგოს თავი მოსწონს პრესტიჟულ კლინიკაში მუშაობდა, პარალელურად ახლაც მეორე სამსახური აქვს და როგორ გგონია, არ იუკადრისებს ჩვენი სწავლების მცდელობას?
- არა, პირდაპირ კი არ ვუთხრათ, უვიცი ხარო, ავუხსნათ რა და როგორ კეთდება.
- ვიდრე თაკოს რამეს ავუხსნით, მით უფრო, რომ სწავლის წყურვილს მე პირადად ვერ ვამჩნევ, დაჩირქდება ჭრილობები და მე ჩემს თავზე ვერ ავიღებ ამდენ პასუხისმგებლობას.
- გპირდები, რომ მალე გავუშვებთ.
იმ "მალემდე" რამდენიმე თვე გავიდა და იმ რამდენიმე თვეში დამაწყდა ნერვები ამ უპასუხისმგებლო ექთნისთვის ელემენტარულის ახსნით, ისეთით, როგორიცაა ზოგიერთი ინსტრუმენტის სახელწოდება, სტერილიზაციის წესები: რომ ბიქსის ფანჯრები ღია უნდა იყოს სტერილიზაციის დროს და დაიხუროს აპარატიდან ბიქსის გამოღებისთანავე და ა.შ და ა.შ
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა, უარესი წინ მელოდა. ისეთი რამ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი...
აღწერილი ფაქტების გადამოწმების რამდენიმე მცდელობა
როდესაც "ექთნის დღიურებს" გავეცანი, მასალა იმდენად წარმოუდგენელი მეჩვენა, თავად შევხვდი ავტორს და გავესუბრე. მის მიერ წარმოდგენილი ფოტოები ძალიან "შთამბეჭდავად" ასახავდა ერთ-ერთი "ბრენდი" კლინიკის შიდასამზარეულოს. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე რამდენიმე დეტალის გადამოწმება - დეტალის, რადგან ვიცოდი, ყველა დარღვევას გარედან შესულ ადამიანს, მითუმეტეს, ჟურნალისტს, არავინ უჩვენებდა.
მცდელობა პირველი:
როგორ ხარისხდება და სად იყრება ოპერაციის შემდგომი ნარჩენი? - ასეთი შეკითხვით მივმართე რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს, პასუხები, რა თქმა უნდა, იდენტური იყო, ანუ სტანდარტის შესაფერისი; - კლინიკებს უნდა ჰქონდეთ კრემატორიუმები, სადაც მოხდება საშიში მასალის განადგურება, სხვა შემთხვევაში კი მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ორგანიზაციებთან, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ სპეციალური კონტეინერებით ნარჩენის გატანას. აღმოჩნდა, რომ სამი კლინიკიდან ერთი, სწორედ წყაროს მიერ დასახელებული ჰოსპიტალიდან, ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ნაგავს ქუჩის ბუნკერში ათავსებს. საბედნიეროდ, ორი დაწესებულება მკაცრად იცავს სტანდარტს სხვადასხვა კლასის კონტეინერების გამოყენებით და ხდება მისი ყოველდღიური გატანა.
მცდელობა მეორე:
დავაზუსტე, რომ წყაროს მიერ დასახელებულ კლინიკაში დღემდე ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი კიდული ჭერითა და ჩვეულებრივი შპალერით, რომელიც ქიმიური ხსნარებით დამუშავებას ვერანაირად გაუძლებს.
მოქმედი სტანდარტით, შენობის შიდა მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს მის ფუნქციურ დანიშნულებას. სათავსის კედლების, ტიხრებისა და ჭერის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, ხელმისაწვდომი სველი დალაგებისა და დეზინფექციისთვის.
სათავსებში, რომლებიც საჭიროებენ სველი წესებით დეზინფექციას (საოპერაციო, შესახვევი, სამშობიარო, წინასაოპერაციო, სანარკოზო, საპროცედურო და სხვა) კედლები მთელ სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებითა და სხვა ნესტსაწინააღმდეგო მასალით.
სხვადასხვა კონსტრუქციის კიდული ჭერის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისეთსათავსებში, რომლებიც არ მოითხოვენ ეპიდემიასაწინააღმდეგო, სადეზინფექციო რეჟიმს, კიდული ჭერი შესაძლოა, აგრეთვე გაკეთდეს: ვესტიბულებში, დერეფნებში, ჰოლებში და სხვა დამხმარე სათავსებში, რომლებიც უშუალოდ არ ემიჯნებიან საოპერაციოს, სამშობიარო ბლოკს, შესახვევს, საპროცედუროს, პალატებს და სხვა ანალოგიურ სათავსებს. ამასთან კიდული ჭერის კონსტრუქციები და მასალები უნდა უზრუნველყოფდეს მათ მოხერხებულ გაწმენდას, დასუფთავებას და დეზინფექციას
მცდელობა მესამე:
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, სხვა დარღვევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი ფაქტი დადასტურდა: 0 სართულზე, რენტგენის კაბინეტის გვერდით, არის ოთახი წარწერით "ბარი" ( ამის გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენდა,რადგან ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე, ნებისმიერ პაციენტს შეეძლო ესარგებლა რენტგენით და "შემთხვევით" ენახა ეს ოთახიც) აქ მოთავსებულია მასალები (მოჭრილი ორგანოები), რომლებიც ყოველდღიურად უნდა იგზავნებოდეს მორფოლოგიურ შემოწმებაზე. მასალათა დიდი რაოდენობა კი მიუთითებს, რომ ის 5-6 დღის დაგროვილია. ძირს დაყრილი, უკვე გამოყენებული თეთრეული კი აღწერდა კიდევ ერთი სანიტარული ნორმის დარღვევას - სტანდარტის მიხედვით, ავადმყოფების გაჭუჭყიანებული თეთრეული უნდა შეგროვდეს განყოფილებაში სპეციალურ მჭიდრო ტარაში (მუშამბის ან პოლიეთილენის პარკები, სპეციალურად მოწყობილი თეთრეულის ურიკები) და გადაეცეს ცენტრალურ სათეთრეულეს.
განყოფილებაში, გაჭუჭყიანებული თეთრეულის დროებით შენახვა (არა უმეტეს 12 საათისა) შეიძლება სანიტარიულ ოთახებში ან სხვა სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ სათავსებში დახურულ ტარაში (ლითონის, პლასტმასის სკივრები, მჭიდრო ყუთები და სხვა მოცულობები, რომლებიც ექვემდებარება დეზინფექციას). ჭუჭყიანი თეთრეულის დახარისხება განყოფილებებში აკრძალულია.
p.s. ფაქტები სახეზეა და "სახის მიღმაც", დანარჩენი - სპეციალისტების საქმეა. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ კლინიკები, რომელთა დასახელებისგანაც ამჯერად თავი შევიკავეთ, პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ საკუთარ დაწესებულებებს ამოიცნობენ და პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში შეეცდებიან.
კომენტარი