სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოთახში კეტავდნენ, პანსიონატში გააუპატიურეს" - ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით, პანსიონში ცხოვრებისას გააუპატიურეს, თუმცა დამნაშავე არ დასჯილა.

როგორც პატარაია წერს, მსხვერპლი ახლა სრულწლოვანია თუმცა მას დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია და საზოგადოების დახმარება სჭირდება, რადგან ხელისუფლება მასზე არ ზრუნავს.

"ნინოწმინდის აღზრდილებს ხომ ვეხმარებით საფარში, ადრე მოგიყევით ამბები, ფულიც კი შევაგროვეთ მათი სწავლის და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად. ახლაც ერთ ბენეფიციარ გოგოზე მოგიყვებით, პირობითად დავარქვათ თეკლა, (ნამდვილ სახელს საჯაროდ ვერ დავწერ ამ შემთხვევაში). თეკლამ სხვა ბავშვების მსგავსად მძიმე პრიობებში იცხოვრა პანსიონატში, საკვების გარეშე ტოვებდნენ დასჯის მიზნით, კეტავდნენ ოთახში, რადგან გაქცევას ცდილობდა. ერთხელ ფანჯრიდანაც კი გადახტა და ფეხი იტკინა. ის პანსიონატში გააუპატიურეს, თუმცა არავინ დასჯილა.

დღეს თეკლა სრულწლოვანია და სახელმწიფომ ხელი დაიბანა მასზე. აქვს მძიმე პრობლემები, მათ შორის ჯანმრთელობის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, თორემ ბინის ქირის ფულს მოვუგროვებდით. თეკლას სჭირდება თავშესაფარში ცხოვრება, რათა გაიაროს სრული რეაბილიტაციის კურსი. ორი კვირის წინ მივმართეთ ოჯახში ძალადობის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს, რადგან უსტატუსოდ თავშესაფრები არ იღებენ ქალებს. გადავუგზვანოთ ინფორმაცია, რაც მოვაგროვეთ, მათ შორის, შსგან მიღებული ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, ქორწინების იძულების, ჯანმრთელობის დაზიანების და მუქარის მუხლებით. ფაქტია, რომ ეს შემთხვევა და ამ ადამიანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად ამისა თეკლას დღემდე არ აქვს არანაირი სტატუსი, შესაბამისად, ის ვერ გადაგვყავს სახელმწიფო თავშესაფარში. ხვალ უკვე ვადა ეწურება არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარშიც, სადაც გარკვეულ ვადაზე მეტ ხანს ვერავის დაიტოვებენ რეგულაციების გამო.

ამ სტატუსს ვწერ ჯანდაცვის სამინისტროს და "ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის" ყურადღების მისაქცევად. დააჩქარეთ სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანს ქუჩაში ვერ დავტოვებთ და სამწუხაროდ, მას ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პ.ს. აქვე ვწერ იმ ანგარიშის ნომერს, სადაც ვაგროვებთ ხოლმე თანხებს ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარების დასახმარებლად. აიპ „საფარის“ ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში: GE22TB7800636080100020

დანიშნულება: პანსიონატების ბენეფიციარებისათვის" - აღნიშნულია ბაია პატარაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100