სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოღალატე ლევან გაჩეჩილაძისა და გაბახებული ოქრუაშვილის ჩხუბი გრძელდება

„ჩამშვებად“ წოდებული ლევან გაჩეჩილაძე, ერთ დროს თავისი შეფის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს პასუხობს. „გრეჩიხას“ფეხი აქვს მოტეხილი და ამბობს, რომ საუბარი არ შეუძლია. თუმცა, სამეტყველო აპარატთან მუხლი რა შუაშია, რთულად მისახვედრია. შესაძლოა, უფროს „გრეჩიხას“ ფეხი მაშინ მოსტყდა, როდესაც „ჩასაშვებად“ გარბოდა. ამას თავად ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს პარიზიდან.

მას შემდეგ, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ვერ ჩაიბარა აღლუმი, ვერც საქართველოში შემოვიდა „ზილზე“ ამხედრებული და ვერც ონკანი გადაკეტა, მისდგა თანაპარტიელებს და მათ არაკაცობაზე ალაპარაკდა. ოქრუაშვილი „გრეჩიხას“ „ჩამშვებს“, „მოღალატეს“ და „გამყიდველს“ უწოდებს, თუმცა, თავადვე ხსნის უფროსი გაჩეჩილაძის ამგვარ ქმედებას „რას იზამ, როცა ამდენი მევალე დაგდევს, რთულია 5 მილიონ ლარზე უარი თქვა“.

ირაკლი ოქრუაშვილის არ აკონკრეტებს რა გეგმა, ჰქონდა საქართველოში ჩამოსასვლელად და საიდან აპირებდა ის ქვეყანაში შემოსვლას, ფაქტია, რომ მისი პოლიტიკური რეგენერაციის მორიგმა მცდელობამაც კრახი განიცადა.

თავის მხრივ, ლევან გაჩეჩილაძე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას იმუნიტეტი აქვს და მსგავს განცხადებებს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. მისი იმუნიტეტი კი კოკა გუნცაძეა, რომელიც „გრეჩიხას“ სათქმელს ბოლო ხმაზე ამბობს „გაბახებული, მშიშარა კაცია ოქრუაშვილი. აი ისეთი, ქვეშ რომ ისვრიან. ჩამოდი და თუ მაგარი კაცი ხარ აქ იბრძოლე“ – უთვლის ყოფილ შეფს გუნცაძე.

ეს უკანასკნელი კი, კარგა ხანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური კენგურუს როლს ასრულებს. ხან სად გადახტება ხან სად, მაგრამ ქერის ორმოში მაინც ვერ ჩავარდა. კოკა გუნცაძე ჯერ იყო და ნინო ბურჯანაძეს სასოწარკვეთილ დიასახლისს ეძახდა, ახლა კი ოქრუაშვილის ბუდიდან გაფრინდა და სამეტყველო აპარატიც უსასრულოდ გააღო.

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, ოქრუაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას შეუშალა თუ არა ხელი ლევან გაჩეჩილაძემ. ეს, სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც პოლიტიკოს „წიწიბურას“ ფეხი მოურჩება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „მაესტროს“ ეთერში ცრემლებამდე მისული საუბრობდა, კონკრეტული გეგმის შესახებ, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის აპირებდა ხელისუფლებისთვის მიეყენებინა დარტყმა, რომელიც დაასრულებდა არსებულ ხელისუფლებას. გეგმას კი, რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებდა, ხან მოსკოვში, ხან პარიზში და ხანაც შვეიცარიაში „ფულის ტომარა“ კოტე გოგელიასთან ერთად. მისივე თქმით, მის გუნდში იყო რამდენიმე მოღალატე და ერთი ყველაზე დიდი მოღალატე, სახელად ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გასცა მისი გეგმა.

ახლა ირაკლი ოქრუაშვილის მთავარ პარტნიორებს სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი წარმოადგენენ, თუმცა, თუ „ქართული პარტიის“ ლიდერი მათ პოლიტიკურ ბეგრაუნდსაც გადახედავს, ნაკლებად სავარაუდოა, მათში ერთგული პარტნიორები და სტაბილური დასაყრდენი აღმოაჩინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100