ლექსი, რომელშიც ყველა თავის საყვარელ მოხუცს ამოიცნობს
რა გჭირს, ბერიკაცო, ვინ არ გაციებულა,
განა შენნაირად კვნესის ვინმე?
ჩაწექი საწოლში, საბანს დაგახურავ,
ფეხზე ჩამოგაცვამ წინდებს...
რა გჭირს,ბერიკაცო,
რა გაწუწუნებს,
ხდებიან ავად სხვებიც...
შემოდი ოჯახში, მე დავკრეფ მოსავალს,
სახლს მოაგნებენ ცხვრები...
რა გჭირს, ბერიკაცო, დაწექი საწოლზე,
მუხლი გამართე ორი;
ნუ დარდობ, ზამთარი ჯერ კიდევ შორსაა,
მერე დავჩეხოთ მორი!..
რა გჭირს ბერიკაცო, შემოდგომაა,
ახალ წელს ჩამოვლენ, ალბათ,
ჩვენ ახლა საკუთარს მივხედოთ თავებს და
შევეშვათ ბავშვებთან კამათს...
რა გჭირს, ბერიკაცო, ბიჭობა გაიხსენე,
ადრეც გამხდარხარ ავად;
ბოტები გაიძრე, დაჯექი ბუხართან,
ეს ნოემბერი ზამთარს მოიყვანს,
მერე ზამთარიც გავა...
რა გჭირს, ბერიკაცო, ასე რამ მოგტეხა,
სიბერის ბრალია, ალბათ...
დაჯექი ბუხართან, ცოტა დაისვენე,
მე ძროხას მოვწველი ახლა.
ცხელ რძეს დაგისხამ, ყელზე გეამება,
სითბო ძვლებამდე მივა.
რა გჭირს, ბერიკაცო,
პატარა ხომ არ ვარ -
მე მოვაგროვებ თივას...
ნუ ხარ, ბერიკაცო, ასეთი უტეხი,
ცეხლს მიუშვირე მკლავი.
შვილებს რა ვუთხრა, ანდა მე უშენოდ -
როგორ ვირჩინო თავი?
რა გჭირს, ბერიკაცო, ვინ არ გაციებულა,
სიბერის ბრალია, ალბათ;
ბიჭობა გაიხსენე, ბერიკაცო,
მე ცხელ რძეს დაგისხამ, ახლა!..
კომენტარი