სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია m-tour -ს არ უნდა ვენდოთ?

„კლიენტი ყოველთვის მართალია“ - ეს ფრაზა ქართველი ბიზნესმენებისთვის რატომღაც ჯერ კიდევ გაუგებარ ცნებად რჩება. ალბათ სწორედ ეს გახლავთ ქართულ ბაზარზე უკმაყოფილო კლიენტების დიდი რაოდენობის არსებობის მიზეზი და სულ ტყუილად ვაბრალებთ, ყველაფერს იმ ფაქტს, რომ ქართველი ერი დაუნახავია.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია “m-tour”-სა და ერთ-ერთ კლიენტს შორის მომხდარი გაუგებრობა, რომელიც იმდენად სერიოზულ ფაზაში გადავიდა, რომ დაზარალებული კლიენტის ადვოკატები კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

ისტორია კი ასეთია: რამდენიმე დღის წინ, “m-tour”-ს ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში სასტუმროს დაჯავშნა სთხოვეს. კლიენტის მოთხოვნით, სასტუმრო აუცილებლად ცენტრში უნდა ყოფილიყო. კომპანიის თანამშრომელმა სასტუმრო შეარჩია და კლიენტს “სკაიპით” ლინკი გაუგზავნა.

კითხვაზე: ეს სასტუმრო ცენტრშია? კომპანიის თანამშრომელმა უპასუხა: კი, ცენტრშია. ამ პასუხის შემდეგ, კლიენტმა, კომპანიის წარმომადგენელს სასტუმრო დააჯავშნინა და თანხა სრულად გადაურიცხა.

თუმცა, მოგიანებით გაირკვა რომ სასტუმრო ქალაქგარეთ იყო, ხოლო როცა კლიენტმა ჯავშანის გაუქმება მოითხოვა, კომპანიის პასუხი ასეთი იყო: ამ სასტუმროს უწერია, რომ გაუქმების შემთხვევაში ჯარიმის ღირებულება 100 პროცენტია.

“m-tour”-მა კლიენტი ე.წ “cancel”-ის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა (რომ გაუქმების შემთხვევაში თანხას არ დაუბრუნებდნენ). ხოლო, როცა კომპანიის წარმომადგენლის გამოუცდელობის წყალობით (რაც გაირკვა კიდეც) კლიენტის ინტერესები დაზარალდა, “m-tour”-ის პოზიცია შემდეგნაირი აღმოჩნდა: ეს ჩვენი ბრალი არაა. განთავსებული ინფორმაცია რატომ არ წაიკითხეთ?

ეს მაშინ, როცა კომპანიის წარმომადგენელმა, კლიენტთან “სკაიპით” მიმოწერისას აღიარა თავისი შეცდომა და მას ბოდიშიც მოუხადა.

“ჩემი ბრალია… მე უნდა გადამემოწმებინა… დიდ ბოდიშს გიხდით… მადლობა რომ ამხელა გამოცდილება მომეცით… ამ ქალაქში აქამდე სასტუმრო არ დამიჯავშნავს… მე დაგიბრუნებთ თანხას… მე დავუშვი შეცდომა…”, - ესაა ამონარიდები კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილი წერილიდან (არსებობს სრული ტექსტიც).

დაზარალებული კლიენტის პოზიცია იყო, რომ გადახდილი თანხა სრულად ან მისი ნაწილი მაინც, არა ფიზიკურმა (ამ შემთხვევაში კომპანიის იმ წარმომადგენელმა, რომელმაც სასტუმრო შეცდომით დაჯავშნა), არამედ იურიდიულმა პირმა ანუ კომპანიამ უნდა დააბრუნოს (ვინც თანხა მიიღო - “m-tour”-მა).

თუმცა, “m-tour”-ის ხელმძღვანელობა, მისი თანამშრომლისგან განსხვავებით, შეცდომას არ აღიარებს და აცხადებს რომ ვინაიდან სასტუმრომ თანხა არ დააბრუნა, შესაბამისად, ვერც ის გადაურიცხავს კლიენტს.

“აქ საქმე თანხაზე არაა. მათი ცინიკური დამოკიდებულება და კლიენტებისადმი უსამართლო მოპყრობაა ხაზგასასმელი. სამწუხაროა, რომ ტურისტული კომპანიები კლიენტებს ასე უდიერად ექცევიან. საბოლოო ჯამში, ამით ისინი საკუთარ ბიზნესს აზარალებენ. როგორც ჩანს, ამ კომპანიაში ამდენს ჯერ ვერ ხვდებიან. ვიმედოვნებ, რომ მომავალში კლიენტებთან მოპყრობას ისწავლიან”, - აცხადებს დაზარალებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100