სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

დღეს, 31 ოქტომბერს, ბანკმა “რესპუბლიკამ” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში მიიწვია, სადაც მათ ხელოვნების ექსპერტმა, ქეთევან კინწურაშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა. მასტერკლასის თემა იყო ემიგრანტი მხატვრის – ვერა ფაღავას ცხოვრება და შემოქმედება.

ქალბატონმა ქეთევანმა სტუდენტებს გალერეის მოკლე ექსკურსი ჩაუტარა, რის შემდეგაც საგამოფენო დარბაზში, ვერა ფაღავას ნახატების გარემოცვაში მისი შემოქმედების უნიკალურობაზე დეტალურად ისაუბრა. მასტერკლასის ბოლოს ქეთევან კინწურაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ეროვნულ გალერეაში ვერა ფაღავას ნახატების გამოფენა სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გამოფენა ერთ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ “სინათლის მხატვრად” აღიარებული შემოქმედის ნამუშევრებით ქართველი საზოგადოება კიდევ ცოტა ხნით დატკბება.

თეიკო კანდელაკი, კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი: ”ბანკ “რესპუბლიკისთვის”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლე ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან და ზოგადად მომავალ თაობასთან ურთიერთობა და მათ ღირებულებათა სისტემის შექმნაში მონაწილეობა. მათთვის მასტერკლასის ჩასატარებლად ხელოვნებათმცოდნე – ქეთევან კინწურაშვილი მოვიწვიეთ. იგი მხატვარს პირადად იცნობდა და ადრეული პერიოდიდანვე ახლოს იყო მის შემოქმედებასთან. ბანკი “რესპუბლიკა” მომავალშიც მოაწყობს ღონისძიებებს სტუდენტებისათვის, რითაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას ჭეშმარიტი ხელოვნების დამფასებლებად.”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100