„დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის“ რექტორი სტუდენტთა რისხვისგან პატრულმა იხსნა
საქართველოში და კერძოდ, თბილისში რომ თითქმის ყველა სარდაფში უმაღლესი სასწავლებლის გახსნა ცოტა ხნის წინ შემოსული მოდაა, ყველას კარგად მოეხსენება. ანალოგიური სიტიაციაა რეგიონებშიც, მაგრამ განათლების სამინისტროს შესაბამისი განყოფილება ბოლო დროს აქტიურად მუშაობს იმ „უმაღლესი სასწავლებლების“ გამოსავლენად, რომლებიც სტუდენტებს ღებულობენ, მაგრამ მათთვის სათანადო ცოდნის მიცემას ვერ უზრუნველყოფენ, ამ ყველაფერთან ერთად კი სასწავლო წლის განმავლობაში გადასახდელი საფასურის ტარიფი საკმაოდ მაღალი აქვთ.
ერთ-ერთი ასეთი „თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ აღმოჩნდა: განათლების სამინისტრომ მას ლიცენზია შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სასწავლებელი არათუ სტუდენტთა ახალ ნაკადს ვერ მიიღებს, უკვე ჩარიცხულ სტუდენტებთანაც ვერ გააგრძელებს სასწავლო პროცესს.
როგორც განათლების სამინისტროს პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, სასწავლებლების შეფასება სამი კრიტერიუმით მოხდა: მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსი და საგანმანათლებლო რესურსი, „დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა“ კი ვერცერთი ვერ დააკმაყოფილა, რამაც მისთვის ლიცენზიის შეჩერება გამოიწვია.
სასწავლებლის რექტორატმა ხელახალი განცხადება შეიტანა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, სამინისტრის მიერ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილება შეცვლილიყო.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სასწავლებლის არცერთი სტუდენტი არ დარჩება უმაღლესი სასწავლებლის გარეშე: ამას გამოცხადებული მობილობა უზრუნველყოფს. ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავეები - სტუდენტები საკმაოდ აღაშფოთა სასწავლებლისთვის ლიცენზიის შეჩერებამ, რამაც სასწავლებელში მოვლენების დრამატულად განვითარება გამოიწვია.
რასაკვირველია, სტუდენტებიც კარგად ხედავდნენ, რა პირობებში უწევდათ სწავლა და რამდენად დაბალი იყო სწავლების დონე „უნივერსიტეტში“, ამიტომაც, მათი რისხვა არა განათლების სამინისტროსკენ, არამედ სასწავლებლის რექტორატისკენ იყო მიმართული. მართალია, სასწავლებლის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც სტუდენტებს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პირველად შეხვდა, ენერგიულად ცდილობდა მათ გადამისამართებას განათლების სამინისტროსკენ, მაგრამ სტუდენტებმა არ მოუსმინეს და რექტორატისკენ დაიძრნენ.
სტუდენტთა ნაწილი სხვა სასწავლებელში გადასვლის გარანტიებს, ნაწილი კი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. რექტორი სტუდენტებს არ შეხვედრია: მან სასწავლებლიდან გაპარვა გადაწყვიტა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა და საკუთარი კაბინეტის „მოსასვენებელ ოთახში“ შეიკეტა. როცა სტუდენტები კაბინეტთან მივიდნენ და რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით ხმაური ატეხეს, მდივანმა მათ კაბინეტის კარი გაუღო, რათა ეჩვენებინა, რომ რექტორი იქ არ იყო, მაგრამ რამდენიმე სტუდენტი, ვინც მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მოსასვენებელ ოთახთან მიიჭრა და დაჟინებით ითხოვდა იქედან რექტორის გამოსვლას.
როგორც ჩანს, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, სასწავლებლის რომელიღაც თანამშრომელმა საპატრულო პოლიციაში დარეკა. შემთხვევის ადგილზე ორი ეკიპაჟი მივიდა. მათ სტუდენტები კაბინეტის ტერიტორიიდან გაიყვანეს, მერე კი, სტუდენტთა ღრიანცელის თანხლებით, მოსასვენებელი ოთახიდან გამოყვანილი, ფერდაკარგული რექტორი, ფაქტობრივად, ალყაშემორტყმული გააცილეს...
კომენტარი