ჰილარი კლინტონმა, პრაქტიკულად, ნატოში საქართველოს გაწევრიანების თარიღი დაასახელა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს მიაჩნია, რომ მორიგ სამიტზე ნატოს გაფართოების საკითხი უნდა განიხილონ. მისი თქმით, ჩიკაგოს სამიტი ბოლოა, სადაც ახალი წევრების მიღების საკითხი არ განხილულა, - ამის შესახებ განცხადება კლინტონმა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე გააკეთა.
მან წევრობის მაძიებელ გამოკვეთილ ქვეყნებში საქართველოც მოიხსენია: "ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწარაფებას და ვიმუშავეებთ ყველა ქვეყანასთან ცალკე იმისათვის, რომ დავეხმაროთ რეფორმების გატარებაში, რომელიც შესაძლებელს ხდის ნატოს წევრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნას", - განაცხადა კლინტონმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფოების - საქართველო, მაკედიონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა - ნატოში გაწევრიანება მალე რეალობა გახდება, რადგანაც ნატოს ეს პარტნიორები "აქტიურ" ნაბიჯებს დგამენ.
მან გასაკუთრებულიად გაუსვა ხაზი საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს. "ჩვენ ვპირდებით მათ რომ დავეხმარებით, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია", - განაცხადა კლინტონმა. მისი თქმით, ნატოს საბოლოო მიზანი ალიანის გაძლიერებაა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყანათა შორის ჯარისკაცების რაოდენობით რიგით მეორე ქვეყანაა, რომელსაც ავღანეთის ISAF-ის სამხედრო მისიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ამისთვის მან ქვეყანას მადლობა გადაუხადა.
მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის ერთგულია ნატო-ს დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მივესალმებით საქართველოს დაპირებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, შემხვედრი ნაბიჯები გადადგას.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და შემდგომში საქართველოს საკითხზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას", - დასძინა ჰილარი კლინტონმა.
ამასთან, როგორც რადიო „თავისუფლება“ აღნიშნავს, ნატოს ჩიკაგოს სამიტმა საქართველოს დელეგაციას თვითდაჯერებულობა შემატა. ჩიკაგოში ნატოს სამიტის დეკლარაციაში ალიანსის წევრებმა გაიმეორეს ადრინდელი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, შეაქეს საქართველო წარმატებული რეფორმებისათვის, ხაზი გაუსვეს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას და საქართველოს უწოდეს „გაწევრიანების მაძიებელი ქვეყანა“, რომელსაც სხვა ასპირანტ სახელმწიფოებთან ერთად დიდი წვლილი შეაქვს ნატოს სარდლობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.
სამიტის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო ავღანეთის ირგვლივ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა დახურულ შეხვედრას; ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო ნატოს წევრი ქვეყნებისა და ე.წ. ნატოს ასპირანტების „შორტ-ლისტში“ შემავალი ოთხეულის - ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩერნოგორიის, მაკედონიისა და საქართველოს - საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაში. ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, რაც უწინარესად ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობით გამოიხატება.
ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდეს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე შეასრულოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმება შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ ომამდელ პოზიციებზე. რუსეთი ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საგარეო უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის დონეზე იყო წარმოდგენილი.
კომენტარი