სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი დიპლომატი ჯონ ბასის კრიტიკის გამო გაოცებულია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებათა უმრავლესობას ან გამორჩა, ან ეს შეხვედრა და იქ დასმული კითხვები, უბრალოდ, საინტერესოდ არ მიიჩნია.

არადა, შეხვედრაზე მიმდინარე დისკუსია ისეთ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, როგორიცაა 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები, აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებები და ზოგადად, „სახალხო პარტიის“ მოქმედება 25 მაისის ღამეს, რასაც მიტინგის დაშლა მოჰყვა. შეხვედრა თავად ედპ-ს მიერ იყო ორგანიზებული და მასში ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთისა და ”ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის” წევრები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების სახელწოდება იყო - ”საუბრები დემოკრატიაზე” და მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების: ”სოციალ-დემოკრატების”, ”რესპუბლიკელების”, ”ქრისტიან-დემოკრატების”, ”ახლების”, ”ნაცმოძრაობის” და ”ეროვნული ფორუმის” წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ შეკითხვებს აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი, ერიკ ჰოლმგრენი პასუხობდა, რომელმაც თავდაპირველად თავისი და აშშ-ის ელჩის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, ისე რომ ჯონ ბასის განცხადებებთან დაკავშირებული აჟიოტაჟის შესახებ გაკვირვების გამოხატვაც არ დავიწყებია:

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის მიერ 25-26 მაისს გაკეთებული განცხადებები თანმიმდევრული და ლოგიკური იყო“, - თქვა ჰოლმგრენმა და დაამატა, რომ ძალიან გაოცებული დარჩა, როცა ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ქართული მედიის „ნაირ-ნაირი ინტერპრეტაციები“ მოისმინა. იგი არანაკლებ გაუოცებია იმ ინფორმაციასაც, „რაც ქართულ პრესაში ბატონი ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით იწერება“. მან კიდევ ერთხელ გამოხატა, რომ აშშ მმართველ პარტიას ბრმად არ უჭერს მხარს: „ქვეყანა, რომელსაც წარმოვადგენ, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს უჭერდა და დაუჭერს მხარს“, - თქვა დიპლომატმა.

სტუდენტებმა ამერიკელ დიპლომატს მწვავე შეკითხვებიც დაუსვეს. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით იყო, რომ, კითხვის ავტორის აზრით, ჯონ ბასის განცხადებები, რომლებიც მან მიტინგის დაშლამდე და დაშლის შემდეგ გააკეთა, „ორმაგ სტანდარტებს“ შეიცავდა. სტუდენტმა განაცხადა, რომ 25 მაისს, 21 საათზე ბასის მიერ გაკეთებული განცხადება, ფაქტობრივად, დასტური იყო დარბევაზე, 26 მაისს კი მან უკვე ძალის გადამეტებაზე ისაუბრა.

კითხვაზე პასუხის გაცემის წინ ჰოლმგრენმა სტუდენტებს მოუწოდა, ელჩის განცხადებებს საელჩოს ვებ-გვერდზე, დედანში გაეცნონ, შემდეგ კი დაამატა:

„წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, 5 ათასი ადამიანი რომ გამწკრივებულიყო წინასწარ დაგეგმილ, ტრადიციულ ადგილზე და ობამასთვის ეთქვათ, რომ ინაუგურაციას არ ჩაატარებინებდნენ. რა თქმა უნდა, მათ აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილს შესთავაზებდნენ, მისცემდნენ დროს გადასასვლელად, მაგრამ თუ ამაზე უარს მიიღებდნენ, მაშინ აქციას ძალის გამოყენებით დაშლიდნენ...

სწორედ ეს თქვა ელჩმა - ხელისუფლებას მოვუწოდებ ამ ხალხს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილი შესთავაზოსო. ასეც მოხდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ვინც პროტესტს გამოხატავდა, სხვაგან გადასვლაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა აქციის დაშლის ლეგიტიმური უფლება, მაგრამ ეს ზედმეტი ძალის გამოყენებით მოხდა და ელჩი მეორე დღეს სწორედ ამაზე საუბრობდა: იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც ძალას გადაამეტა, ასევე ღია და გამჭირვალე გამოძიების შესახებ. ეს იყო თანმიმდევრული, ლოგიკური განცხადებები, რომლებიც ერთმანეთს სრულიად შეეხამება”, - განაცხადა ჰოლმგრენმა.

დიპლომატმა თავის განვლილ გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოში უკრაინიდან 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ გადმოიყვანეს. ჰოლმგრენმა ხაზი გასუვა, რომ იქიდან მოყოლებული დღემდე, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ის გზა, რომლითაც აშშ ამ ქვეყანაშია ჩართული.

იგი საქართველოში უკრაინიდან 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს გადმოიყვანეს. მისი თქმით, იქიდან მოყოლებული დღემდე, ამერიკის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ის გზა, რომლითაც აშშ ამ ქვეყანაშია ჩართული.

”ჩვენ ძალიან დაძაბულად ვმუშაობთ და ვცდილობთ პროცესში მაქსიმალურად ბევრი პარტია მოვიზიდოთ და ჩავრთოთ. ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა პრესაში ჩვენი საელჩოს საქმიანობაზე ნაირნაირ ინფორმაციას ვკითხულობ, რადგან სინამდვილეში გვინდა, მაქსიმალურად დავარწმუნოთ პარტიები, რომ მათ გამარჯვება არა ქუჩით და რევოლუციით, არამედ არჩევნებით უნდა მოიპოვონ“, - განაცხადა ჰოლმგრენმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100