შალვა რამიშვილი "მაესტროს" ეთერში თავს იმართლებს
"მაესტროში" ცოტა ხნის წინ დასრულდა გადაცემა, სადაც შალვა რამიშვილმა თავი იმართლება იმასთან დაკავშირებით, რომ itv-ს ჟურნალისტმა ის "ქართული პარტიის" ოფისში დააფიქსირა. რამიშვილმა ჟურნალისტს იუმორის გრძნობა დაუწუნა და განაცხადა: "ვიხუმრე, როცა ვთქვი, რომ ეროსი კიწმარიშვილისგან დირექტივების მისაღებად მივდიოდი. ჟურნალისტმა ეს ხუმრობა ვერ გაიგო და ეს მისი პრობლემაა. მას არც უკითხავს, ვიყავი თუ არა კამერებით მისული, თუმცა, კამერებით ნამდვილად არ ვყოფილვარ – პლეხანოვზე ვიყავი და გავიარე", – აღნიშნა რამიშვილმა.
მისი თქმით, "ქართული პარტიის" ოფისში სოზარ სუბართან შესახვედრად მივიდა, რათა დაგეგმილ გადაცემაში მისი სტუმრობის დეტალები განეხილა. წამყვანის, ჟურნალისტ თეა სიჭინავას კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა ამისთვის მობილური ტელეფონი ან კავშირის სხვა საშუალება, რამიშვილმა თქვა, რომ როცა პირადად შეხვედრის საშუალება ეძლევა, მობილურს არ იყენებს.
შალვა რამიშვილმა ამავე გადაცემაში "დრონი.ჯი"–ც ახსენა და განაცხადა, რომ სასაცილო იყო, როცა ამ საიტმა მის ვიზიტს "ქართული პარტიის" ოფისში "სასწრაფო ცნობების" განყოფილებაში დაუთმო ადგილი.
შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილი "აი–ტვ"–ს ჟურნალისტმა "ქართული პარტიის" ოფისში გადაიღო. კითხვაზე, თუ რას აკეთებდა "ქართული პარტიის" ოფისში, რამიშვილმა უპასუხა, რომ ეროსი კიწმარიშვილისგან დირექტივები უნდა მიეღო.
კომენტარი