საით მიდის გაერო?
უშიშროების საბჭოს რეფორმირებაზე ერთიანი მოსაზრება ჯერ კიდევ არ არსებობს
64-წლიანი ისტორიის მანძილზე გაერო ძალიან მსხვილ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მაგრამ ის საკითხი, თუ როგორ შეიცვლება ის მრავალპოლარული სამყაროს წარმოქმნის კვალდაკვალ – ისევ ღიად რჩება.
ერთნი გაეროს – უაზრო სალაყბო ადგილად მიიჩნევენ, მეორენი – პირველ ნაბიჯად მსოფლიო მთავრობის შექმნის გზაზე. ეს მიდგომები უფრო პერსონალურ შეხედულებებზე მოწმობს და არა თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე. შევეიცარია დიდი ქვეყანაა, თუკი მას პარლამენტის შენობის ტერასიდან შევხედავთ. ეს თვითკმარი სახელმწიფოა და დამოუკიდებლად ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდება. მაგრამ გლობუსზე შვეიცარია უფრო კონფეტის გავს. საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია. არ იქნებოდა ავტომატური სატელეფონო ქსელი, საფოსტო კავშირი, რომელიც მთელს მსოფლიოს ფარავს, არ იქნებოდა ამინდის პროგნოზი და შეუძლებელი გახდებოდა ეპიდემიების შეკავება.
შარლ დეგოლმა ქედმაღლურად უწოდა გაეროს le machin – „რაღაც“. უმცროსმა ჯორჯ ბუშმა მას შემდეგ, რაც ერაყის წინააღმდეგ სამხედრი ოპერაციის ჩატარებაზე უშიშროების საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო , გაერო დაახასიათა როგორც „irrelevant“ („უსარგებლო“). მასობრივი ინფორმაციის საშუალეები ხან ამ ორგანიზაციის სისუსტეებს აკრიტიკებენ, ხან მის უზარმაზარ ბიუროკრატიას. თუმცა, ამავდროულად ისინი ვერ ამჩნევენ იმას რომ გაერო – ზენაციონალური ორგანიზაცია არ არის, არამედ კლუბია, სადაც 192 დამოუკიდებელი (ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე) სახელმწიფოა გაერთიანებული.
თანასწორობა
გაეროს წესდების თანახმად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ხუთი ზესახელმწიფოს გარდა (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი), ყველას თანაბარი უფლებები გააჩნია. ამ ხუთ ქვეყანას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს. გაეროს რეფორმირებაზე საუბარი უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც მიმდინარეობს.
64 წლიანი ისტორიის განმავლობაში გაერო გიგანტურ ხომალდად გადაიქცა, რომლის მართვაც გართულდა. აქ მუდმივი თანამშრომლის სახით 44 000 ადამიანი მუშაობს, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც ორგანიზაციის სპეციალიზირებულ დაწესებულებებშია დასაქმებული. გაეროს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციებში ამჟამად 114 ქვეყნიდან 120 000 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. ამ ოპერაციების საერთო ღირებულება წელს თითქმის 8 მილიარდი დოლარია. ციფრი უზარმაზარია, მაგრამ ის ყველა ქვეყნის სამხედრო ხარჯების მოცულობის მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს.
ბრძოლის ველი
გაეროს პირველმა გენერალურმა მდივანმა ტრიუგვე ლიმ საკუთარ თანამდებობას „მსოფლიოში ყველაზე შეუძლებელი სამუშაო“ უწოდა. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის გამო გაერო დიპლომატიური ბრძოლის ველად გადაიქცა. დღეს სიტუაცია თითქოს უფრო მშვიდობიანია. უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ვეტოს უფლებას ძალიან იშვიათად იყენებს. ისინი კომპრომისის მიღწევამდე, მოლაპარაკებების გაგრძელებას ამჯობინებენ.
ფაქტობრივად სასწაულია ის, თუ რა სწრაფად მიაღწია მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე პასუხისმგებელმა ამ ორგანომ ლიბიასა და კოტ-დიუვარში სამხედრო ძალის გამოყენებაზე ერთიანობას. მაგრამ სისტემის მეორე მხარე იმაში მდგომარეობს, რომ თავად ვეტოს უფლებით აღჭურვილი სახელმწიფოები, ხელშეუხებლები არიან.
თუმცა, ხუთი წევრისგან შემდგარი დირექტორთა საბჭო დაშლას იწყებს. დასავლური სახელმწიფოების ჰეგემონიას გამოწვევას უგზავნიან „აღმავალი სახელმწიფოები“. ახლახანს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკამ (BRICS) ნებაყფლობითი კავშირი ჩამოაყალიბეს. ისინი დასავლეთს იმაში ადანაშაულებენ, რომ ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაციების ჩატარების საბაბით ის „ქვემეხიანი ნავების დიპლომატიას“ მიმართავს.
ნელ-ნელა მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი ადრე შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს შორის არსებულ პოლარიზაციას ენაცვლება. მაგრამ ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია ის, თუ როდის აისახება ეს ახალი რეალიები უშიშროების საბჭოს შემადგენლობაზე.
არ არის გამორიცხული, რომ გერმანია, იაპონია, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა მუდმივი წევრების სტატუსს მიიღებენ. მაგრამ იტალია, არგენტინა, პაკისტანი და ნიგერიაც რიგში დგანან. არსებობს კიდევ ერთი კითხვა: უნდა სარგებლობდნენ თუ არა უშიშროების საბჭოს ახალი წევრები ვეტოს უფლებით? ეს აუცილებლად გამოიწვევს გაეროს უმაღლესი ორგანოს მუშაობის პარალიზებას. იქნებ ვეტოს უფლება საერთოდ გასაუქმებელია?
ვეტოს უფლება
ამ საკითხზე დღეს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს შორის ერთიანობა არ არსებობს. ისინი არასდროს დათანხმდებიან იმას, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ, როდესაც საუბარი ომსა და მშვიდობაზეა. არსებობს ტენდენცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელია მუდმივი წევრების კატეგორიის შექმნა ვეტოს უფლების გარეშე. თუმცა ამას ინდოეთი და ბრაზილია არ ეთანხმებიან.
გაეროს ყველაზე დიდი მიღწევა, შესაძლოა ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე მის მიერ შექმნილი მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციებია, მათ 1948 წლის „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“. ეს არის ერთგვარი ბიბლია, 30 მოკლე მცნება ერთობლივი ცხოვრების წესების შესახებ. მას შემდეგ ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი დიდ ბიბლიოთეკად გადაიქცა. შვეიცარია ყოველთვის იყო ამ შეთანხმებების პიონერი, რომლებშიც სხვა უფლებებთან ერთად, გარანტირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებებიც.
foreignpress.ge
კომენტარი