სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოეთხოვებათ თუ არა თანაბრად ქალსა და კაცს უბიწობა ქორწინებამდე?

16 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში „თვალსაზრისი: ქალიშვილობის ინსტიტუტი - ერის ღირსების ნიშანი“, საუბარი იყო ქალწულობის დაცვის პრიორიტეტებზე და ამ ფასეულობათა შემნარჩუნებელი ქვეყნების შეურყეველ ავტორიტეტზე. ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, ქალებთან მიმართებაში საზოგადოების აზრი მეტნაკლებად ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როგორ უნდა გავერკვეთ მამაკაცების საკითხში – რამდენად მართებთ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უბიწობის შენარჩუნება ქორწინებამდე?

თუ საკითხით ყველაზე მეტად დაინტერესებულ პირებს – მანდილოსნებს დავეკითხებით, პასუხი ამბივალენტური იქნება – ფსიქოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ქალები სრულიად არაერთგვაროვნად რეაგირებენ მამაკაცთა ღირსებებზე – თუ ერთ ნაწილს ათლეტური მამაკაცები მოსწონს, სხვები ვერ ჰგუობენ ბატიბუტივით დაყრილ კუნთებს; თუ ერთნი დარვინისეული განსაზღვრების მიხედვით დადგენილ ადამიანთა ახლო წინაპართა თმიან საფარს სცემენ პატივს, სხვანი საერთოდ ვერ ჰგუობენ ბანჯგვლიან მამრს; ხოლო რაც შეეხება ყველაზე ინტიმურ სფეროს, თურმე იქაც კი დიდი სხვადასხვაობაა – ერთნი რომ მამაკაცისაგან ველური სექსუალური უხეშობით იხიბლებიან, სხვანი თვით სრულყოფილად ერეგირებულის წინაშე ოდნავ მორბილებულ ასოს აძლევენ უპირატესობას! ქალია და გუნება!

ცხადია, მამაკაცის უბიწობის მიმართებითაც სწორედ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს, ოღონდ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ქალი, როგორი დამთმობიც უნდა იყოს მამაკაცის თავისუფალი ნების მიმართ, ერთი წუთით მაინც არ შეცბუნდეს სხვა ქალების წარმოდგენისას, რომლებიც შეიძლებოდა მის მეუღლეს ჰყოლოდა მასთან შეუღლებამდე და გულში არ ჰკენწლავდეს ეს გრძნობა!

ჩვენ ვერანაირ კორექტივს ვერ შევიტანთ მათ მსჯელობაში, მხოლოდ შეგვიძლია, შევთავაზოთ მათ ერთ–ერთ ძველბერძნულ კანონიკურ რომანში – „დაფნისსა და ქლოაში“ აღწერილი შეღერებული ყმაწვილის სიძვის დიაცთან შეყრის სურათი, გამოცდილების მისაღებად, სასურველ ქალწულთან ტრფიალებამდე. წარმართული ეპოქა სხვას უკეთესს ვერც შემოგვთავაზებდა.

რაც შეეხება ბიბლიურ მოძღვრებას – ძველსა და ახალ აღთქმას – მას სხვა ფასეულობები და კრიტერიუმები გააჩნია – აქ უბიწობა ერთნაირად მოეთხოვება, როგორც ქალს, ისევე მამაკაცს. საკმარისია, გავიხსენოთ, რომ ისააკი 40 წლისა დაქორწინდა და მანამდე უმანკოდ ჰგიებდა.

მონაზვნურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ღვაწლით არის აღბეჭდილი წმინდად დაცული უბიწობა, მაგრამ თვით ამ განსაკუთრებულ შემთხვევაშიც კი აქვს გამოტანილი ქრისტიანობას თავისი მკაცრი ვერდიქტი – განგრის საეკლესიო კრების დადგენილებით: „თუკი ვინმე ცხოვრობს უქორწინებლად, და თავშეკავებას ირჩევს არა ქალწულების სილამაზისა და სიწმინდის, არამედ ქორწინებისადმი ზიზღით, ანათემულ იქნეს!“ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველიც განმარტავს: „კარგია ქალწულებრივი ცხოვრება, მაგრამ თუ იგი ეძღვნება მიწიერს და ამსოფლიურს, ცოლ–ქმრობას ჩამოუვარდება“.

სრულიად საგანგებო შემთხვევებში უფალი იწირავს უბიწობას თვით კანონიერი ცოლ–ქმრობის დროსაც კი. ასეთი ფაქტები ცნობილია როგორც აღმოსავლეთის, ისე – დასავლეთის ეკლესიებში: წმიდა მოწამე იულიანე ქორწინებაში იყო ქალწულ ვასილისასთან, მაგრამ უფლისადმი შეთქმით უბიწობას ინახავდნენ შეუღლების შემდეგაც და მოგვიანებით დააარსეს ორი სავანე – ქალთა და კაცთა და სათავეში ედგნენ ამ სავანეებს; ბავარიის ჰერცოგის ვაჟი ჰენრიხი დაქორწინდა კუნიგუნდაზე, გრაფ ზიგფრიდ ლუქსემბურგელის ასულზე და ორივენი ქალწულებრივად ინახავდნენ სამეუღლეო სარეცელს.

ათინაგორას თქმით: „ქალწულობას ღმერთისკენ მივყავართ, ხოლო არაწმინდა ზრახვანი და ავხორცი ლტოლვა კვლავ განგვაგდებენ ღმერთისაგან“. მღვდელმონაზონი ვ. ზენკოვსკი აღნიშნავს: „ისინი, ვინც ქორწინებაში შეაბიჯებენ უბიწონი და პირველად ქორწინების ჟამს სწვდებიან ხორციელი ერთობის საიდუმლოს, სულში იგრძნობენ კეთილსათნოებას თანამეცხედრის სხეულისადმი, რომელიც მათთვის ხდება კრძალული და წმიდათაწმიდა!’

ნიშანდობლივია ერთი ეპიზოდი წმიდა მამის, ლავრენტი ჩერნიგოველის ცხოვრებიდან (ეს ის ლავრენტი ჩერნიგოველია, რომელიც ამბობდა, რომ „საქართველოში ეშმაკი ვერ გაბატონდება, რადგან დედა ღვთისა იცავს იქაურობასო“): თურმე მამა ლავრენტი არასოდეს არ რჩებოდა ჯვრისწერაზე, ერთხელ კი დარჩა. როდესაც უკითხავთ მისი ამ გამორჩეული ქცევის მიზეზის შესახებ, უპასუხნია:

–ეს იყო ნამდვილ უმანკოთა წყვილი. მე ვხედავდი, სულიწმინდა როგორ გადადიოდა ერთიდან მეორეზე და თვალებიც კი ეცვლებოდათ!

ამდენად, როდესაც ისმება საკითხი მამაკაცის დამოკიდებულების შესახებ უმანკოების შენახვასთან, თუკი ორმხრივი უბიწობა ღირსქმნილია სულიწმინდის მადლის გარდამოვლენისა, რომელსაც მხოლოდ წმიდანები ხედავენ, დასკვნა სრულიად ბუნებრივია ჯვრისწერის მონაწილეთა ერთდროული უბიწობის სასარგებლოდ! აკი ამას გვიდასტურებენ მოციქულებიც: „ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ“ (ტიტეს მიმართ, 2 : 6)

მღვდელი პავლე გუმეროვი საგანგებოდ უღრმავდება ამ საკითხს „პრავოსლავიე. რუ“–ს საიტზე: „პიროვნება, რომელიც შებღალავს თავის უმანკოებას ქორწინებამდე, ძალიან ბევრს კარგავს – ის უკვე ვერასდროს ვერ შეძლებს იმ სიხარულის, სიახლის, ურთიერთობათა სიწმინდის განცდას, რომელიც ეძლევა უმანკო ადამიანებს. სექსუალური კავშირები უკვალოდ არ ჩაივლიან, და ისინი, ვისაც ჰყავდათ სხვადასხვა პარტნიორები ქორწინებამდე, ყოველივე ამას მიიტანენ საკუთარ ოჯახში, რაც ავნებს მათ საყვარელ ადამიანსაც და თავად მასაც. ადრინდელ კავშირებს, სექსუალურ გამოცდილებას შეიძლება თან ახლდეს ის მეტად ცხოველი შთაბეჭდილებები, რაც ხელს შეუშლის ოჯახში კეთილსასურველი, ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას – შეიძლება ასეთი გამოცდილების მქონე მამაკაცი ეხვეოდეს ცოლს და ამ დროს მის წარმოდგენაში ფიქრები სხვა ქალს დასტრიალებდნენ!“ ვკითხოთ ქალებს – რამდენად სასურველია ასეთი განცდის შეგრძნება მეუღლისათვის?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100