„გავაჩენ და ტუალეტში ჩავაგდოთ ბავშვიო“ – რა მოხდა გურჯაანში?
1973 წლის 15 ივლისს გურჯაანის საავადმყოფოში გოგონა დაიბადა. 3 დღის შემდეგ დედამისი საავადმყოფოდან გაიპარა და ჩვილი ღვთის ანაბარა დატოვა – ამ მძიმე ისტორიის შესახებ სტატიას ჟურნალი „სარკე“ აქვეყნებს.
გოგონა გურჯაანელმა უშვილო ოჯახმა აიყვანა. ახლა ის მარიამ რუაძეა, მისი ბიოლოგიური მამის გვარი კი ნადარეიშვილი გახლავთ. დედას, მარინა ჯანიაშვილს, მარიამმა წლების შემდეგ მიაკვლია, მაგრამ მან შვილი ისევე უარყო, როგორც დაბადებისას.
„დედაჩემი და მამაჩემი ცოლ-ქმარი ყოფილან. ყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ დააშორეს. ამის მიუხედავად, მაინც ხვდებოდნენ თურმე ერთმანეთს.
დედაჩემს ორსულობისას მუცელი გაკრული ჰქონია, რომ არ შესტყობოდა. მუცელი რომ ასტკივებია, უთქვამს, გავაჩენ და ტუალეტში ჩავაგდოთ ბავშვიო. დეიდაჩემს გაუგიჟებია თავი და სამშობიაროში წაუყვანია. მესამე დღეს სამშობიაროდან გაიპარა, არ მინდა შვილიო“, – ამბობს მარიამ რუაძე.
მრავალწლიანი ძებნის შემდეგ მან ბიოლოგიურ დედას მიაგნო. ის ქარელში მცოხვრები მარინა ჯანიაშვილი აღმოჩნდა, თუმცა ქალმა საკუთარ შვილზე უარი მეორედ თქვა.
„ყოველდღე ვურეკავდი დედაჩემს, მე თქვენი შვილი ვარ და არ უარყოთ, ყველაფერი ვიცითქო. თქვენი არაფერი მინდა, უბრალოდ ერთხელ ჩამოდით და შემხვდით-მეთქი. როგორც იქნა დამირეკა. ისე ცივად შემხვდა და ისე დამნაშავედ ვიგრძენი თავი…
ჩემი დედობილ-მამობილი უყურებდნენ მაშინ ამ შეხვედრას. წავედი და დედობილს ჩავეხუტე, შენ მეტი დედა არ მყავს-მეთქი და ჩამომცვივდა ცრემლები.
მთელი სოფელი მოვიდა, ყველას აინტერესებდა, ვისი გაჩენილი ვიყავი და გაიშალა დიდი სუფრა. ღამე დარჩა, მაგრამ არც არაფერი მკითხა, არც მომეფერა… თავის გერებსა და მათ შვილებზე ლაპარაკობდა მხოლოდ, ასეთი გერები მყავს და ისეთი შვილიშვილებიო. ხალხი გაგიჟდა ამაზე.
ორჯერ ჩავედი დედასთან ქარელის რაიონის სოფელ მუხისში, მაგრამ სახლში არ შემიშვა და კარი მომიჯახუნა“, – ყვება მარიამ რუაძე.
კომენტარი