სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სად ისურვებდით ყოფნას: ნიდერლანდებსა თუ საქართველოში?“ - რატომ აღწევს საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით წარმატებას, როდესაც მრავალი დასავლური ქვეყანა მარცხდება

რატომ აღწევს საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით წარმატებას, როდესაც მრავალი დასავლური ქვეყანა მარცხდება, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ვებპორტალი „ინტელინიუსი“.

„როდესაც ჯანდაცვის სფეროში საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კრიზისი იწყება, სად ისურვებდით ყოფნას: ნიდერლანდებსა თუ საქართველოში?“, – ასეთ კითხვას სვამს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხისას ბოლო დრომდე თითქმის არავინ აირჩევდა სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას.

„ყველაზე პატრიოტული ქართველიც კი აღიარებდა, რომ ძალიან მაღალი შემოსავლის მქონე დასავლეთ ევროპული ქვეყნის ფულით, შესაძლებლობებითა და გამოცდილებით ჰოლანდიელები იქნებოდნენ უკეთეს პოზიციაზე პანდემიის პრევენციისა და გავრცელების შემსუბუქებისთვის. მართლაც, ნიდერლანდები მესამე ადგილზეა ჯანდაცვის უსაფრთხოების გლობალური ინდექსის მიხედვით, რომელიც ზომავს დაავადებათა ეპიდემიისთვის მზადყოფნას. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს 42-ე პოზიცია ქებას იმსახურებს, თუმცა გასაოცარი არ არის. ახალ კორონავირუსზე რეაგირების კუთხით ორი ქვეყნის რეალობა კი აჩვენებს, რომ სიმდიდრე არ არის ეფექტიანი პოლიტიკის გარანტია კრიზისის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, პირველი ნიშნები აჩვენებს, რომ უფრო მდიდარი ევროპული ქვეყნები ნაკლებ ეფექტიანად რეაგირებენ, ვიდრე უფრო ღარიბები – სულ მცირე, თავდაპირველ ეტაპზე“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც მასალაშია აღნიშნული, საქართველო და ნიდერლანდები კარგი შესადარებელი მაგალითებია, რადგან ორივე ქვეყენაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით ერთდროულად გამოვლინდა – საქართველოში ეს ერთი დღით ადრე მოხდა. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის საქართველოში არც ერთი გარდაცვლილი არ არის და დადასტურებული 43 შემთხვევაა, რომელთაგან ყველა იმპორტირებული ან მათთან დაკავშირებულია. ნიდერლანდებში გარდაიცვალა 106 ადამიანი და კორონავირუსის ტესტზე ძალიან ვიწრო წვდომის მიუხედავად, დადასტურებულია ინფიცირების 2994 შემთხვევა.

როგორც სტატიაში წერია, თუ გადავხედავთ ვირუსის გავრცელებაზე საქართველოსა და ნიდერლანდების რეაგირებას, გავიგებთ, თუ რატომ არის ასეთი სხვაობა შედეგებში.

„კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველომ მიმართა მკაცრ ზომებს პრევენციისა და იმპორტირებული შემთხვევების გამოვლენისთვის. ისინი ყველა ჩამოსულ მგზავრს მხოლოდ სიცხეს კი არ უზომავდნენ, არამედ აძლევდნენ მკაფიო ინფორმაციას და საკონტაქტო ინფორმაციას სიმპტომების გამოვლენის შემთხვევისთვის. ეს ზომები საკმარისად ეფექტიანი იყო იმისთვის, რომ საქართველოში დაავადების პირველი შემთხვევა საზღვარზე გამოვლინდა. ისინი სწრაფად გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე და შეზღუდეს ცნობილი ცხელი წერტილებიდან მგზავრების მიღება, რაც საქართველოს ტურიზმის მზარდ ინდუსტრიას ძვირი დაუჯდა და ზოგადად, მათ ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ბევრად ადრე მიმართეს ისეთ აქტიურ ზომებს, როგორიცაა საზოგადოებრივ ადგილებში ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება. მთავრობამ ასევე შექმნა სპეციალური ვებგვერდი და საზოგადოებისთვის მართავდა რეგულარულ და მკაფიო ბრიფინგებს, რომლებიც ასახავდა საერთაშორისო მეცნიერულ მოსაზრებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. საქართველოს კულტურისთვის, რომელიც ცნობილია დღესასწაულებისადმი სიყვარულით და ემოციურობით, სოციალური დისტანცირება ბუნებრივი არ ყოფილა. თუმცა, დაავადების შიშმა სწრაფად გამოიწვია ქცევის ფართო ცვლილება. როდესაც დანარჩენ ევროპაში კრიზისის ესკალაცია მოხდა, საქართველომ დახურა თავისი საზღვრები და განახორციელა სოციალური დისტანცირების ძლიერი ზომები, დახურა ყველა რესტორანი, ბარი და მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, აფთიაქებისა და საფოსტო ოფისებისა. დღეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა სრულად შეაჩერა და გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე სამთავრობო რეისისთვის დაუშვა. ეს ყველაფერი მოხდა ქვეყანაში, სადაც (სტატიის დაწერის მომენტისთვის) კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა“, – წერს ავტორი.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პირველი შემთხვევის დადასტურებისას ქვეყანაში თითქმის არანაირი ზომები არ განხორციელებულა.

„ბიზნესი, როგორც ჩვეულებრივ, მეფობდა. პრიორიტეტი მიენიჭა „პანიკის“ პრევენციას, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად. ნიდერლანდების ხელისუფლება თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის გამოვლენის შანსი „ნულის“ ტოლი იყო, რადგან ქვეყანას უხანთან პირდაპირი რეისი არ ჰქონია“, – ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდებში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემდეგაც მთავრობამ ვერ განახორციელა ეფექტიანი ქმედებები. ავტორის თქმით, ნიდერლანდების მთავრობა მოქმედება მხოლოდ გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის შემდეგ დაიწყო და ძირითადად ნებაყოფლობით სოციალური დისტანცირება დააწესა.

„საზოგადოებები, რომელთა მეხსიერებაში სერიოზული სოციალური კრიზისი და რყევები ახალია, რეაგირებენ ბევრად აქტიურად, ვიდრე ისინი, ვისაც კოლექტიური მეხსიერების ნაკლებობა აქვთ“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მსგავს პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, ასევე საბერძნეთისნაირ სამხრეთევროპულ ქვეყნებსა და აზიურ სახელმწიფოებს, რომლებმაც ასე ეფექტიანად შეაკავეს ვირუსი, აერთიანებთ სწორედ ის, რომ კრიზისი არ დავიწყებიათ.

სინგაპურისა და სამხრეთ კორეის მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში აშკარად იკვეთება SARS-ის ხსოვნა. საქართველომ, ლიბანმა და საბერძნეთმა თავიანთ რეგიონებში ყველაზე აქტიური რეაგირება მოახდინეს. ქვეყნები კი, რომლებიც 2008 წლის კრიზისის შემდეგაც ტკბებოდნენ შედარებით სიმშვიდითა და კეთილდღეობით, მათ შორის, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, განსაკუთრებით ნელი აღმოჩნდნენ იმისთვისაც კი, რომ საფრთხე ეღიარებინათ. ამ ქვეყნებში მწვავე სოციალური კრიზისი დიდი ხანია, გახდა ის, რაც სხვა ადამიანებს ემართებათ“, – ნათქვამია „ინტელინიუსის“ სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100