სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ორსართულიანი მატარებლის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა

Stadler Bussnang AG-ის დამფუძნებელმა - გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს.
ზაფხულის სეზონისათვის ს/ს ,,საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს. როგორც უკვე ცნობილია, ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებელი მგზავრებს ივლისიდან მოემსახურება.
შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს ელექტრომატარებელი შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებს მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას. ოთხი ახალი მატარებელი არის აღჭურვილი ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.
მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.
Stadler Kiss მოდელის მატარებელი - ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ განვითარების ახალი ეტაპია, მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებლზე მოემსახურება სპეციალური გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის.ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართუელბით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში - ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება. Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100