სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყალბი პროცენტებით კმაყოფილი ოლიგარქი და სოციალიზმის საფუძვლები მის გამოსვლებში (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კოალიციის სახელწოდებას სრულად ამართლებს: ის ოცნებობს. ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მაგრამ ეს ასეა მანამ, სანამ ოცნებას ოცნება ჰქვია, ხოლო როცა ოცნება სინამდვილეში ისე იღრევა, რომ მათი ერთმანეთისგან განსხვავება გიჭირს, ეს უკვე მომაკვდინებელი ოცნებაა. ბიძინა ივანიშვილი ვერც კი გრძნობს, როგორ დაადგა პოლიტიკური მოუსავლეთის გზას იმის დაჯერებით, რომ უკვე ხელისუფლებაშია...
დიახ, დიახ, სწორედ იმ გენიალურ ფრაზას ვგულისხმობ: „ჩვენ უკვე ხელისუფლებაში ვართ, მიხეილ სააკაშვილი კი ოპოზიციაშია“ - არაა ერთმანეთში აღრეული ოცნება და სინამდვილე? ასეთი „მარგალიტები“ მილიარდერის სკივრში უამრავი მოიპოვება: ადამიანი, რომელიც წესიერად ვერ საუბრობს ქართულად და ლიტერატურულ ენაზე სათქმელის ჩამოყალიბება უჭირს, მის მიერვე დაკვეთილი კვლევების შდედეგებით, ანუ ყალბი პროცენტებით იკვებება და ჰგონია, რომ უზამაზააარი რეიტინგი აქვს. ამას კიდევ არა უშავს, ეგონოს: საჯაროდ ამბობს და თავს სასცილო მდგომარეობაში იგდებს...
„სადღაც 30% აქვთ ამათ და ჩვენ 70% უნდა წამოვიღოთ“, - უთხრა მილიარდერმა „ალიას“ და სთხოვა, არ გამოაქვეყნოო, მაგრამ „ალიამ“ გამოაქვეყნა... ანუ, მილიარდერი ფიქრობს, რომ ის ხალხი, ვინც ამა თუ იმ რეგიონში ხვდება და პრეტენზიებს ეუბნება, დამაბნეველ შეკითხვებს უსვამს და რუსეთთან მის „ჩახუტებას“ აკრიტიკებს, „სულ რაღაც“ 30%-ია.
ასე ცხოვრება მართლა რა ადვილია: შუშის სახლში გამოკეტილი გარეთ მხოლოდ დაცვის ალყაში გამოდის, სოფლებშიც დაცვის ალყაში დადის და ამ ალყას მხოლოდ მაშინ ახსნევინებს, როცა კამერების წინ „მობრძანდით“ ტერმინს ხმარობს, კამერის გვერდით გაწევის მერე კი „მოდი აქ, მოდი...“ - ოლიგარქი ხალხს ან ტყვიაგაუმტარ მინას, ან ბრგე მცველების ზურგს აფარებული ელაპარაკება, სხვაგვარად საუბარი უჭირს...
ყალბი პროცენტებით ივანიშვილის აღტაცება გრძელდება უკვე სამეგრელოსთან მიმართებაშიც: აქ კარდაკარის შედეგად, მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ 60% აქვს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში - 90%. არცაა გასაკვირი, რომ ამ მაჩვენებლების ტყვეობაში მყოფ მილიარდერს აღიარებული და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების არ სჯერა. შუშის სახლის გარედან ჩანს, რომ ივანიშვილი % ნიშნისა და საკუთარი გარემოცვის მძევალია...
როცა მის მიერ მართულ და ნაყიდ მედიასაშუალებებში საეთერო დრო ეთმობა (გაუჭირდება...), ივანიშვილი თითქოსდა პროგრამაზე იწყებს საუბარს, მაგრამ ეს იმდენად სასაცილო დ და აბსურდულად გამოსდის, რომ, როგორც დოჩანაშვილი იტყოდა, შურიან ადამიანსაც კი დაეთუთქება გული მისი სიცოდვილით. ადრე იმას მაინც ამბობდა, ამ საკითხზე კომპეტენტური მოსაზრებები არ მაქვს, მრჩევლებს დავეკითხებიო, ახლა კი, ეტყობა, ეს საჩოთიროდ მიაჩნია ან თვლის, რომ სიტუაციაში კარგად გაერკვა და მრჩევლების რჩევა არ სჭირდება. იმ სფეროში, რომელშიც თავს კომპეტენტურად მიიჩნევს, ივანიშვილმა მის მიერვე დაქირავებულ ჟურნალისტ გიორგი უძილაურთან საუბრის დროს ისეთი „გადამწიფებული აზრები“ გადმოალაგა, რომ მის მომხრეებს კიდევ ერთხელ დასწყვიტა გული და იმ დაწყვეტილ გულში (აბა, ხმამაღლა რომელი ერთი გაბედავდა) ათქმევინა, ეს კაცი მთლად გამოსუსურუკდაო, მისი მოწინააღმდეგეები კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სწორად იქცევიან, როცა მილიარდერზე არ დებენ ფსონს.
„დრონი.ჯი“ გთავაზობთ გიორგი უძილაურთან ინტერვიუს კოლაჟს, რომელიც ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა და სადაც მილიარდერი ასაღორძინებელ სოფლის მეურნეობაზე საუბრისას იმდენად კარგად იმეორებს კოლექტივიზაციისა და კომპარტიის თეზისებს, რომ თავი სიზმარში გეგონება: თურქეთიდან უვარგისი პროდუქცია შემოდის, ქართველ გლეხს ხასიათი გაუფუჭდა, უფასოდ უნდა დარიგდეს სასუქი, საწვავი, სასოფლო ტექნიკა...
თვალს არ გადაგიღლით, დანარჩენი თვითონ იხილეთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100