სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ზომები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღინისძიებების ფარგლებში მიიღო.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა, რამდენიმე განცხადება გავაკეთო საზოგადოების საყურადღებოდ. იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი, იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები მუნიციპალიტეტებში, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეს. მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რამე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ძალიან მნიშვნელოვანია, გარდაუვალი აუცილებლობის მქონე მოქალაქემ, რომელიც მივა სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს სხვა პირების თანხლებისგან.

„ეს არის კლასიკური შემთხვევა, განსაკუთრებით კლასიკურ დიდ იუსტიციის სახლებში, რომ მოქალაქეები მოდიან ხოლმე სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად. გთხოვთ, ამისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში.

ასევე, თუ შეგიძლიათ, რომ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, ონლაინ, მიმართეთ ამ მეთოდს. ჩვენ დღეს გამოვაქვეყნებთ იმ სერვისების ნუსხას, რომლის მიღებაც შესაძლებელია ონლაინ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველა პრობაციონერი გათავისუფლებულია პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან.

„ასევე მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს – დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს, რომ ე.წ თითის დადება, პრობაციის ოფიცერთან და სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და გამოუცხადებლობას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100