"მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს!" - ინგა გრიგოლიას უცნობი მამაკაცი ემუქრება
ტელე წამყვანმა ინგა გრიგოლიამ სამართალდამცავ უწყებას მიმართა იმის შესახებ, რომ მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მუქარა. საჩივრის შეტანამდე ჟურნალისტმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ძალიან ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, პრინციპში, პოსტიც არაა, ვრცელი წერილია... უკვე თითქმის ხუთი წელია, წელიწადში რამდენჯერმე ვაპირებ დავწერო, მაგრამ მერე ვშლი ხოლმე. ახლა უბრალოდ გამოსავალს ვეღარ ვხედავ.... გადავწყვიტე, ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე, მარტივად ვაცხადებ - ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ქალების (მით უფრო, მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს, რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის.... სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას - მოკლული ქალების, ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე.... მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია, ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს, არ იცის... ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელზეც გთხოვთ, არ გაგეცინოთ, რადგან სასაცილო არაა, საშიში ამბავია. თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ.... დღეს უკვე აღარ მეცინება... მოკლედ, საქმე რაშია - ბევრი წლის წინ, თუ არ ვცდები, 2011 იყო, ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები. ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო (მარიამის მამა გარდაცვლილია). ძალიან რომ შემაწუხა, გავარკვიე, ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. ერთ დღეს, უკვე 2013 წელი იყო, როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა, უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება, რომ მე ვარ შენი შვილის მამა, შენს სახლთან ვდგავარ და ჩამოდიო. მოკლედ, 2013-ში გამოვიდა ციხიდან... შოკში ჩავვარდი, რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები, თვეები... ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება, რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი, სახელად თამარი (ჩემს შვილს, მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია)... იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას... ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი... ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძალიან გასართობი ამბავი ხდებოდა. დღემდე გრძელდება ეს ამბავი, დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა, რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი, ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან... მიადგა მამაჩემს და ეუბნება, ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა.... არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა. პერიოდულობით ვთხოვდი პოლიციას დაცვას, აქამდე მეუბნებოდნენ, რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას, რადგან პირდაპირი მუქარა, რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს), არ იყო... ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მოძალადე დაიჭირონ.... ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს, რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს.... არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო, დამავიწყდა, ეს ტიპი, რომელიც ამნისტიით გამოვიდა ( მე ასე ვიცი), როგორც ვიცი, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს... თავიდან მეგონა, რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, თანდათან დავრწმუნდი, რომ ან მოგზავნილია, ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია, არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრეს-ცენტრი ( იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დამიცავენ). ჩამოვალ თუ არა, პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში, რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა.... არ ვიცი, ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ, თუმცა კი ვიმედოვებ, ამიტომ, როგორც ზევით დავწერე, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი... p.s. მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარსა და ოჯახის წევრ მამაკაცს, რომ ქართულად ,,მომეყომარებინა,, ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში. არ მინდოდა ჩემს გამო, ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა... მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა, გადავწყვიტე, ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა, ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ - საქმეც იყო აღძრული, მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რადგან არ იყო ეს კანონი, დამტოვეს მარტო ჩენს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ" - წერდა ნგა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე.
კომენტარი