ვარკეთილის რაიონში „Varketili Urban Activity LAB"-ის განხორციელება დაიწყო
|
2016 წლის ივნისიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “დემოკრატიის მხარდაჭერა 2016“ პროგრამის ფარგლებში თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილის რაიონში დაიწყო პროექტის „Varketili Urban Activity LAB: Community Driven Neighborhood Renewal in Multi-ethnic Suburb of Tbilisi” განხორციელება. პროექტი, რომელიც თანადაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund) მიერ, ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation) პარტნიორებთან ერთად: თბილისის მედიათეკების გაერთიანება, სათემო ცენტრი „საქართველოს ეზიდთა სახლი“, პარტიზანული მებაღეობა, ევროპა ჩვენი სახლი და ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია.
პროექტი მიზნად ისახავს ვარკეთილის რაიონში ონლაინ კონსულტაციების საშუალებით საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობაში მოსახლეობის ჩართულობას. ამ მიზნით შეიქმნა ვებპორტალი: www.lamazikalaki.org, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პრობლემურ ადგილზე შეტყობინების განთავსება და ფოტოს ატვირთვა, რის შემდეგაც ონლაინ ხმის მიცემით შერჩეულ ადგილებს სოციოლოგები და არქიტექტორები შეისწავლიან. შემოსული ხმების შედეგად პოლონელი არქიტექტორების მიერ მოხდა კონკრეტული პრობლემური ადგილის შერჩევა. საზოგადოებრივი სივრცისადმი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესებსა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოეწყო საბავშვო მოედანი, მოხდა მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და დაზიანებული სკამების შეკეთება.
აღნიშნული სივრცის მოწყობა იყო არქიტექტურული სემინარების მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაწილი, რომელსაც უძღვებოდა პოლონური არქიტექტურული სტუდიო +48 Architecture პოლონელი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით.
ვარკეთილის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად გაიმართა პოლონელი არქიტექტორების, ექსპერტების, ვარკეთილის მოსახლეობისა და ამხანაგობის თავმჯდომარეების ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრის დროს მიღებული მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მოხდა პროექტის შემუშავება, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ არქიტექტურულ სემინარებს.
პროექტის ფარგლებში ბერლინის (გერმანია) გარემოსდაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტიდან (UfU) www.ufu.de. მოხდა გერმანელი ექსპერტის მოწვევა, რომელმაც ბავშვებისთვის ჩაატარა საგანმანათლებლო ქალაქის თამაშები. აქტივობები ფოკუსირებული იყო გარემოსდაცვის საკითხებზე და ეკოლოგიის გამოწვევებზე. ქალაქის თამაშების მონაწილეებმა შეიმუშავეს რუკა და ისწავლეს რუკაზე აღნიშვნების დატანა.
პროექტის დასასრულს, 2016 წლის 29 ნოემბერს თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით პროექტის პარტნიორებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო პროექტების განხორციელებას და ვებ-პორტალი: www.lamazikalaki.eu-ის პოპულარიაციას, რათა გაგრძელდეს ვარკეთილის პრობლემური ადგილების რუკის შექმნის პროცესი.
კომენტარი