რევაზ ლაღიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 10 ივლისს, ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 90 წელი სრულდება.
რევაზ ილიას ძე ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს ბაღდათის რაიონში დაიბადა. 1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით), 1941-1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი).
ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა "ლელა", მუსიკალური კომედიები "მეგობრები" და "კომბლე", სიმფონიური პოემა "სამშობლოსათვის", სიმფონიური სურათი "საჭიდაო", რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა ("სიმღრა სამშობლოზე", "ბალადა ვაზზე", "ოდა მესხეთზე", "მოხეური ბალადა" და სხვა), საფორტეპიანო ("ტოკატა" და სხვა) და ჩელოს ("პოემა", "ელეგია" და სხვა) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა "მელის ვარძია" შერეული გუნდისა და ორკესტრისთვის (1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან "რუსთაველის ნაკვალევზე"), მუსიკა სპექტაკლებისა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი", ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა" და სხვა სულ 40-ზე მეტი) და კინოფილმებისთვის ("საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ზვიგენის კბილი", "ხევისბერი გოჩა" და სხვა. სულ 30-ზე მეტი). ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის "სიმღერა თბილისზე".
ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). მინიჭებული აქვს სახელმწიფო პრემია (1977) და რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია (1975).
ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კომენტარი