სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია: ბრძოლა გრძელდება

საპატიმროში მყოფი ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა.

"ერთი დასკვნის გაკეთება შემიძლია - საქართველო ძალიან სწრაფად ფლანგავს "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარს - საქართველო კარგავს განვითარებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საქართველო კარგავს ღირსებას, საქართველო კარგავს სახელმწიფოებრიობას. გულწრფელად მინდა გამოვთქვა ჩემი წუხილი, რომ ყველა ის პროგნოზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების მიმართ სრულიად გამართლდა.
ფერფლად იქცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის იმედები, რომ რეგიონში პირველი პრეცედენტი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისა ბიძგს მისცემდა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკური გეზის ფორსირებას.
არჩევნებზე ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის არმოსვლა სწორედ ამ იმედგაცრუების, პესიმიზმის და ნიჰილიზმის მკაფიო მაგალითია. უცნაურია, მაგრამ ამ ხელისუფლებამ პოლიტიკური ცხოვრების მოკლე პერიოდში ყველაფრის ლუსტრაცია მოახდინა. ჩვენ დღეს ვეჩეხებით იმ ფაქტებს, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაძლეული იყო:
აბუჩად აგდებული ტერიტორიული მთლიანობა - მთავრობის მეთაურის და წევრების მიერ ინერტული დამოკიდებულება ოკუპაციის ხაზის გადმოწევის ფაქტთან. ყაზანის უნივერსიტეტის მეცნიერული კომუნიზმის კურსდამთავრებული მინისტრი ზაქარეიშვილის მიერ სასირცხვილო, უღირსი განცხადებების კეთება. საქართველოს მთავრობის მიერ რუსული აგრესიის გადაბრალება საქართველოს პრეზიდენტზე, უმაღლეს მთავარსარდალზე, რომელმაც მიიღო დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერისათვის შესაფერისი გადაწყვეტილება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო რესურსის მქონე სახელმწიფოს აღუდგეს წინ და დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და მოქალაქეები;
სახელმწიფო უწყებებში და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროში რუსული სპეცსამსახურების მასიური ინფილტრაცია. შეიარაღებულ ძალებში საეჭვოდ ხდება რუსეთთან დაახლოებული "ამხანაგების" დაბრუნება. თბილისის ირგვლივ და მთლიანად საქართველოში იმ დამცავი ზღუდეების დაკონსერვება, რომელთა შექმნაში ჩვენმა სამხედროებმა და სხვებმა სისხლი და ოფლი ჩაღვარეს, სამხედრო წარმოების შეჩერება, ასე კრიტიკულად აუცილებელი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისათვის - ეს ყველაფერი მტრისთვის კოჭის გაგორების მცდელობაა;
რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების გათავისუფლება, იმ ადამიანების გამოშვება, რომელთა მიზანია საქართველოს დაშლა და განადგურება. მათთვის მწვანე შუქის ანთება ხორცი შეასხან რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოში;
პოლიციის ღირსების შელახვა, რომელზეც ძალადობა და თავში წამორტყმა ასი ლარით ჯარიმდება, პოლიციის თანამშრომლებს ვიღაც ავაზაკები აშინებენ, ხოლო გუნდთან ერთად პოლიციის რეფორმის ავტორი და განმახორციელებელი ვანო მერაბიშვილი უსაფუძვლო ბრალდებებით გამოკეტილი ყავთ, პატრიოტ და მებრძოლ ადამიანებს კი დევნიან;
დავიწყებული წარსულის სახეების გაცოცხლება - მოძალადე, კორუმპირებული შევარდნაძის ეპოქის გადმონაშთები - რკინის კახა თარგამაძეები, ხაბურზანიები, ლევან პირველები საზოგადოებას დღეს ჭკუას ასწავლიან. ის ხალხი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას დააყენა და გაავერანა. ქვეყანა დანგრევისთვის, უშუქობისთვის, მექრთამეობისათვის გაწირა და ეხლა ეს ადამიანები აპირებენ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის გასამართლებას, ვინც ნაცრისფერი საქართველო მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო, მიმზიდველი და სამაგალითო გახადა;
კრიმინალური სამყაროს რეინკარნაცია და გავლენის სფეროების ხელში ჩაგდება საპყრობილეებში და საპყრობილეებს გარეთ, რეკეტი და შანტაჟი, ძალადობა. გაუგონარი ფაქტები მთავრობის "თვალსაჩინო" წევრების და კრიმინალური ავტორიტეტების საჯარო სოციალიზაციის.
ყოველივე ამის შემხედვარე, კიდევ ერთხელ მიმყარდება რწმენა, რომ მოქმედება, აქტიურობა, დაუღალავი შრომა აუცილებელია, რომ თავს მოხვეულმა ოცნებამ არ გაგვაბრუოს და არ გადაგვჩეხოს. დღეს ყველაზე აქტუალურია ჩერჩილის სიტყვები - თუ ჯოჯოხეთს გადიხარ, არ გაჩერდე, იმოძრავე. სახელმწიფოს შანსი სწორედ მოძრაობაშია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ ამ სავალალო ვითარებას თავი.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერს გათვითცნობიერებული აქვს ის სავალალო პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელიც დღეს თავს აქვს მოხვეული ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ერთერთი ამოცანაა, ჩვენი ყოველდღიური აქტიურობით თვალი აუხილოთ ასეთ ადამიანებს და ჩავაყენოთ ქვეყნის გადარჩენისათვის მებრძოლთა რიგებში, მიუხედავად ჩვენდამი განხორციელებული უამრავი უკანონობისა არ უნდა დავიბოღმოთ, არ უნდა განვიმსჭვალოთ შურისძიების სურვილით და უნდა დავრჩეთ ღია ყველა იმ ადამიანისათვის ვისაც დღეს თუ ხვალ შეეძლება ქვეყნის ერთიანობისა და წინსვლისათვის ჩვენს გვერდით დგომა.
მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ მხარდამჭერებს, უბრალოდ პატრიოტებს არ შეგაშინოთ იმ ფაქტმა, რომ ვანო მერაბიშვილი, მე და კიდევ სხვა თანამებრძოლი ან საპყრობილეშია ან მის მიმართ დევნა ხორციელდება, არავის ეგონოს, რომ ჩვენი რწმენა შეარყიეს, არავინ დაიჯეროს, რომ უკან დავიხევთ. პირიქით, ბრძოლა გრძელდება, ახალი გამოცდილებით, ახალი შთაგონებით, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამდენი წლის შრომა წყალში ჩავყაროთ და ხელები ჩამოუშვათ. ჩვენი ძალა ახლა ყველას ერთობაშია და ღირებულებებისა და პრინციპებისადმი რწმენით და ერთგულებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. აქაც ჩერჩილის სიტყვები მახსენდება - ჩვენ დავიცავთ ჩვენ სამშობლოს - ვიბრძოლებთ მიწაზე, ჩვენ ვიბრძოლებთ სანაპიროებზე, ჩვენ ვიბრძოლებთ ჰაერში, ჩვენ ვიბრძოლებთ წყალზე, ჩვენ არასდროს დავნებდებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100