სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ ეს თეატრის სცენაა, დაუწერელი სცენარით“

შუა საუკუნეებში მოსახვედრად დროის მანქანის ქონა სულაც აღარაა საჭირო, ამისთვის მხოლოდ დელისის მეტროდან 29 ნომერ ავტობუსს ლისის ტბამდე უნდა გაჰყვეთ , შემდეგ დასახლებული პუნქტებიდან 2 კილომეტრი ფეხით იაროთ და თქვენ უკვე ლისბურგში ხართ , ქალაქში, სადაც რეალობა ყოველგვარ ხელოვნურზე უფრო ლამაზია.

ერთ მშვენიერ კვირა დღეს სწორედ ამ გზას დავადექი მეც. ჩემი მეგზური სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. გზაში ბევრი ვისაუბრეთ, ალბათ ამიტომ იყო,რომ ვერც მივხვდი როგორ გავიდა დრო და დამღლელი აღმართის შემდეგ როგორ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს.

-აი, მოვედით.- მითხრა გიორგიმ.

ლისბურგში ვარ, თანამედროვეობიდან შუა საუკუნეებში „გადმოვინაცვლე“. მოულოდნელ სტუმარს აქ საოცრად მეგობრული, ღიმილიანი და თბილი სახეებით მხვდებიან. უცხოობას საერთოდ ვერ ვგრძნობ, მგონია,რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები. კარგია აქ.

ციფრული საუკუნის როლური თამაშების, ლარპის, ისტორია მსოფლიოში1970-იანი, ხოლო საქართველოში 2015 წლიდან იღებს სათავეს.იდეა, რომ საქართველოშიც დამკვიდრებულიყო ლარპი არაერთხელ გაჩნდა, თუმცა, ამ ყოველივეს, გამოხმაურება მალევე არ მოჰყოლია.მიუხედავად აღნიშნულისა, იდეას არსებობა არ შეუწყვეტია და მალე რეალობად იქცა. როგორც „ქართული ლარპის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი ალექსანდრე ხანთაძე ამბობს ,დასაწყისისთვის საქმე არც ისე მარტივად იყო, მათ ბევრი რესურსის ჩადება დასჭირდათ დასახული მიზნისთვის ,რომ მიეღწიათ: „ 4 დაამაარსებელი ვიყავით. იარაღები ,რომლებიც დავამზადეთ თავდაპირველად ძალიან მოუხერხებელი იყო. ბევრს ვწვალობდით რესურსებს უაზროდ ვხარჯავდით , არც ფორმები გვქონდა და არც მათი დამზადებისთვის საჭირო ცოდნა, სწავლა გვჭირდებოდა. თუმცა, საბედნიეროდ, რამდენიმე თვეში შრომამ შედეგი მაინც გამოიღო და უკვე ძალიან ბევრი მხარდამჭერი და 100-მდე წევრი გვყავდა“ .

ლისბურგის დათვალიერებას ვაგრძელებ , თან ჩემ გარშემო არსებულ ბუნებას ვათვალიერებ და წამის მეასედში ვაანალიზებ,რომ ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულს უკვე დიდი ხანია დამვიწყებია ბუნების ფერები. ჩემი მასპიძელი გვერდიდან არ მშორდება და ჩემს ყველა კითხვაზე ამომწურავად მცემს პასუხებს. როგორც გიორგიმ მითხრა, ლისბურგიდან 800 მეტრის დაშორებით კაგამის სოფელი მდებარეობს. კაგამელების სამოსს კიმონო ან ჰაკამა შეადგენს , იაპონურ სტილზე „აშენებულ“ ამ სოფელში დღეს კაგამის გამოცდები იწყება და მონაწილეებიც მისთვის გულმოდგინედ ემზადებიან, რადგან წინასწარ არ იციან რას უმზადებენ კაგამელები. ოდნავ მოშორებით ალმორაკის დასახლებაა, მათ უფრო ბედუინური ჩაცმის სტილი აქვთ. ლისბურგიდან არც ისე შორს გვარდიელებს მოჰკრავთ თვალს, რომელთაც გრძელი ლაბადები აცვიათ, ეს სტარ ჰეივენია. აქვეა ლიორენის ტყეც. ყველა მათგანი ინდივიდუალური, გამორჩეული და განსაკუთრებულია.

თითოეული ამ დასახლების სახელი, ისტორია , კულტურა თუ ჩაცმის სტილი ლარპელების მოფიქრებულია. „ოდნავ მაინც თუ გაქვს ფანტაზია, აქ მისი რეალობაში განხორციელების უკიდეგანო შესაძლებლობები გეძლევა“- მიხსნის ჩემი მეგზური.

თავად, გიორგი სხირტლაძე, უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ლარპს თამაშობს. ბავშვობიდან განსაკუთრებით საბრძოლო ხელოვნებები იზიდავდა, თან მსახიობია. როგორც თვითონ ამბობს, აქ მან თავისი თავი იპოვა და ბევრი მეგობარიც შეიძინა. „მე აქ შევიძინე ისეთი ადამიანები, რომლებსაც არა მარტო თამაშში ,არამედ პირად ცხოვრებაშიც ძალიან ვენდობი და ვაფასებ. ერთმანეთის გვერდიგვერდ ბრძოლა ერთმანეთთან საკმაოდ გაახლოვებთ.“

ყველაზე მეტად მას აქ მაინც ის დამოკიდებულება და ურთიერთობა ხიბლავს ,რომელიც ლარპელებს ერთმანეთის მიმართ აქვთ. „ლარპი არის ურთიერთობა, ლარპი არის სიყვარული , ლარპი არის მეგობრობა ,ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა.“

დასახლებების ისტორიის, კულტურისა და სახელის მსგავსად ლარპელები პერსონაჟებსაც თავად ქმნიან. ირქმევენ სახელებს, წერენ მათ ისტორიას, პერსონაჟის ჩაცმულობაზეც თვითონვე ზრუნავენ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, აქ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ თავად გამოიგონოთ თქვენივე პერსონაჟის სახელი ან უბრალოდ თქვენთვის საყვარელი გმირის სახელი დაირქვათ.თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ მთავარი - თქვენივე არჩეული პერსონაჟის ისტორიას თავად ქმნით და თამაშს 8 სიცოცხლით იწყებთ.

„ ეს თეატრის სცენაა , დაუწერელი სცენარით“.

სიცოცხლის რაოდენობა იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენ თავგადასავალს გადაურჩებით ცოცხალი.16 -სიცოცხლეების მაქსიმალური რაოდენობა გახლავთ. თუ თქვენი პერსონაჟი მოგბეზრდათ და შეცვლა გსურთ პრობლემა არც ეს არაა, ოღონდ ის უნდა გაითვალისწინოთ,რომ თქვენი წინა პერსონაჟი აუცილებლად უნდა „მოკვდეს“. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ მონაწილეს და ჩემი იქ ყოფნის დროს აზრაელი „გარდაიცვლა“.

გიორგის პერსონაჟს სახელად ტაცუ სენში ჰქვია,რომელიც იაპონურიდან ითარგმნება,როგორც დრაკონის შვილი, ვაჟი. ტაცუ სენში ბუების, ფუკუროების, რაზმის ერთ-ერთი ჯარისკაცი გახლავთ,რომელთა მიზანს საუკუნეების წინ პატარა სოფლის დაცვა წარმოადგენდა. რაზმის ამოწყვეტის შემდეგ ,როდესაც მხოლოდ ისღა გადარჩა ცოცხალი მან პირობა დადო,რომ ფუკუროების ტაძარში დამალულ იარაღს დაიცავდა. ასეც იქცეოდა მანამდე, სანამ ერთ-ერთი ლოცვის დროს ხმაურმა არ გამოაფხიზლა. სენშის ღვთაება ფუკურო გამოეცხადა და იმის გამო,რომ მას შემოპარული ქურდი ყურადღების მიღმა დარჩა დაწყევლა და მისი სიცოცხლე შემოპარული ქურდის სიცოცხლეს სამუდამოდ დაუკავშირა. ტაცუ სენში-ს ისტორია გიორგიმ თავად შეთხზა.

ანა თოფურიძე 27 წლისაა, მან ლარპის დაწყება ზუსტად ერთი წლის წინ ლარპის დაბადების დღეზე გადაწყვიტა. „პირველად უბრალოდ საყურებლად მოვედი, მარტივი საბავშვო თამაში მეგონა და განწყობაც ცოტა სხვანაირი მქონდა . თუმცა, შემდგომ მივხვდი, რომ არც ისე საბავშვო თამაშია. ინტელექტიც უნდა, ფიზიკური მომზადებაც ,შემოქმედებითი ცოდნაც სჭირდება იმას, რომ ლარპი კარგად ითამშო. სპორტიცაა, გართობაცაა ,თამაშიცაა და ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად სამსახიობო ელემენტებითაცაა აღსავსე. როცა პერსონაჟის ფორმას იცვამ მთლიანად უნდა ითამაშო და შეისისხლხორცო ის, მისნაირად უნდა იმოქმედო, იფიქრო“.

ანას პერსონაჟი ნახევრად ელფია, რომელიც დღეს კაგამში ცხოვრობს. დედამისიც ელფი იყო, რომელიც ჰანზაში ცხოვრობდა, სწორედ დედის მონათხრობმა გადააწყვეტინა მშობლიურ მხარეში დაბრუნება.

ანას პერსონაჟის იარაღი ძირითადად მშვილდია,თუმცა, მაგიური კარტიც აქვს,რომელიც ელფური მაგიის ნაწილია.

მოკლედ, ვის აღარ შეხვდებით აქ ელფებსა და ბნელ ელფებს, ორკებს, ჯუჯებს, დემონებს, მკვდრებს, ანიმორფებს და თავად ადამიანებსაც კი. ყველა რასას თავისი გამორჩეული ნიშანი აქვს მაგ: ელფებს ყურები და ა.შ.

წელთაღრიცხვის ათვლა აქ ცეცხლის წვიმიდან იწყება, რომლის შემდეგაც აგერ უკვე 700 წელი გავიდა.

ჩემს მეგზურს დროებით დავემშვიდე, რადგან კაგამისკენ მიიჩქაროდა, იქ ხომ დღეს კაგამის საერთაშორისო გამოცდები იმართება და ტავერნაში შევლა გადავწყვიტე , სადაც გარკვეული დროის მონაკვეთი დავყავი. წარმოიდგინეთ ტყეში, ლურჯი ფერის ბრეზენტებით შემოსაზღვრული პატარა სივრცე, რომლის გარეთ დაკიდებული მუყაო,რომელზეც ლუდის კათხა ხატია, მის შიგნით ტავერნის არსებობაზე მიგანიშნებთ .თამაშის მონაწილეები რეგისტრაციას სწორედ აქ გადიან.შიგნით შევედი, აქ თქვენ შეგიძლიათ დალიოთ სასმელები, მიირთვათ უგემრიელესი ღვეზელები, ითამაშოთ შაშკი ან უბრალოდ თქვენთვის საინტერესო თემებზე ისაუბროთ. გემრიელად მოვიკალათე და ჩემს მასპინძელთან მცირე დიალოგი გავაბი.

როგორც ალექსანდრე ხანთაძისგან შევიტყვე, აქ უმთავრესი მეგობრული გარემოს შექმნაა და თამაშის პერსნაჟთა დამოკიდებულების გადმოტანა პირად ურთიერთობებში სრულიად დაუშვებელია. თამაშის წესები მარტივია - ხმალი თუ მოგვხდა კიდურში , იმ კიდურს გაჭრის, თუ ტანში მოგხვდა - სიცოცხლეს კარგავ. თამაშის წესების დარღვევა და ე.წ. „სიკვდილის არ შემჩნევა“ , როგორც ამას ლარპელები უწოდებენ,მკაცრად ისჯება და თამაშის დამრღვევი 4 სიცოცხლეს მაშინვე კარგავს. რაც შეეხება იარაღს , ის საკმაოდ დარბილებულია ,რომ მოთამაშესთვის ზიანის მომტანი არ იყოს. ჭრილობისგან განკურნების რამდენიმე ვარიანტი არსებობს : ანტიდოტი,რომელიც კურნავს, დრუიდი,რომელსაც მაგიური სამკურნალო ბალახები დააქვს თან და რიტუალებს ატარებს, ბნელი და ნათელი მაგიები, ლოცვები და ა.შ. ან მოჰყავთ ტავერნაში და აქ იწყება მისი მკურნალობა.

„ენდე, მაგრამ გადაამოწმე“- მთავარი წესია ლარპში. უნდა იფრთხილოთ,როცა სასმელს გთავაზობენ, რომ საწამლავი არ ესხას შიგნით. საწამლავი - ეს მარილში გარეული მცირე რაოდენობის წყალია.

დღესდღეობით ლარპში 2 მთავარი ფრაქცია, ანუ, გაერთიანებაა. ერთი კაგამი,რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე და სტარ ჰეივენი. ფრაქციებში გაერთიანება ინტერესის შესაბამისად და მცირე მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად ხდება.

აქ მოსვლისას თქვენ უნდა დაივიწყოთ ლარის კურსი, რადგან ამ სამყაროს თავისი ვალუტა აქვს ,რომელსაც კრისტალი ჰქვია. კრისტალებით თქვენ შეგიძლიათ საკვების შეძენა, ივენთის ფულის გადახდა და 2 კრისტალად 1 სიცოცხლის ყიდვაც კი. კრისტალების მოპოვება ტავერნაში ხდება. საჭმლის, არტეფაქტის , ელექსირების ჩაბარებით შეგიძლია იშოვო ფული. კრისტალებს მოიპოვებთ, თამაშის ბოლოს მოგროვებული ნაგვის პარკებითაც. ლარპელები დიდ ყურადღებას უთმობენ ბუნების მოვლას.

„ქართული ლარპის საზოგადოებაში“ გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასაკობრივი შეზღუდვა,როგორც ასეთი, არ არსებობს. ამისთვის „ქართული ლარპი - georgian larp” -ის ფეისბუქ გვერდზე შებრძანდებით და პირად შეტყობინებაში აცნობებთ ამის შესახებ. შემდგომში უკვე ისინი თავად დაგაკვალიანებენ და აგიხსნიან ყველა იმ დეტალს, რომელიც დაგაინტერესებთ. თუ მსურველი არასრულწლოვანია , მაშინ მას მშობლის ნებართვის დამადასტურებელი ცნობის მოტანა და ერთი ღონისძიების საფასურის ,10ლარის , გადახდა მოუწევს. ივენთებიდან შემოსული თანხა საკვების ყიდვას და რეგისტრატორის ხელფასს ხმარდება.დღესდღეობით „ქართული ლარპის საზოგადოება“ 105 აქტიურ წევრს აერთიანებს.

ტავერნაში ნელ-ნელა მოგროვდა ხალხი . „ ტყეში ცუდი ამბებია“, „ბატონ იორეკს წყალი შესთავაზეთ“, „ აქ ფულს ვინმეს თავში იხდიან?“. „ ეგ ხომ მოგზაურობაშია წასული „ ( ასე ამბობენ მაშინ,როდესაც კონკრეტულ ივენთზე ადამიანი არ იმყოფება ), მოკლედ რას აღარ გაიგონებთ აქ. სწორედ მათგან შევიტყვე,რომ კაგამის გამოცდები დასრულებულიყო და უკვე შემეძლო იქ წასვლა.

ამასობაში ჩემი მეგზურიც დაბრუნდა უკან და ჩვენ კაგამისკენ გავემართეთ. ლეგენდებს თუ დავუჯერებთ ეს სოფელი მზისა და მთვარის შეხვედრის ადგილზეა გაშენებული. მისი ტერიტორია 150კვ.მეტრია. ტერიტორიის ფართობი გრძელი ნაჭრის „ჭიშკრებითაა“ შემოსაზღვრული.

სწორედ აქ შევხვდი კაგამელთა ერთ-ერთ სენსეის, ვატო აბულაძეს, რომლისგანაც შევიტყვე, რომ კაგამის გამოცდები დღეს სამ ტურად ჩატარებულა, რაც შეეხება შემდეგ, მეოთხე ეტაპს ის უკვე მომდევნო შეხვედრაზე გაიმართება. კაგამის გამოცდების გამარჯვებული წოდებას მიიღებს და გარკვეული პრივილეგიებითაც ისარგებლებს. მისივე საუბრიდან გამოვარკვიე ისიც, რომ კაგამში ახალი წევრებისთვის სკოლაც აქვთ.

ლარპის ივენთები 2-3 კვირაში ერთხელ იმართება. ძირითად ლოკაციად ისევ ლისის ტბა რჩება. თითოეული ივენთის ხანგძლივობა 8 საათია.

მზის სხივები ლისის ტბაში ეშვებიან. შემოდგომის ფერებით სავსე გარემოს შუაგულში ლარპელები სხედან და მთელი დღის ამბებს განიხილავენ, ხუმრობენ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან.

გზაზე გამოვედი, ტყე უკან მოვიტოვე, თანამედროვეობას უნდა დავუბრუნდე. მარტივი არ იქნება ,გამიჭირდება, მაგრამ ვიცი ნაცრისფერი ყოველდღიურობისგან გაქცევის სურვილი ,რომ მომეძალება სადაც უნდა წავიდე.

„უბრალოდ ბილიკს გაუყევი და ის დანიშნულების ადგილას თავად მიგიყვანს“- როგორც ჩემმა მეგზურმა გამომშვიდობებისას მითხრა .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100