სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ბერძენიშვილი: "ხუდონჰესის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები სუსტია“

რამდენად მნიშვნლოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტი განხორციელება და რა სარგებელს მოუტანს ის საქართველოს, რას ფიქრობენ ამ საკითხზე პარლამენტარები და როგორ აფასებენ პროექტის მნიშვნელობას? საქართველოს პარლამეტის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რესურსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ლევან ბერძენიშვილი: "მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ეკონომიკური განვითარების და ბუნების დაცვის მომხრე ვარ. ამ თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეკოლოგია სათანადოდ იქნება დაცული და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეკოლოგიური კატასტროფა არ იქნება, ეკონომიკური განვითარება აუცილებელია. ყველა ჰესი არღვევს ეკოლოგიას ყველა ქვეყანაში, მთავარია ზომიერება და არ იყოს კატასტროფა.

რაც შეეხება განსახლებისა და საფლავების თემას, ამ ნაწილის მოგვარება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის უნდა მოხერხდეს. კარგად მახსოვს, ჟინვალჰესს გავუძელით და დავმარხეთ მრავალსაუკუნოვანი ძეგლი, რადგან სტუდენტური ხაზით იქ ვმუშაობდი არქეოლოგიურ გათხრებზე. სვანეთში ეს შედარებით ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ მთავრობა და მოქალაქეები მოილაპარაკებენ. უბრალოდ იმის თქმა, რომ არცერთი ელექტროსადგური არ უნდა აშენდეს საქართველოში, არასერიოზულია. წყალი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რესურსი და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. თუ ეს უბრალოდ აკვიატებაა და თუ ეკონომიურად მომგებიანი არ არის და თუ ვინმე დაამტკიცებს ამას, კი ბატონო, მაგრამ, რა არგუმენტებიც ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთაგან მოვისმინე, არ არის ისეთი ძლიერი, რაც გათქმევინებს, რომ პროექტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ჩვეულებრივი პარლამენტარი. ფილოლოგი, არ ვარ სპეციალისტი და რა თქმა უნდა, აქ უფრო მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრი."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100