"ოცნების" პროპაგანდისტი აბაშიძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე რაზმაძე... - MONA.GE-ს ახალი სია
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ექსპერტი გია აბაშიძე, ხალხის ძალის წარმომადგენლები და კორუფციული სქემა - "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" და "დროამ" Mona.ge-ის ახალი სია გამოაქვეყნეს.
სიაში მოხვდნენ გასულ კვირაში უკრაინის მიერ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის სანქცირებული კომპანია "ბოლეროს" დირექტორი ირაკლი ბექაური და მასთან და ივანიშვილის დეიდაშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ბოჭორიშვილი.
"წინა კვირაში ჩვენს სიაში მოხვდა ვახტანგ კარიჭაშვილი, რომლის კომპანია "ბოლერო" უკრაინამ დაასანქცირა, რადგან კავშირები აქვს რუსეთში სანქცირებულ პირებთან, აქვთ კავშირი პირებთან, რომლებიც აფინანსებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. ამ კვირაში პორტალზე ხვდება 2 ადამიანი, რომლებიც დაკავშირებულია კომპანია "ბოლეროსთან", ესენი არიან ირაკლი ბექაური და დავით ბოჭორიშვილი", - განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.
mona.ge-ს სიაში ასევე მოხვდა გორის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული განცხადების გამო.
"თამაზ გინტურის შესახებ ჩვენ მოვისმინეთ შემზარავი განცხადება, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის, რომელმაც პრაქტიკულად გაიმეორა რუსული ცინიკური პროპაგანდა და ამ ამბავში პრაქტიკულად ჩვენი მოქალაქე დაადანაშაულა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
Mona.ge-ს პორტალს ასევე დაემატნენ "ოცნების" პროპაგანდისტი გია აბაშიძე და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები.
"PosTv-ს ეთერში გავიდა ანტიდასავლური ფილმი, სადაც პირდაპირ ამერიკა და USAID იყო დადანაშაულებული ქვეყანაში რევოლუციის და არეულობის მოწყობაში. ამ ფილმში მონაწილეობისა და პროპაგანდისტული მესიჯების გამეორებისთვის, ტყუილების გაჟღერებისთვის 3 ადამიანი არის შეყვანილი პორტალზე, ეს არის გია აბაშიძე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუციურ პროცესებს აფინანსებს USAID, მეორეა ნუკრი შოშიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ხალხი ახლა მიხვდა, თურმე რა ცუდია USAID და რა არის მათი მიზანი და მესამე არის ოთარ ჭულუხიძე, რომელიც პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს და ამით აგრძელებს რუსულ პროპაგანდას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარი