სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში შიშს პუტინის თვალები აქვს

რუსეთის სპეც-სამსახურებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ყაზახეთიდან რუსეთის ფედერაციაში შევიდა 5 კაციანი ტერორისტული ჯგუფი, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ჩაიდინოს ტერორისტული აქტი. ამავე ცნობით, ორი მათგანი დააკავეს, სამის ადგილსამყოფელი არ იციან...
დაღესტანში და ჩეჩნეთში, უსაფრთხოების მიზნით 18 საათიდან 6 საათამდე აიკრძალა მატარებლების გადაადგილება...
ასეთი მაგალითები ბევრია. რუსეთში შიში მატულობს.…ალბათ, ამით აიხსნება ის ფაქტი, რაც ქალაქ კიროვში მოხდა. თებერვლის თვეში დაგეგმილი იყო პუტინის ვიზიტი კიროვში. ქალაქის ხელმძღვანელობა დაფაცურდა ქალაქ კიროვის მოქალაქეებიც გახარებულნი იყვნენ. მათი აზრით, ძვირფასი სტუმარი ქალაქის ბევრ პრობლემას მოაგვარებს. პრობლემები კი კიროვში უამრავია. უმუშევრობა, კრიმინალი...
მოქალაქეებმა იფიქრეს, პრემიერი შეგვხვდებაო და ბევრმა გადაწყვიტა ქუჩაშიც გამოსულიყო და გამართლების შემთხვევაში პირადად ეთქვა სათქმელი რუსეთის ავტოკრატისთვის. ამ დროს, ქალაქ კიროვის სადარბაზოებში გამოჩნდა განცხადება, რომელიც უკრძალავდა მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის ქალაქში ჩამოსვლის დროს, მით უმეტეს, მისი ქალაქში გადაადგილებისას, აივნებზე გასვლას, ფანჯრებთან დგომას, ქუჩებში გაურკვეველი საგნებით გამოსვლას. მეტიც, ფანჯრიდან სურათების გადაღებას და ა. შ. მიზეზი დასახელებული არ იყო, მაგრამ ყველა მიხვდა, მოქალაქეებს შეიძლება ხიფათი შემთხვეოდათ, თუ პუტინის დაცვის სნაიპერები საეჭვოდ ჩათვლიდნენ რომელიმე მოქალაქის მიერ პრემიერის კორტეჟისთვის ფოტოაპარატის დამიზნებას. ასეთ შემთხვევაში, განცხადებით გაფრთხილებული კიროველების აზრით, შეიძლება სნაიპერებს შეიძლება ცეცხლი გაეხსნათ «დემოკრატიული დასავლეთის სამყაროს მიერ მოსყიდული» კიროველი მოქალაქის მისამართით. სსრკ-ს დროს იყო ასეთი შემთხვევა. ბრეჟნევის კორტეჟს ვიღაც საწყალმა ინსპექტორმა «დაუმიზნა» სიჩქარის დამდგენი მოწყობილობა, რომელიც მაშინ ახალი შემოსული იყო საბჭოთა კავშირში. გენერალური მდივნის დაცვას უბედური ინსპექტორი ტერორისტი ეგონათ და... დაშინებულ კიროველებს შორის, მაინც აღმოჩნდნენ გულადი ადამიანები და პროტესტი გამოთქვეს პუტინის დაცვის განსაკუთრებული მეთოდის გამო. ამბავი გახმაურდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა... რომ განცხადება უსაფრთხოების ზომების ამგვარი სიმკაცრის შესახებ, ყოფილა ერთი რიგითი მილიციელის პირადი ინიციატივა. ამგვარი ინიციატივების ავტორებს რუსეთის მილიციაში რა დალევს. ღმერთმა უწყის, ასეთი ინიციატივები უფრო მაღალ თანამდებობებზე აქვთ თუ არა. გამომდინარე რუსეთში განვითარებული მოვლენებიდან, «დომოდედოვოს» აეროპორტში აფეთქება და ტოტალური შიში, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. იქნებ, ეს გადაბრალებაცაა, ვინ იცის. ფაქტი ერთია, კიროველები მაინც დაშინდნენ.
ვლადიმერ ვლადიმერის ძეც ვერ გრძნობს თავს მთლად კომფორტულად. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მისი ქალიშვილები, მარია და ეკატერინე, რაც წამოიზარდნენ, არავის უნახავს. არ ვრცელდება მათი ვიდეო და ფოტო გამოსახულებები. არავინ იცის სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ. არის ვარაუდი, რომ ეკატერინე გერმანიაში ცხოვრობს, მარია კი გათხოვდა და შეიძლება საბერძნეთშია. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პუტინის ქალიშვილები ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ, მაგრამ არ დადასტურდა. მაგალითად, ფიქრობდნენ, რომ ისინი პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ, მაგრამ არავის უნახავს, და არც არავინ ადასტურებს ამას. შეიძლება არც დადიოდნენ უნივერსიტეტში.
როგორც ჩანს, პუტინის ქალიშვილები სხვა გვარსა და სახელებს ატარებენ, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.
ასეთი შიშია ჩამომდგარი რუსეთის სახელმწიფოში და მისი ლიდერის ოჯახში. შიში უსაფუძვლო არ არის, ის ტერორისტები, რომლებიც აფეთქებენ მეტროებს და აეროპორტებს, დაემუქრებოდნენ პრემიერის ქალიშვილებსაც, რაც არაფრისდიდებით არ არის გამართლებული. შვილები პასუხს არ აგებენ მამების საქციელზე, თანაც ტერორიზმი მიუღებელია. მაგრამ, როგორც ზემოთ თქმულიდან ჩანს, შიში პუტინის რუსეთში სულ უფრო დიდი თვალებით იყურება. მოქალაქეები ტერაქტებით არიან დაშინებული, ხელისუფლება ტერორისტებით. სამწუხარო ის არის, რომ მსხვერპლი სრულიად უდანაშაულო უბრალო მოქალაქეებს შორის არის ხოლმე. რაც არაფრისდიდებით არ ამართლებს ტერორისტებს. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებაც უნდა მიხვდეს, რომ მეთოდები ხალხებთან ურთიერთობისა უნდა შეცვალოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100