საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში სამსახურს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა გენერალი პეტრეუსის სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიმამაცესა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.
ქვეყნის პირველმა პირმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 11 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად, სამშვიდობო მისიის ფარგლებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, კომპენსაციის გარდა, მუდმივი პენსიაც დაენიშნებათ.
„ამის შესახებ მე ვაპირებ შევიტანო კანონპროექტი პარლამენტში, რომ თითოეული გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრს ჰქონდეს პენსია მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამასთან, ავღანეთში სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ თითოეულ სამხედროს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ანაზღაურება და პენსია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფება.
კომენტარი