სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ხუბუას თსუ–ში პროფესორობაზე უარი უთხრეს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გია ხუბუას, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურისტ კახი ყურაშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ირინე ქურდაძეს, იურისტ ეკა სირაძესა და კიდევ რამდენიმე ცნობილ სამართალმცოდნეს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დაკავებაზე უარი უთხრეს.

მისთვის თანამდებობაზე უარის თქმის ფაქტი "პირWელს" გია მეფარიშვილმაც დაუდასტურა, თუმცა ამ საკითხზე დეტალური საუბრი არ ისურვა.

"გასაგებია, რატომაც მითხრეს უარი, თუმცა ამაზე საუბარს უკვე აზრი არ აქვს," – აღნიშნა მან.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურისტის კახი ყურაშვილის თქმით კი, მას ამ უარით "არაფერი დაუკარგავს".

"ვფიქრობ, ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული იყო და საკმაოდ კარგი მონაცემები მქონდა. ვფიქრობ ასევე, რომ ამ უარით არაფერი დამიკარგავს, პირიქით. მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე თსუ-ში 10 წლის განმავლობაში ვასწავლიდი, ვასწავლი სხვა - კერძო უნივერსიტეტშიც და ფინანსური პრობლემა არასდროს მქონია. უბრალოდ მიმაჩნდა, რომ თსუ-ს ვჭირდებოდი," – განაცხადა ყურაშვილმა.

"პირWელი" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა როგორც სამინისტროში განაცხადეს, იგი ამჟამად კიევშია.

როგორც "პირWელს" თსუ-ში განუცხადეს, კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.

უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია თსუ-ის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის 06.05.2011 წლით დათარიღებული ბრძანება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი სამართლის ისტორიის, სამართლის მეთოდების, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და კერძო სამართლის, ასევე საერთაშორისო და სისხლის სამართლის განხრით სულ 34 საშტატო ერთეულს შეეხებოდა.

განაცხადი სულ 58-მა კანდიდატმა შეიტანა, რომელთაგან 7 სექტემბრის დადგენილებით, 22 აირჩიეს, მათ შორის კერძო სამართლის მიმართულებით - ბესარიონ ზოიძე, დავით კერესელიძე, თევდორე ნინიძე, ლადო ჭანტურია, ირაკლი ბურდული, თამარ ზამბახიძე და გიორგი ცერცვაძე, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით - ლევან ალექსიძე და კონსტანტინე კორკელია, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - მაია კოპალეიშვილი და ირმა ხარშილაძე, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით - გიორგი კვერენჩხილაძე, ნანა ჭიღლაძე, გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კახიანი, სისხლის სამართლის მიმართულებით - მაია ივანიძე, ლალი ფაფიაშვილი და გიორგი თუმანიშვილი, სამართლის ისტორიის მიმართულებით - გიორგი დავითაშვილი, ნუგზარ სურგულაძე, დავით ბოსტოღანაშვილი და მარინა გარიშვილი.

ქეთი გიგოლაშვილი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100