რუსეთმა ნალჩიკში დაკონსერვებული სააავიაციო პოლიგონი აამოქმედა და მანევრები დაიწყო
როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და ნალჩიკში სსრკ-ს დროს არსებულ, რუსეთში ერთადერთ სამთო-საავიაციო პოლიგონს, რომელიც წლებია, დაკონსერვებულია - ხელახლა აამოქმედებს.
რუსეთის მთავარი სამხედრო უწყების ეს გადაწყვეტილება საეჭვოდ ემთხვევა ყაბარდო-ბალყარეთში სიტუაციის ბოლოდროინდელი გამწვავების შემდეგ რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთში მოქმედი ბოევიკები საქართველოს ტერიტორიაზე იწრთვნებიან.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სწორედ დღეს დაიწყება ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური, საავიაციო მანევრები. როგორც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკი, ვლადიმირ დრიკი იუწყება, სწავლება-მანევრები 10 აგვისტომდე გაგრძელდება.
„სწავლებებში მონაწილეობას საჰაერო ძალების 15 ერთეული მიიღებს“, - ამბობს პოლკოვნიკი, - „მათ შორის Су-24, Су-25, Су-27, Су-34, МиГ-29, Ту-22М3; ასევე ვერტმფრენები - Ми-24 и Ми-28“.
საავიაციო პოლიგონ „ნალჩიკის“ ამჯამინდელ ადგილსამყოფელზე 1993 წლიდან სამხედრო კომენდატურაა განთავსებული. მანევრები, რომლებიც დღეს იწყება, რუსულ სამხედრო-საჰაერო ძალებში ახალი ტექნიკის გამოცდასაც უკავშირდება. ნალჩიკის პოლიგონი ერთადერთია რუსეთსა და ყოფილ სსრკ-ში, სადაც თავის დროზე ცდიდნენ არამხოლოდ მართვად და უმართავ საჰაერო ჭურვებს, არამედ უპილოტო საფრენ აპარატებსა და აპარატურას, რომელიც მთიან პირობებში ჯარის ფარული მართვისთვის გამოიყენება.
კომენტარი