სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძე: დღეს დამეკისრა რთული და საპასუხისმგებლო მისია

ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სპეციალური განცხადება ვრცელდება, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს დამეკისრა რთული და საპასუხისმგებლო მისია, ირაკლი ღრიბაშვილთნ ერთად -სათავეში ჩავუდგე პარტიას „ქართული ოცნება“.

ჩემი კარიერიდან გამომდინარე კარგად ვიცი გუნდურად გამარჯვების მოპოვების ფასი და ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა "ქართული ოცნება" იყოს ერთიანი მონოლითი, ერთი იდეის და მიზნის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი, რომელიც ხალხის და ქვეყნის სამსახურში იქნება.

მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავისი შემართებით, თავისი მონდომებით და საერთო საქმისადმი ერთგულებით საფუძველი ჩაუყარეს პარტიას, თავისი მხრებით გამოატარეს ურთულესი პერიოდი და უდიდესი წვლილი შეიტანეს პოლიტიკაში "ქართული ოცნების" დამკვიდრებისთვის.

„ქართული ოცნება“ ახალი სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში: უმოკლეს დროში ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დავირაზმეთ, რათა დაგვეძლია საერთო ბოროტება, რომელიც ანადგურებდა ქვეყანას მენტალურად, ზნეობრივად, სპობდა თავისუფლების სულს , ადამიანურ ფასეულობებს და შიშით, ტერორით ქმნიდა დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგომი სახელმწიფოს ილუზიას!

პარტია ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია:
ჩვენ გვენდო მოსახლეობა- ვინაიდან ეს არის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე, რომლის იდეოლოგიას და მიზნებს განაპირობებს ის განწყობები, ის საზოგადოებრივი მოთხოვნები და დაკვეთები, რაც აწუხებს თითოეულ ჩვენგან, რასაც ამომრჩეველი ითხოვს პოლიტიკოსებისგან!
პარტია „ქართული ოცნების“ ერთერთი ამოცანაა ჯანსაღი , კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის.

ჩვენი მთავარი გზავნილი არის მოსახლეობისადმი, რომ რა პოლიტიკურ ნიშაში არ უნდა იყოს " ქართული ოცნება", ის ყოველთვის ითანამშრომლებს ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველ ხელისუფლებასთან და ქვეყნის სწორ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკურ ძალებთან.

დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური ამინდი, რაც ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკიდან გამარგინალებული, დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების თვითგანდევნას.

ჩვენ დავისახეთ ამ ეტაპზე ურთულესი მიზანი-ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების სურვილია დასაბამი მიეცეს პოლიტიკაში თითოეული ადამიანის ჩართულობას და სოციალურ აქტიურობას, გამოვიდეთ ქუჩის ქაოტური პროცესებიდან, ერთპარტიული დიქტატების ფაზიდან და ქვეყანაში ევროპული, თანამედროვე პოლიტიკური გარემო შეიქმნას .

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი გამოწვევები დადგა ქართული პოლიტიკის წინაშე, ყველაფერი ვითარდება, ახლდება და ახალ საფეხურზე გადადის.
"ქართული ოცნება" თავისი არსით, თავისი დანიშნულებით არის ვალდებული შეინარჩუნოს ხალხის გამარჯვება, ხელი შეუწყოს ჯანსაღი პროცესების წარმართვას ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდროს საქართველოს დემოკრატიული , სტაბილური ქვეყნის იმიჯი მსოფლიო თანამეგობრობის თვალში.“ - ნათქვამია კახი კალაძის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100