ილორის ტაძრის ხელყოფის გარდა, ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკაც განადგურებულია
„რუსთავი-2“-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური კადრები, სადაც ასახულია ილორის წინდა გიორგის ტაძრის მდგომარეობა ე.წ. რეაბილიტაციის შემდეგ დღეს საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ისტორიკოსების განხილვის საგანი იყო.
პირველ რიგში, ხაზი გაესვა იმას, რომ ქართულმა მხარემ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს აფხაზეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტების ირგვლივ არსებული მდგომარეობის ამსახველი კადრების მსოფლიოსთვის გაცნობას. საკანონმდებლო ორგანოს, ხელისუფლების, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს „რუსთავი-2“-ს ექსკლუზიური კადრებისთვის, რომელიც იმის სამხილად იქცა, თუ რას სჩადის რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ამ დღეებში აფხაზური და რუსული პრესით ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, ლეონიდ ლაკირბაიას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ქართული მხარე წინააღმდეგია აფხაზეთში იუნესკოს წარმომადგენელთა ჩასვლის. მეტიც, ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეტში იუნესკოს შესვლაზეც კი თანახმაა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ ყურადღება მე-11 საუკუნის, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მდგომარეობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთში, ყველაზე მძიმე ვითარებაში ეს ეკლესიაა, რადგან ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაობის შედეგად, ძეგლის ავთენტურობა სრულიად დაირღვა.
„ICOM”–ის რუსული ბიუროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილორის მონასტერი ნამდვილად შეთეთრებულია და არსებული გუმბათი ავთენტურია, რაც მას უნდა მოსცილდეს. ანალოგიური ვითარება დრანდის ეკლესიაში იყო, კერძოდ, უძველეს ბათისტურ სანათლავს, რკინა–ბეტონის სანათლავი დაადგეს, რომელმაც პირვანდელი ძეგლი დააზიანა. ამასთან, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ამ სანათლავის მდგომარეობა გამოსასწორებელია. ანალოგიური მდგომარეობაა, სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც, ამიტომ, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მსოფლიოს „დაბომბვა“ მოხდეს”, - განაცხადა გაგოშიძემ.
კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, ათენის სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში, არექოლოგების გარეშე გათხრები მიმდინარეობს, რაც დაუშვებელია.
კულტურის სამინისტროს მსგავსად, სეპარატისტთა ტერიტორიაზე, ძეგლების ვანდალურად განადგურების გამო, შეშფოთებას, საგარეო უწყებაც გამოხატავს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინოკალანდაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა მხოლოდ ექსპერტების, არამედ სამღვდელოების გადაადგილებაც შეზღუდულია, რის გამოც, ქართული მხარის, ბერკეტები და ინფორმაციის მიღების წყაროები შეზღუდულია.
„იმისთვის, რომ ამ პროცესებში, ყველა უწყება ჩართული იყოს და ინფორმაცია ფართო ყურს მოხვდეს, სამინისტროს წლების განმავლობაში, სტრატეგია აქვს შემუშავებული, უპირველესი მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაა. ვცდილობთ, ჩვენი სულისკვეთება საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაიზიარონ. ყველაზე შუალედური გამოსავალი იყო ის, რომ იუნესკოსთვის თხოვნით მიგვემართა, რომ მათ აფხაზეთში მისია გააგზავნონ და ვითარება აღწერონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იუნესკო მისიის გაგზავნას ვერ ახერხებს. მირთალია, იუნესკო ამ მიმართულებით წარმატებულ საქმიანობაში დაინტერესებულია, თუმცა, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ექსპერტებს ვერ გზავნის, მაგრამ შესაძლოა, ახლო ხანში მისიის წარგზავნა მოხერხდეს“, – აღნიშნა კალანდაძემ და დასძინა, რომ საქართველო თანახმაა, იუნესკო აფხაზეთში რუსეთიდან შეუშვას.
„საქართველომ, იუნესკოს რამდენჯერმე მიმართა და მასთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ მისია აფხაზეთში გაიგზავნება, რადგან ლაკერბაია მისიის მისაღებად მზად არის, თუმცა, არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან. კულტურული მემკვიდრეობის საკითხი იმდენად მწვავე და მტკივნეულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სხვა გზებზეც იმსჯელოს. იმისთვის, რომ მისიის ჩაყვანა შესაძლებელი გახდეს, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის დაშვებისთვის მზადაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით პოზიტიურს ვერაფერს ვიტყვით. მისია, რომელიც აღწერაში მონაწილეობას დამოუკიდებლად და არაინფორმირებულად მიიღებს, ის ობიექტურ მონაცემებს ვერ შეაგროვებს. ამიტომ, ბუკლეტის გამოცემის გარდა მნიშვნელოვანი იქნებოდა, მოძრავი ძეგლების შესახებ სრული ჩამონათვალის გაკეთება, რომელსაც საქართველო არამხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არამედ ინტერპოლსაც მიაწოდებს“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, „ფარულ მონიტორინგის“ შედეგად ახერხებს. ამ მონიტორინგში მონაწილეობის სურვილს კი, გამოთქვამენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა პირებიც, რომელთათვისაც ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია.
კომენტარი