"ეჭვია, რომ პოლიციელს ხელს აფარებენ" - გერლიანის ოჯახი ითხოვს, საქმე პროკურატურას გადაეცეს
რამაზ გერლიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მისი ძმის, რომანოზ გერლიანის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ პოლიცია საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს და გაუჩინარებული ეკონომისტის მიერ დასახელებულ პოლიციელს, ხელს აფარებს:
"ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, რომ ამ საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ და ამ პოლიციელს ხელს აფარებენ. ისიც კი არ ვიცით, დაიკითხა ეს პოლიციელი, საერთოდ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ამ პროვნებასთან მიმართებაში?" - ამბობს რომანოზ გერლიანი.
ოჯახი და ადვოკატი ითხოვს, გამოძიებაში პროკურატურა ჩაერთოს და საქმეს ჩამოცილდეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გიორგიო კლიმიაშვილი:
"მთელი დღის განმავლობაში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი კლიმიაშვილი ცდილობდა ჩვენთვის შეექმნა აზრი, რომ ეს ყველაფერი რამაზ გერლიანის მხრიდან ემსახურება იმას, რომ მან ყურადღების მისაქცევად გააკეთა ეს ყველაფერი და ფაქტიურად გამორიცხავდა სუიციდს" განაცხადა ოჯახის ადვოკატმა და პირადად მიმართა შს მინისტრ გომელაურს.
გერლიანები ფიქრობენ, რომ საქმეს ავჭალის პოლიცია ვერ გამოიძიებს.
შეგახსენებთ, რომ რამაზ გერლიანის ძებნა ოჯახმა 19 დეკემბრიდან დაიწყო. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. ფეისბუქ-პოსტი სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება. უცნობია რა მიზეზით.
სამართალდამცველებმა 2 დღის განმავლობაში გაჩხრიკეს გერლიანის ოფისი, აგარაკი, წაიღეს მისი მობილური ტელეფონი. იკითხებიან ოჯახის წევრები. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა გერლიანის ყოფილი მეუღლის გამოკითხვაც, რომელსაც გერლიანის დამ დღეს სკანდალური ბრალდება წაუყენა.
კომენტარი