სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს და გულს ვერ უდებ...

იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება
სოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე,
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის
ბოლოს და ბოლოს – შენს ხელთაა შენი ბედიც და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით,
წლების მერე რომ სხვის წიგნებში ცოცხლდება, კვდება,
ცოცხლდება, კვდება და ერთხელაც ყელში ამოსდის
ეს ყველაფერი. ერთდროულად ყველა წიგნიდან
გარბის და ისე იკარგება, საკუთარ თავსაც
ვეღარ პოულობს სივრცისა და დროის შავ ხვრელში -
“ბაღში, რომელშიც ბილიკები იყრებიან” და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ
მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა
ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი
წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,
ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
და წერ, რომ შენი სახელია “საკარიასი”,
მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს
და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზს
დარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები
და ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.
როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,
ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც -
უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან

სოფელში, ერთ დროს სულებისთსის რომ ავაშენე,
ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,
იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა – იმხელა) მხეცმა
დაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვის
აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?
ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,
უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100