"გოგომ დარეკა, დედას ელაპარაკა და თქვა, რომ არ იცის სად არის" - გორი-თბილისის გზაზე 17 წლის გოგო 22 წლის ბიჭმა "მოიტაცა"
გორი-თბილისის გზაზე 17 წლის გოგო 22 წლის ბიჭმა "მოიტაცა". ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. ტელეკომპანიასთან საუბარში გოგოს ოჯახის წევრი აცხადებს, რომ უკვე მეორე დღეა პოლიციას მოზარდის ადგილსამყოფელის დადგენასა და მის სახლში დაბრუნებას სთხოვენ. შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე მოხდა.
გატაცებულის ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია საფარის იურისტი, თამუნა ლუკავა იცავს. დღეს, 12 აგვისტოს საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ ფაქტის შესახებ ფეისბუქზე საჯაროდ დაწერა. ამის გატაცებული გოგო ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ხვალ დააბრუნებენ.
"გოგომ დარეკა, დედას ელაპარაკა და თქვა, რომ არ იცის სად არის. ბიჭს უთქვამს ხვალ ჩამოვიყვანო. გვინდა, რომ ქართულ-ხალხური არ წავიდეს იქ და ჩამოვიყვანოთ დროზე", - ჰყვება ოჯახის წევრი და ამატებს, რომ ბიჭის ოჯახი პოლიციამ უკვე გამოკითხა.
მისივე თქმით, უკვე ორი დღეა პოლიციის რეაგირებას ამაოდ ელოდებიან. იგი საქმისადმი სამართალდამცავების გულგრილ დამოკიდებულებაზე ჰყვება:
"განვაცხადეთ, გვითხრეს ვეძებთ, გადავეცითო, ჩვენ გვეგონა, რომ ეძებდნენ. დეიდაშვილმა დაინახა ბორჯომში მანქანა, მიამსგავსა, წავიდნენ დეიდა და დეიდაშვილი, პოლიციაში მივიდნენ და არ იყო გადაცემული. ასე გავიგეთ, რომ არავინ არავის არ ეძებდა. ჩემი სიძე გუშინ განყოფილებაში იყო და იქ ასე შეხვდნენ: "გოგო გაგიბედნიერდაო".
იურისტი თამუნა ლუკავა ფორმულასთან საუბარსი აცხადებს, რომ ამ საქმეზე პოლიციის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება სახიფათოა, რადგან ამან, შესაძლოა, დამატებით დანაშაულს შეუწყოს ხელი.
"ასეთი ტიპის დანაშაულებში წუთებიც კი მნიშვნელოვანია და რატომღაც პოლიცია აჭიანურებს პოვნას. თავისუფლების უკანონო აღკვეთა არ არის მხოლოდ ერთი დანაშაული, ამას მოსდევს უფრო მძიმე, სქესობრივი დანაშაული. როგორც წესი, ამას მოძალადეები იყენებენ იმისათვის, რომ გოგო დარჩეს და არ თქვას არაფერი", - ამბობს იურისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
კომენტარი