მამუკა მდინარაძე: დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა
მამუკა მდინარაძე- "როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა.
ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით.
სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან სრულად გამოისყიდის მოქალაქეთა ამ დავალიანებას და 15-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში 600 ათასზე მეტი ადამიანის დავალიანებას გაანულებს.
ხაზს ვუსვამ, ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი ქართუ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.
საუბარი შეეხება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მოვალეთა რეესტრში და მათი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ასეთი კი შავ სიაში მყოფ ადამიანთა 95%-ია და მათი დავალიანების ჯამური თანხა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნით ღირსეული ცხოვრების პირობებს თითოეული ადამიანისთვის!".
კომენტარი