პოლიტიკურ პარტიებს დაპირებებიც შეეზღუდებათ
პოლიტიკურ პარტიებს დაპირებებიც აეკრძალათ, გარდა დაპირებისა, რომელიც საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პარტიას ეკრძალება - კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობის გადაცემა (გარდა პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები).
ასევე პარტიას ეკრძალება შეღავათიანი ფასად საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალური ან არამტერიალური ფასეულობათა, აგრეთვე მომსახურების (მათ შორის ფიქტიური შრომით ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების), მიწოდების ან ასეთის დაპირებით (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას).
კომენტარი