ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება.
ცენტრი, რომელიც საჯარო ადმინისტრაციის სფეროში კადრების და რესურსების მომზადებას ისახავს მიზნად, მუშაობას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყებს. ის იქნება საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რათა შეიქმნას კარგად მომზადებული და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე კადრების დიდი ქსელი.
„ეს იქნება საზოგადოება, ის ჯგუფი, რომელიც შემდგომში შეძლებს სწორი, გამჭვირვალე მმართველობის, საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნასაც და გატარებასაც“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ, რომელმაც ახალი ცენტრის ჩამოყალიბების გეგმაზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან ერთად იმუშავა.
საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს. ტრენინგები იქნება როგორც საბაზისო, ისე - თემატური. ცენტრი ასევე გახსნის ფორუმს საჯარო პოლიტიკის განხილვისა და საერთაშორისო დებატებისთვის. ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უკვე არსებულ უწყებრივ სკოლებსა და აკადემიებთან, ასევე, გაითვალისწინებს გერმანიის საჯარო ადმინისტრირების ფედერალური აკადემიისა და პოლონეთის საჯარო ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის გამოცდილებას.
„იმ მომენტისთვის, როდესაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, ჩვენ ცენტრი გამართული გვექნება. აუცილებელია, საჯარო მოხელეთა გადამზადება იყოს სისტემატური, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს მუშაობაზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ნინო ჭელიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, 115 ახალგაზრდა გაიგზავნება; გასულ წელს გაგზავნილი 77 სტუდენტიდან კი 26 - წელს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს დაბრუნდება.
„ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობთ, 4-5 წელიწადში მივიღებთ კარგად მომზადებულ 500-600 ახალგაზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი