მიწისძვრის შემდეგ თეთრ სახლში დაწყებული ევაკუაცია (ვიდეო)
„ასოშიეტედ პრესის“ მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ იწყება ევაკუაცია თეთრი სახლიდან მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ. თეთრი სახლის ეზოსა და სახურავზე შენობიდან ევაკუირებული ხალხი გადაადგილდება. ევაკუაციის პროცესი მშვიდად, პანიკის გარეშე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ვაშინგტონიდან 92 კილომეტრის დაშორებით, ვირჯინიაში მდებარეობდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "როიტერის" ინფორმაციით, კონგრესის შენობიდან და პენტაგონიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა. "სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით კი, ნიუ-იორკში, სადაც ასევე იგრძნობოდა მიწისქვეშა ბიძგები, დროებით გაითიშა მობილური კავშირი. ამის გამო მანჰეტენის ნაწილში ევაკუაცია მოხდა. მიწისძვრის გამო მუშაობა შეწყვიტეს აეროპორტებმა, თუმცა ამ დროისთვის მობილური კავშირიც აღდგა და აეროპორტებმაც მუშაობა განაახლეს. დაახლოებით 6 ბალამდე მიწისძვრა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზეც დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ვირჯინიიდან ბოსტონამდე იგრძნობოდა.
კომენტარი