სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგორელი კაცი, რომლემაც, ჩაკეტილი გზის გამო ექიმთან მისვლა ვერ შეძლო, გარდაიცვალა

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა ვერ მოახერხა და გარდაიცვალა.

ახალგორელი ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი წერს, რომ გარდაცვლილი მიმდინარე წელს რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის სამედიცინო მომსახურება მის სამკურნალოდ და გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალგორის საავადმყოფოში მხოლოდ წნევის გაზომვა და კარდიოგრამის გადაღებაა შესაძლებელი. სისხლის ანალიზისთვის ნიმუშები ცხინვალში კი ცხინვალში იგზავნება.

მეარაყიშვილისვე თქმით, ახალგორის ჩაკეტვის გამო გარდაცვლილი ვერც კუთვნილი პენსიის აღებას ახერხებდა, რაც მისი ერთადერთი შემოსავალი იყო.

"ჭია გურამა"- ასე იცნობენ ახალგორში. ჩემი მეზობელი იყო. ნათესავებიც ვართ და მამაჩემის მეგობარი იყო. უკეთილესი ადამიანი. ჩვენი უბნის კატების და ძაღლების შემფარებელი. მაგნიტოფონი ჩვენს უბანში პირველად მას ჰქონდა, ასე 40 წლის წინ და ჩემი და ჩემი დის "კონცერტები" მისი ჩაწერილია 3- 4 წლისები როცა ვიყავით.

რაც გზა ჩაიკეტა, პენსია- მისი ერთადერთი შემოსავალი ვეღარ აიღო. ვერც ექიმთან წავიდა. წელს რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში. "ვკვდებოდი და ონისემ გამომაძვრინაო"- მითხრა.

როცა ვხვდებოდით, მეუბნებოდა- გადამიღე და გამომაქვეყნე..." - წერს მეარაყიშვილი.

ოკუპირებული ახალგორი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. ახალგორში მცხოვრებლებს შეეზღუდათ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, ჩაკეტვამდე კი ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომსახურებას იღებდნენ და გარკვეული შეღავათებითაც სარგებლობდნენ,

ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ ოკუპირებულ ახალგორში გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია, რის გამოც იქაურები საცხოვრებელს ტოვებენ და სამუდამოდ მიდიან.

"15 ოჯახი ვიცი, ვინც მზად არის, თვის ბოლომდე აქედან წავიდეს. დატოვოს სახლი, ბაღი, საფლავები, მოგონებები. სულ ტოვებენ, სამუდამოდ. საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს. პროტესტი არ აქვს. საერთოდ არ აღელვებთ, რას განვიცდით". - ამბობს მეარაყიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100