"გუშინ, ჯვართამაღლებას დაბადების დღე ჰქონდა, როგორი სიხარულით აღნიშნა 23 წლის შესრულება... დღეს სიცოცხლე მოუსწრაფეს" - ვინ არის გურიაში მოკლული ახალგაზრდა?
რამდენიმე საათის წინ გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მოკლული ახალგაზრდა 23 წლის ავთანდილ სიხარულიძეა. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრე გათავისუფლდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის მხოლოდ ისა არის ცნობილი, რომ დანაშაული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა. 23 წლის მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის კლინიკაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მანამდე კი მოკლულის ახლობლები დაბა ჩოხატაურში, მამქოლის კლინიკასთან იყვნენ შეკრებილები, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ესვენა. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მედიას დავით სიხარულიძეს ესაუბრა, რომელიც ჩოხატაურის მერის წარმომადგენელია სოფელ გოგოლესუბანში: "ავთანდილ სიხარულიძე ჩემი მეგობრის შვილია, ის შუაამაღლებაში ცხოვრობდა, მკვლელობა კი გოგოლესუბანში მოხდა. რატომ გაიმეტა, მოტივზე არაფერი ვიცი. რა გითხრათ, მთელი სოფელი შეძრწუნებულია, კატასტროფა მოხდა სოფელში. როგორც ამბობენ, ბიჭი ცივი იარაღითაა მოკლული. მკვლელის ვინაობა ჩემთვის უცნობია. რას მოჰყვა შელაპარაკება, ან მკვლელობის მოწმეები არიან თუ არა, არც ეგ ვიცით. საშინელება ხდება ადგილზე...“ "გუშინ 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას დაბადების დღე ჰქონდა, როგორი სიხარულით და ბედნიერებით აღნიშნა 23 წლის შესრულება და დღეს "ალავერდობას" სიცოცხლე მოუსწრაფეს..." - წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.
კომენტარი