სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კალანდაძე სამინისტროში ირაკლი ალასანიამ დაიბარა და თეა წულუკიანი დაახვედრა

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროს შენობაში აიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ეს მის კაბინეტში მოხდა, თუმცა შემდეგ გამოცხადდა, რომ კალანდაძე შენობაში აიყვანეს.

ოფიციალური ვერსია მთავარ პროკურორს შეეშალა კიდეც: „ის დააკავეს კაბინ... კაბინეტში არა, თავდაცვის სამინისტროს შენობაში...“

ასევე ოფიციალურ ცნობებში ფიგურირებდა, რომ გიორგი კალანდაძეს, რომელსაც, ბუნებრივია, მობილური გამორთული არ ექნებოდა, დილის 5 საათისთვის დაურეკეს და სახლიდან გამოიყვანეს: „მობილურზე დაურეკეს და დაიბარეს სასმსახურში“ – ამ ინფორმაციის უარყოფა არც არავის უცდია, რადგან ცხადია, რომ კალანდაძე სამინისტროში სახლიდან მივიდა. დილის 5 საათზე ის სამინისტროში არ ყოფილა.

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხგასაცემი რჩებოდა ერთი კითხვა: ვინ დაურეკა გიორგი კალანდაძეს?

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის – საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, პრეზიდენტი კი – უმაღლესი მთავარსარდალი. რადგან გაერთიანებული შტაბი არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, გამოდის, რომ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს ორი ზემდგომი ჰყავს – საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ვის შეეძლო დაერეკა გიორგი კალანდაძისთვის და თავდაცვის სამინისტროში, სამსახურში დაებარებინა? მოდით, ისევ ლოგიკა მოვიშველიოთ: პრეზიდენტის ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზარი არ ყოფილა – ეს დღეს უკვე ცხადია. რომც ყოფილიყო, პრეზიდენტი თავისთან დაიბარებდა მთავარ სამხედრო მრჩეველს და არა თავდაცვის სამინისტროში. ვინ დარჩა? დიახ – თავდაცვის მინისტრი.

სწორედ თავდაცვის მინისტრი იყო ერთადერთი, ვინც, შესაძლოა, ამ ზართან იყოს კავშირში. რატომ მინისტრი და არა მისი რომელიმე ხელქვეითი? დილის 5 საათზე თავდაცვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწე ან მისი სხვა ხელქვეითი არ იქნებოდა, რომ ირაკლი ალასანიას მისთვის დაევალებინა კალანდაძესთან დარეკვა. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს უმუშავიათ სადღეღამისო რეჟიმში და გასაკვირიც არაფერი იქნებოდა იმაში, რომ იმ დროს მინისტრის აპარატის წევრები სამსახურში ყოფილიყვნენ, მაგრამ ჯერ ერთი, მაშინ გიორგი კალანდაძეც იქ იქნებოდა და, მეორეც, იმ დროისთვის არსებული ვითარება არ მოითხოვდა საგანგებო რეჟიმში მუშაობის აუცილებლობას. მაშასადამე, გამოდის, რომ გიორგი კალანდაძეს თავად თავდაცვის მინისტრმა დაურეკა, კალანდაძეც, რასაკვირველია, ადგა და წავიდა...

რა უთხრა ტელეფონში ირაკლი ალასანიამ გიორგი კალანდაძეს? ამ შეკითხვაზე ეკა ხერხეულიძე პასუხობს, რომელმაც დაადგინა, რომ კალანდაძეს ნამდვილად ირაკლი ალასანიამ დაურეკა:

„5:20 საათზე ალასანია იბარებს კალანდაძეს სამინისტროში და სთხოვს, რომ მინისტრის მოსასვენებელ ოთახში გაჰყვეს სასაუბროდ, სადაც ხვდება წულუკიანი, რომელიც ატყობინებს კალანდაძეს, რომ ის დაკავებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით“, – წერს იგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„ამ ფაქტს სახელი თავად დაარქვით“, – ამატებს ხერხეულიძე.

„ამ ფაქტს“ სახელის დარქმევა არ სჭირდება – ეს არის სამხედრო პირებში და ზოგადად, ადამიანური პრინციპებით, მიუღებელი საქციელი, რომელიც, შესაძლოა, ეპატიოს სხვას, მაგრამ მიუტევებლად აკნინებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს...

ამას გარდა, ამ ფაქტიდან გამომდინარე, უკვე აშკარაა, რომ ირაკლი ალასანიამ მთელი საქართველო მოატყუა. თუ გახსოვთ, მან დაკავებიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ „შეიტყო“ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დაკავებისა და მისი ბრალდების შესახებ. და მჭმუნვარე სახით დაამატა: „ძალიან სამწუხაროა“...

ამასთან, პასუხგაუცემელი რჩება უამრავი კითხვა: რა უნდოდა იუსტიციის მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დილის 5 საათზე? კიდევ ვინ მონაწილეობდა მათ თავყრილობაში ისეთი, ვის ვინაობასაც არ გვიმხელენ? ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ კალანდაძის დაკავება, როგორც მთავარი პროკურორი აცხადებდა, „მხოლოდ სამართლებრივი აქტი“ არ არის და ხელისუფლების ვერტიკალში დაკავების დეტალებზე წინასწარ მოილაპარაკეს?

რას გვიმალავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სახით?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100