თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
ეროვნული კინოცენტრი უკვე მე-12 წელია საქართველოში ყველაზე მასშტაბური - თბილისის კინოფესტივალის მხარდამჭერია. 30 ნოემბერს,19 :30 საათზე კინოთეატრ "ამირანში" თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის "მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამა ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია,პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფებისტები დაესწრებიან. თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. "ქალთახედვა " სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.
კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით - ქალთა უფლებების და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის გარშემო.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდება.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის "ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა - რალფ ფაინსი ასრულებენ.
წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან გნსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებს მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ამ კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი "ბედნიერების ღმერთი” დახურავს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ეროვნული კინოცენტრი. ფესტივალის გენერალური სპონსორი - აჭარანეტი.
კომენტარი