სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია ლაზაშვილი პირდაპირ ეთერში: „რა მანქანები მოძრაობენ ხეობაში, რა ნომრები აქვთ?“

ცნობილია ფაქტია, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს რუსეთის არმიის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ფარულად და ღიადაც კი უჭერდნენ მხარს აფხაზ სეპარატისტებს და საარტილერიო ცეცხლის კორექტირებაშიც ეხმარებოდნენ, აფხაზეთში მზვერავების დიდი რაოდენობა არ გაუგზავნიათ. უბრალოდ, საჭირო არ იყო, რადგან მზვერავების როლს შესანიშნავად ასრულებდა საქართველოს ტელევიზია, სადაც დღეში რამდენჯერმე გადიოდა ინფორმაცია აფხაზეთში დაბომბილი დასახლებული პუნქტებისა და პოზიციების შესახებ. ზუსტი საარტილერიო კოორდინატების გადაცემაზე პასუხისმგებელი პირებიც ტელევიზორთან ისხდნენ, ეთერს უყურებდნენ და მათი მიწოდებული კოორდინატების მომლოდინეებს პირდაპირ აქედან აძლევდნენ დირექტივებს: „ახლა ოდნავ მარცხნივ დაარტყით...“; „...ახლა ცოტა მარჯვნივ გადასწიეთ ცეცხლის ხაზი...“

იმ სახედრისგან განსხვავებით, რომელიც ერთხელ ორმოში ჩავარდა და მეორედ ამ ორმოს გვერდი შორიდან აუარა, ჩვენ უკვე მერამდენედ ვვარდებით ერთსა და იმავე ორმოში: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თითქმის იგივე ხდებოდა, რაც აფხაზეთის ომის დროს: ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტმა გახარებული სახით ამცნო მაყურებელს „ბრიყვი“ რუსების შესახებ, რომლებმაც წესიერად დამიზნებაც არ იციან:

ჭურვის ჩამოგდების ადგილას დადგა, ზურგსუკან რელიეფის ხედით, ადგილმდებარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ რუსების ჩამოგდებული ჭურვი მთელი 300 მეტრით მარჯვნივ ასცდა სამიზნეს და გზაზე აფეთქდა. პირდაპირი ჩართვა არც კი იყო ხეირიანად დასრულებული, რომ მორიგი აფეთქების ხმა გაისმა: რუსებმა 300 მეტრით მარჯვნივ დაარტყეს...

ის, რაც ლოპოტაში დაწყებული სპეცოპერაციის თითქმის პირველი წუთებიდანვე ხდებოდა ქართულ მედიაში, ალბათ, საქართველოს ექსკლუზივია და მხოლოდ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს: საიტებზე, სოციალურ ქსელებში, პირდაპირ ეთერში ვრცელდებოდა ფოტოები, კადრები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენმანქანიანმა კოლონამ გაიარა ლაფანყურის ცენტრი და გადაუხვია ლოპოტას ხეობისკენ, დაახლოებით რამდენი მებრძოლი იჯდა მანქანის ძარაზე, როგორ იყო შეიარაღებული, გადაჰქონდათ თუ არა ტყვია-წამალი და საბრძოლო მასალები, რამდენი ვერტმფრენი დაფრინავდა ცაზე...

რა თქმა უნდა, „ოპერატიულობაში“ ყველას ბიძინა ივანიშვილის „მეცხრე არხმა“ დაასწრო და პირდაპირ ეთერში სპეცგამოშვებით თითქმის დილის 4 საათზე გავიდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ტელევიზიის მფლობელს ვიღაცამ დაურეკა და ვიზუალური მასალა მოსთხოვა იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზული ძალა იყრიდა თავს ლოპოტას ხეობაში ბოევიკების წინააღმდეგ. ოლიგარქმაც თითები გაატკაცუნა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი ლაფანყურში გამგზავრებულიყო და იქედან ჩართვები ეკეთებინა, მათ შორის - სატელეფონო.

რასაკვირველია, მედიასაშუალებას ვერავინ აუკრძალავს, ოპერატიულად იმოქმედოს და ერთი მხრივ, მისასალმებელიც კია „მეცხრე არხის“ ოპერატიულობა მაშინ, როცა სხვა, მათ შორის, ე.წ. სახელისუფლო არხების პროდიუსერებს ღრმა ძილით ეძინათ, მაგრამ მეორე საკითხია, რა და როგორ გაშუქდა. მოდით, მხოლოდ ციტატები გავიხსენოთ, მთლიანად ეს სპეცგამოშვება კი შეგიძლიათ, მასალას თანდართულ ვიდეოში ნახოთ და დასკვნებიც თავად გააკეთოთ:

ჟურნალისტი ლაფანყურის შესასვლელში მდგარ პოლიციელს:
- რა ძალებია ჩართული ამ სპეცოპერაციაში?

პოლიციელი: - მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, ყველა შეკითხვაზე ის გაგცემთ პასუხს...

ჟურნალისტი: პრესსამსახურს რატომ უნდა მივმართოთ, თქვენ აქ ხართ და გვითხარით...

სხვა ეპიზოდი, ისევ ჟურნალისტი: - რამდენი კილომეტრია სოფელ ლაფანყურამდე, უკაცრავად, გვითხარით? ამაზეც პრესსამსახურს მივმართოთ?

ჟურნალისტი: - რატომ არ უშვებთ ამ ბატონს სახლში, კაცო, რატომ?

მოგვიანებით ეთერი პირდაპირი სატელეფონო ჩართვის რეჟიმში გადავიდა:

ჟურნალისტი: აი, ცაზე ვხედავ ორ ვერტმფრენს...

-ლაფანყური ათმა სამხედრო მანქანამ გაიარა.

ლაფანყურის მკვიდრი: - დაკარგული ბიჭებიდან ერთ-ერთი ჩემი სიძეა და ჩემი თვალით დავინახე, მანქანაში რომ იჯდა. იპოვეს...
ჟურნალისტი: - სად ვიყავიო, რატომ დავიკარგეო?

„მეცხრე არხის“ სპეცგამოშვების წამყვანი, ნათია ლაზაშვილი და სატელეფონო ჩართვა პირდაპირ ეთერში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან:

მთივლიშვილი: - ეს წუთია, ლაფანყურის ცენტრი სამხედრო მანქანებმა გაიარეს...

ლაზაშვილი: - შენ სად დგახარ, ზუსტად შეგიძლია მითხრა?

მთივლიშვილი: - სოფლის ცენტრში.

ლაზაშვილი: - რა იცი, რომ სამხედრო მანქანებია? ნომრები როგორი აქვთ?

მთივლიშვილი: - სწრაფად გაიარეს, ვერ დავინახე...

ისიც დავამატოთ, რომ ლაზაშვილის ამ „უნიკალურ“ შეკითხვამდე რამდენიმე წუთით ადრე „ფეისბუქში“, სადაც სპეცგამოშვებას სტრიმის საშუალებით ადევნებდნენ თვალს, ვიღაცამ იხუმრა, „მეცხრე არხი“ მალე მანქანების ნომრებს იკითხავსო...

მომდევნო დღეებშიც ასე გაგრძელდა: ჟურნალისტები დაუღალავად რეკავდნენ მათ დამქირავებელ მედიასაშუალებებში და გულმოდგინედ დათვლილი სამხედრო მანქანებისა და ცოცხალი ძალის შესახებ ინფორმაციას შესაშური ოპერატიულობით აწვდიდნენ. რედაქტორები არანაკლებ შესაშური ოპერატიულობით აქვეყნებდნენ, ემანდ, კონკურენტებმა არ დაგვასწრონო...

კიდევ კარგი, ლაფანყურის ცენტრიდან სპეცოპერაციის ადგილამდე დაახლოებით ოცი კილომეტრი იყო და გზა ხეობაში გადიოდა, თორემ იქედანაც ვიხილავდით ან მოვისმენდით პირდაპირ ჩართვებს...

და ბოლოს, ინფორმაცია მხოლოდ განსჯისთვის, რომელსაც პოპულარულ ენაზე ახსნილს შემოგთავაზებთ:

აშშ-ში ჯერ კიდევ 1917 და 1918 წელს აიყვანეს კანონის რანგში შესწორებები, რომლითაც ჟურნალისტებს შეზღუდული აქვთ ომის პერიოდში სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის აფიშირება და დაწვრილებითი განხილვა. ამ კანონის დარღვევისთვის ბევრი ჟურნალისტია დასჯილი. Espionage Act of 1917-ის დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი არის 20 წლით პატიმრობა და 10 ათასი დოლარი. ასეთი ქმედება ჟურნალისტის მხრიდან, ფაქტობრივად, სამშობლოს ღალატის ტოლფას ქმედებად ითვლება. კიდევ ერთი Sedition Act of 1918-ის მიხედვით, პრესას ეკრძალება აგრესიული გამონათქვამების გავრცელება (თვითონ პრესის ჟურნალისტების მიერ ასეთი გამონათქვამების გამოყენება, ალბათ, ისევ საქართველოს ექსკლუზივია) სახელმწიფოს, მისი სტრუქტურების მიმართ. აკრძალულია სახელმწიფო სიმბოლოების, სამხედრო და საზღვაო უნიფორმების შეურაცხყოფა. ეს შეზღუდვები ვრცელდება ნებისმიერი საიდუმლო დეტალების შემცველი სამხედრო ან ანტიკრიმინალური ოპერაციის მსვლელობის დროს. აშშ-ის მსგავსად, მსგავსი კანონები მოქმედებს ინგლისში, ინდოეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და გერმანიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100