სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაინდრავას „პოლიტიკური პროსტიტუციის“ კლასიკური ნიმუშები

ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, მოკლედ ვიტყვი: ხელისუფლებას გოგა ხაინდრავას დარი „პოლიტიკოსები“ ოპოზიციაში „ნასედკებად“ ჰყავს შეგზავნილი და ამას უკვე ოპოზიციის ლიდერებიც აღიარებენ – შარშან, 9 აპრილის აქციისას, ჩვენგან ინფორმაცია ჟონავდაო. ოპოზიციის ოციოდე ლიდერს ერთმანეთი ვერ გაუკონტროლებია და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაგვაბარეთ, ქვეყანა უნდა გავაკონტროლოთო – იქაჩებიან.

ახლა ხაინდრავას დავუბრუნდეთ, რომელმაც თავადვე აღიარა პრესით, ყველა სახის ნარკოტიკი გამისინჯავსო. ნარკომანი ან კრიმინალია, ან ავადმყოფი, შუალედი არ არსებობს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეა – ნარკომანებს ან მკურნალობენ, ან იჭერენ. გოგა ხაინდრავა ორჯერ დაიჭირეს „კაიფში“ და ორჯერვე იუარა ნარკოტესტის გავლა – 500 და 1000-ლარიანი ჯარიმები გადაიხადა. თან ეს იმ დროს, როცა ოპოზიცია გაგანია ჩალიჩში იყო – სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ბადრი პატარკაციშვილის მეთაურობით.
ოპოზიციის არცერთ ლიდერს არ გაუპროტესტებია ხაინდრავას უარი ნარკო-ტესტის გავლაზე. მეტიც, ერთ-ერთ ლიდერად გაიხადეს და ნელ-ნელა ჭკუის საკითხავი კაციც გახდა. მეტიც, ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი პოლიტ-პარტნიორი იყო. ახლა კითხულობენ, რატომ ვერ მიაღწია პატარკაციშვილმა საწადელს, რატომ ვერ აჯობა სააკაშვილს და ვერ მოიშორაო.
ხაინდრავასნაირებს რომ დაეყრდნობი, პოლიტპარტნიორად გაიხდი და მეტიც – ლონდონიდან გამოგზავნილი მილიონის გადანაწილებას რომ დაავალებ, რა ხეირს ნახავ კაცი? ამბობენ, ხაინდრავამ ცხონებულ ბადრის გვარიანი ფული მოუტეხა. 2007 წლის ნოემბრის აქციებზე, ხალხის ნაწილისთვის, აქციებზე სიარულის საფასურად, დღიურად 50 ლარი უნდა გადაეხადა გოგას და 30 ლარს უხდიდა, დანარჩენი კი მავანის ვენებში მიდიოდაო, ბადრის ფულზე მოგახსენებთ, ცხადია. აი, ეგეთი „ვაჟკაცია“ გოგა ხაინდრავა.
ახლა ერთ პატარა ისტორიას შეგახსენებთ, რომლის უტყუარობაზეც კარგა ხანია აღარავინ დაობს. და მერე განვსაჯოთ, პატივცემულო მკითხველო, ვინ არის „პუტანკა“. 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ხაინდრავამ ბევრი იჩალიჩა და შევარდნაძის კარზე დაკარგული ნდობა ისევ მოიპოვა. შევარდნაძემ ხაინდრავა თავის საპარლამენტო სიაში ჩასვა, თანაც პირველ ოცეულში. დეპუტატობა გავინაღდეო, იფიქრა ხაინდრავამ და შევარდნაძის ბლოკის მაჟორიტარის, ზურაბ ბიბილეიშვილის შტაბის უფროსობაც ითავა – ბიბილეიშვილი მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს. მოულოდნელად, ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა ხაინდრავას. ჟვანიამ თვალი აუხილა – რა დროს შევარდნაძეა, წასულია მაგის საქმე და მე დამიდექი, ჩემს ბლოკს – „ბურჯანაძე-დემოკრატებს“ დაეხმარეო.
ცოტა მეტს დაჰპირდა, ვიდრე უბრალო დეპუტატობაა და ხაინდრავამაც მეორე დღესვე უკრა წიხლი შევარდნაძის ბლოკის საპარლამენტო სიას. ბიბილეიშვილის შტაბი ისე მიატოვა, არც გაუფრთხილებია კაცი და შევარდნაძის მაქებარი და მეხოტბე ოპოზიციაში გადაბარგდა. შევარდნაძისა და მისი გუნდის ლანძღვაში სააკაშვილს, ბოკერიას, ოქრუაშვილსა და თინა ხიდაშელს ეჯიბრებოდა. მიიღო კიდეც საფასური. რევოლუციის მერე კონფლიქტების მინისტრად დაინიშნა. აი, ხაინდრავას ეს საქციელია სწორედ „პოლიტიკური პროსტიტუციის“ კლასიკური ნიმუში.
მისი მინისტრობისას ჯერ ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა ხაინდრავას დაჭერას, მერე მერაბიშვილი, მაგრამ ჟვანია ორივეს აჩერებდა. ამბობენ, ოქრუაშვილს უტყუარი მტკიცებულებები გააჩნდა, რომ ხაინდრავა ცხინვალიდან „სუბოტექსს“ ეზიდებოდა, დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდა (შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებზე სწორედ მინისტრი – დიპლომატის სტატუსით ჩადიოდა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში) და არც რუსი „სამშვიდობოები“ და არც ქართულ-ოსური პოსტების ჯარისკაცები არ აჩერებდნენ და არ ჩხრეკდნენო. იმასაც ამბობენ, ნარკოტიკების რეალიზაციით ბლომად ფული იშოვა ხაინდრავამო. ისევ ოქრუაშვილმა შეიწირა, სისხლის სამართლის საქმე სულ სხვა საქმეზე აღუძრა და ვიდრე დაიჭერდნენ, გამოასწრო ხაინდრავამ ოპოზიციაში.

პატრიოტობაზე დებს ხაინდრავა თავს, მაგრამ რაც პარიზში იკადრა, რა ჰქვია, მკითხველმა განსაჯოს. პარიზში, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დაფინანსებით, ფოტოგამოფენა გაიმართა. აღნიშნული ფოტოგამოფენა ეთნო და სხვა სახის კონფლიქტების თემას ეძღვნებოდა, ცხადია, ამ კონფლიქტების მსხვერპლთ – დაზარალებულ და დახოცილ მოსახლეობას. ხაინდრავამაც მიიღო მონაწილეობა, გამოფინა თავისი ფოტონამუშევრები და არ იცით, რა იკადრა? ოსების მიერ დიდი ლიახვის სოფლებიდან დევნილი ქართველი მოსახლეობა ოსებად, ოსებისა და დაქირავებული რუსი მებრძოლების მიერ 90-იანი წლების დასაწყისში ჩახოცილი ქართველი ვაჟკაცები, მათი დამწვარ-გადაბუგული სახლები ქართველების მიერ დახოცილ ოსებად გაასაღა, ქართველების გადამწვარი – ოსების ნასახლარად გაასაღა და მთელი ევროპა ააქვითინა ოსების საცოდაობით, ქართველებს კი სულ ბარბაროსებსა და კაციჭამიებს ეძახდნენ ამ გამოფენის დამთვალიერებლები და ჟურნალისტები.
სხვათა შორის, ფართოდ გაშუქდა ეს გამოფენა ევროპულ მედიაში და დღეს, თუ ვინმეს ევროპაში ოსებთან ქართველები მტყუანი ჰგონია, ამაში ხაინდრავამ დიდი წვლილი შეიტანა თავის დროზე. ფეხებზე არ ეკიდა საქართველოს იმიჯი – ჰონორარი ჩაიჯიბა და წამოვიდა. მერე სწყინს, რუსეთის აგენტს რატომ მეძახიანო.
გოგა ხაინდრავა ხალხს ხომ ატყუებს და ატყუებს და, არც მეტი, არც ნაკლები, პატრიარქიც მოატყუა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, – „გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭოს“ ლიდერები პარლამენტის წინ შიმშილობდნენ, „ახალი მემარჯვენეები“ – პარლამენტში.
შიმშილობის დაწყებისთანავე პატრიარქმა მოუწოდა მათ – შიმშილობა არ არის ქრისტიანული გზა და საშუალება პრობლემის გადაჭრისა და შეწყვიტეთო, მაგრამ ყური არ უგდეს უწმინდესს. ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ ხელისუფლება არაფერს თმობდა და შიმშილობით ვერაფერს მიაღწიეს, ერთადერთი გამოსავალიღა რჩებოდა – როგორმე ღირსეულად უნდა შეეწყვიტათ შიმშილობა, რათა ხალხის თვალში ღირსება საერთოდ არ დაეკარგათ. ეროვნული საბჭოს კრებაზე გადაწყდა, რომ პატრიარქისთვის მიემართათ. პატრიარქი მოუწოდებდა მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, ისინიც შეწყვეტდნენ და იტყოდნენ – რაღა უნდა გვექნა – უწმინდესის ნებას წინ ვერ აღვუდექითო (არადა, შიმშილობის დაწყებისას პატრიარქის ნება და მოწოდება არაფრად ჩააგდეს. ამათთვის ეკლესია, რელიგია, მღვდელმთავრებიც და პატრიარქიც საშუალებაა მიზნის მისაღწევად). მოკლედ, ფარსი უნდა გაეთამაშებინათ. კრებაზე გადაწყდა, რომ პატრიარქს გოგა ხაინდრავა და ფიქრია ჩიხრაძე უნდა ხლებოდნენ.
მეორე დღეს, დილის 9 საათზე ეახლნენ ორივენი უწმინდესს საპატრიარქოში, უამბეს თავიანთი თუ სხვათა გასაჭირზე და სთხოვეს, სხვა გზა არ არის, ამ უხერხული სიტუაციიდან თქვენ უნდა გამოგვიყვანოთო. საქმე ადამიანების გაუარესებულ ჯანმრთელობას ეხებოდა, იქნებ, სიცოცხლესაც (პოლიტლიდერების გარდა, მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის ათეულობით მხარდამჭერიც შიმშილობდა). უწმინდესმა უთხრა, ოღონდ შეწყვიტეთ შიმშილობა, ახლავე წამოვალო და ყველას მოვუწოდებ ამისკენო. ჩიხრაძემ და ხაინდრავამ სთხოვეს – საღამოს მობრძანდით და საქვეყნოდ მოგვიწოდეთ, ტელეკამერებიც იქნება და ხალხი გაიგებს, რომ თქვენს სურვილს დავემორჩილეთ და ჩვენი ღირსება და პოლიტიკური კაპიტალიც გადარჩებაო.
ილია II უთხრა, რომ საღამოს 6 საათზე მივიდოდა მთავრობის სახლთან. ჩიხრაძე და ხაიდრავა დაბრუნდნენ მოშიმშილეებთან და უამბეს ყველაფერი. ამ დროს, ოპოზიციის ყველა მოშიმშილე და არამოშიმშილე ლიდერმა იცოდა, რომ 6 საათისათვის აქცია შეწყდებოდა. სადღაც 3 საათი იქნებოდა, ზვიად ძიძიგური რომ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გააქანეს. ამ დროს ტრიბუნაზე ხაინდრავა ავიდა, მიკროფონი დაითრია და ხალხს ომახიანად მიმართა – ზვიადმა ვაჟკაცურად იშიმშილა, მაგრამ მისი კარავი ცარიელი არ იქნება, მე ჩავენაცვლები ძიძიგურს, მე ვიწყებ ახლა შიმშილობასო. მართლაც, გოგა ხაინდრავა შევიდა ძიძიგურის კარავში და „შიმშილობა“ დაიწყო. 6 საათზე მობრძანდა მისი უწმინდესობა, მოშიმშილეებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ყველა მოშიმშილესთან მივიდა და საკუთარი ხელით სეფისკვერი უწილადა. არ გაინტერესებთ, პირველი ვინ მიეახლა პატრიარქს? – გოგა ხაინდრავა! დილით საპატრიარქოში იყო და შიმშილობის აქციის ღირსეულად შეწყვეტა სთხოვა უწმინდესს, საღამოს – მოშიმშილედ დახვდა. არადა, 3 საათი „იშიმშილა“. ეს იმაზე ნაკლები დროა, ვიდრე სადილობიდან ვახშმამდე – ასე, ყოველდღე შიმშილობს ხალხი. აი, ასეთი ფარისეველია გოგა ხაინდრავა.
ცხინვალში, მინისტრობის დროს, კონფლიქტის თაობაზე „მოსალაპარაკებლად“ ჩასულ ხაინდრავას ბორის ჩოჩიევის კაბინეტში „პერედოზიროვკა“ რომ დაემართა და დუჟმორეული... ორმაგი დოზით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრმა სიკვდილს გადაარჩინა, ეს ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი, ერგნეთის საგუშაგოსთან, რუსმა „სამშვიდობოებმა“ 700 აბი სუბოტექსით რომ დაიჭირეს ცხინვალიდან მომავალი და ზურაბ ჟვანიამ გააშვებინა, ამაზე „დრონი.ჯი“ უკვე წერდა, ამიტომ ამ შემზარავ ისტორიებზე ყურადღება აღარ გავამახვილეთ.
აი, ვინ იჩემებს ოპოზიციის ლიდერობას, ვინ გვყავდა ორგზის მინისტრად და ვინ ეშურება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. მერე უკვირთ, ოპოზიცია რად გაფარჩაკდაო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100