გაინტერესებთ, როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგა?
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგა.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებით, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენმა პირმა ვერ შეძლო ამ ხნის განმავლობაში ხელფასის აღება.
„მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, რომელსაც აქვს ხელფასი და ასეთი სახის გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი. ამის შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა მოცულობის თანხა იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად. შემდეგ შევძლებთ ამ პაკეტის გაჟღერებას და პროგნოზის გაკეთებას. ამიტომ არ ვსაუბრობთ, ვის უნდა მიმართოს ასეთმა ადამიანმა. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და შევძლებთ შეფასებას, თუ რა ფინანსური რესურსი უნდა გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადაიანისთვის რა სახის კომპენსაცია შეგვიძლია განვსაზღვროთ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
კომენტარი