სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკუთარი მხრებით სკოლის მომტანი ქალბატონი

ასჯერ მაინც მოვაყოლეთ ,,ახლებმა” ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველაზე ხანდაზმულ პედაგოგს, ანა ლომიძეს, როგორ მოხვდა შორეულ სოფელ გეზრულში.

,,როცა მხარბეჭიან ვაჟკაცს შევხედე, მომეწონა. თან ჩემმა მშობლებმა როცა ჰკითხეს, საქორწინო ნიშნად რა მოგიტანიაო, მან ჯიბიდან გაზეთში გადახვეული შეკვრა ამოაძრო და თქვა: ,,თან ნიშანი არ მაქვს, ეს ფულის შეკვრაა და ამით მისი სურვილის მიხედვით ვიყიდი.” ომი ახალი დასრულებული იყო და ფულიანობამაც კიდევ უფრო მომხიბლა, არადა მერე გავარკვიე, რომ სულ თოთხმეტი მანეთიანი ყოფილა, იმდენად დაძენძილი, რომ არა გაზეთის შემოხვევა, ნაწილებად დაიშლებოდა გაქუცული ფული.”

ქართულ ბუნებას რა ვუთხარი, თორემ მიხეილ შეყილაძეს რა ჰქონდა გამოსაკითხი? მეორე მსოფლიო ომის გადამტან ორმეტრიან ვაჟკაცს, რომელსაც უმაღლესი განათლებაც ჰქონდა, და იმ დროისათვის სასწაულად ითვლებოდა, როცა კაცმა იცოდა რუსული, გერმანული და ინგლისური ენები. სოფლის ერთი უპირობო ლიდერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. ხმა ისეთი ჰქონდა, ყველას მისი მოსმენა სურდა, სასიამოვნო ბარიტონით სუფრებსაც კარგად უძღვებოდა და გაკვეთილების დროსაც ზომიერების მუდამ დამცველი.

არც ანა გახლდათ წუთისოფლის მაჩანჩალა, იმდროისათვის შესაშური განათლება მიიღო: ჯერ დაწყებითი კლასების მასწავლებლობის უფლება მოიპოვა საჩხერის პედაგოგიურ სასწავლებელში, მერე გეოგრაფიის და ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტები დაასრულა წარმატებით თბილისში.

,,სოფელში მოყვანილ პატარძალს დედამთილმა, რაც ყველაზე დიდი ,,სანახაობა” იყო, ის მაჩვენა - მდინარის ხეობაში ჩადგმული წისქვილი, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე სოფელს, ძალიან დიდი გასაჭირიც გადავიტანეთ ერთად მე და ჩემმა ოჯახმა. თითქმის ყოველდღიურ ულუფას შეადგენდა პურის ფქვილის ფაფა, რომელსაც მჭადით ვჭამდით, ახლა რომ წუწუნებენ, რომ გაჭირვებაა, ის ყოფილა გაჭირვება და არა ახლანდელი ცხოვრება”,- გვითხრა ერთხელ ანამ.

ისევ საქორწინო ნიშანს მინდა მივუბრუნდე, მართალია იმ მანეთებით ვერ იყიდდა საქორწინო ბეჭედს, მაგრამ მერე დროც და წუთისოფელიც სასიკეთოდ შეიცვალა და ანამ ოქროს ნივთები მაინც არ იყიდა... მისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა ოჯახი და სკოლა იყო.

მალე ანას 68 წლის პედაგოგიური სტაჟი შეუსრულდება, მაგრამ გასაოცარია მისი შემართება და პუნქტუალობა. თითქმის არასდროს გაუცდენია გაკვეთილი, თვალებშიც კარგად იხედება და სმენასაც არ უჩივის. სიარულით კი ახლაც გაეჯიბრება ნებისმიერს, ასაკით ბევრად უმცროსს. ხოხობივით ყოველ დილით მოგოგმანდება სკოლაში, ხანდახან ახლებს გადაგვიმათრახებს ჭკუის დარიგებით, უფრო მეტად კი თანამშრომლებსა და მეზობლებზე ჩუმად მიხმარება უყვარს. არც უნდა თხოვნა, თუ ჯიბეში უდევს ფული, გაასესხებს, გააჩუქებს კიდეც. ნასკოლევს თანამშრომლებსაც ,,შეგვიტყუებს” ხოლმე სახლში, წარმოუდგენელი ენერგიით სამზარეულოში დატრიალდება და გულუხვად მასპინძლობს ყველას.

-ანა მასწ, შენ ლომიძეების არაფერი გცხია, დედაშენის წერეთლური სისხლი არის მანდ ,,დამნაშავე,” რომ არ გვიბერდები-მეთქი. შენ არ გაქრიო, - მეტყვის და თავის ნაწილობრივ არისტოკრატიულ წარმომავლობას საგულდაგულოდ მიჩქმალავს. 80 წლის როცა ხდებოდა, სკოლაში გადავუხადეთ დიდი საიუბილეო ღონისძიება, მაშინ ანა ძალიან ბედნიერად და ლამაზად გამოიყურებოდა, ახარებდა თავისი გაზრდილი თაობების თბილი სიტყვები და რაიონიდან მოსულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერაფრით დაიჯერეს, რომ მათ წინ იდგა 1923 წელს დაბადებული ადამიანი. მაშინ, როცა ანა 80 წლის გახდა, მისი ყველაზე უფროსი მოსწავლე 75 წლის გახლდათ და მისგან მიძღვნილმა ტიტების თაიგულმა კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა ის დღე.

იუბილე ჩემ მიერ იყო ორგანიზებული და სულ ბოლოს ქალბატონმა ანამ ასე გამოაცხადა: იმდენად გამახარეთ, რომ მე ჩემი მხრიდან ვალდებულებას ვიღებ, როლანდს 80 წლის იუბილე მე უნდა მოვუწყოო. ამით მის იუმორის გრძნობას გავუსვი ხაზი მხოლოდ.

ცოდვა გამხელილი სჯობსო, უთქვამთ, და აქვე დავამატებ: ანა ჩემთვის ბევრად უკეთესი იყო, როგორც მასწავლებელი, ვიდრე კოლეგა. მახსენდება, როგორი შემართებით და სიყვარულით გვასწავლიდა ქიმიასა და ბიოლოგიას. კლასში ყველა მოსწავლე პატივისცემით ეპყრობოდა და ეპყრობა ახლაც... მიუხედავად ასაკისა, ახლაც ყოველ შაბათს მოსწავლეები სახლში მიუდის და დამატებით მეცადონეობას უტარებს, ბუნებრივია, სრულიად უფასოდ...

დღესაც და მომავალშიც, მერწმუნეთ, სკოლაში რომ დამჭირდეს გვერდით ყველაზე საიმედო და უღალატო თანამშრომელი, უკეთესს ნაკლებად მოვიძიებ, ალბათ.

ქალბატონო ანა მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია. სულ ბოლოს ის ღირსების ორდენის კავალერიც გახდა.

სწორედ ამ ქალის მხრებით არის მოტანილი ის სკოლა, რომელშიც ჩემი ცხოვრების 36 წლიდან 30 წელი გამიტარებია როგორც მოსწავლეს და მერე მასწავლებელს.

მადლობას გიცხადებ, ანიკო მასწ, ამის გამო!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100