მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ საჭიროა ხუდონის მშნებლობის დასრულება
ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებასა თუ მედიაში განსაკუთრებული აჟიოტაჟია ატეხილი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
საზოგადოების და სპეციალისტების გარკვეული ნაწილი პროექტს საკმაოდ დადებითად აფასებს და თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის ხსენებულ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. გარემოსდამცველების მცირე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სვანეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება.
თუმცა, პროექტის შესახებ მოსაზრებები ერთგვაროვანია, რომ ხუდონის მშენებლობა საქართველოს ენერგეტიკისთვის საბაზისო პროექტია. ამ რესურსების ათვისების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა, ხოლო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ემილ წერეთელი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ხუდონის მშენებლობის შედეგად მიღებული ენერგოდამოუკიდებლობა?
მიმაჩნია, რომ საქართველოში ჰიდროელექტრორესურსების გამოყენება მინიმალურია, არადა, ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. სწორედ ამიტომ ენერგომატარებლები, ჩვენს შემთხვევაში ჰიდროელექტრორესურსები, მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული. ჯერ კიდევ 80–იან წლებში, როდესაც დაიწყო ხუდონის მშენებლობა, მისი შეჩერების მოთხოვნით ეროვნულმა მოძრაობამ აქტიური კამპანია წამოიწყო. მე მაშინაც გეოლოგიურ სამსახურში ვმუშაობდი და ვამბობდი, რომ ხუდონის მშენებლობა მიზანშეწონილია რამდენიმე გარემოების გამო. პირველი ის, რომ მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა და თუ მოხდებოდა მშენებლობის კონსერვაცია, ეკოლოგიურად ვერ დავიცავდით სვანეთს. მეორე საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ სვანეთი გეოლოგიურად ძალიან კარგი ადგილია, ღრმა ხეობაა და მიწის ნაკლები რესურსი გაიხარჯება და მესამე - თუ ჩვენ გვექნებოდა ხუდონი, გაიზრდებოდა ენგურჰესის ელექტროგამომუშავებაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ საჭიროა ხუდონის მშნებლობის დასრულება. მოგვიანებით ზურაბ ჟვანიამ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ამბობდა, რომ ეს ახალგაზრდობით მოუვიდა, რადგან კარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული პროექტის მნიშვნელობა.
- საქართველოს სჭირდება მეტი ელექტროენერგია, ამისთვის კი აუცილებელია ჰიდრორესურსების გამოყენება.
- რა თქმა უნდა, რაც გვაქვს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს ძალიან მცირე რაოდენობის ჰიდრორესურსია ათვისებული. თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ყოველმხრივ შესწავლილი და გაანალიზებული ეკოლოგიურად, გეოლოგიურად, ეკონომიკურად და სოციალურად.
- დღეს ბევრს საუბრობენ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, სვანეთის დატბორვაზე. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
- დაიტბორება მხოლოდ ის არეალი, რომელსაც კაშხალი მოიცავს. რელიეფი პირდაპირ განსაზღვრავს იმ ზონას, რომელიც უნდა დაიტბოროს. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიცვლება კლიმატი, მე გარემოს ზემოქმედებაზე შემსწავლელი საკითხების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ გამორიცხულია, რომ ამ წყალსაცავმა რაიმე ცვლილება მოახდინოს სვანეთის კლიმატზე. ყოველი წყალსაცავის მშენებლობა მცირე ცვლილებას იწვევს ლოკალურად, გლობალური და რეგიონალური ცვლილება კი გამორიცხულია.
კომენტარი